ინგუშეთში სახალხო მღელვარება თავიდან იწყება

ინგუშეთში სახალხო მღელვარება თავიდან იწყება

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასობრივი საპროტესტო აქციები, როგორც ჩანს, ხელახლა დაიწყო. მოსახლეობა ჩეჩნეთთან საზღვრის შეცვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა რესპუბლიკის ლიდერის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადაადგომას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მოთხოვნებით სახალხო მღელვარებები ინგუშეთში შარშან შემოდიმაზეც იყო, თუმცა მაშინ გამოსვლები მშვიდობიანად დასრულდა.

მომიტინგეთა წარმომადგენელი, პარტია „იაბლოკოს" ინგუშეთის დეპარტამენტის თავმჯდომარე რუსლან მუცოლგოვი აცხადებს, რომ საკუთარი მიზნის მიღწევამდე ხალხი ქალაქის მთავარ მოედანზე დარჩება და ამჯერად უკან აღარ დაიხევს.

ტელერადიოკომპანია „ინგუშეტიას" წინ 20 000 ადამიანია შეკრებილი, რომელიც აპროტესტებს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერების გარიგებას რესპუბლიკის საზღვრებთან დაკავშირებით. კერძოდ, პრეზიდენტის გადაგომის გარდა, აქტივისტები მოითხოვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და რეფერენდუმის აკრძალვის მოხსნას:

„ორგანიზატორებმა გამოაცხადეს (მომიტინგეთა) მოთხოვნები: 26 სექტემბერს მიღებული შეთანხმების გაუქმება, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადაგომა და რეპრესირებული ერების რეაბილიტაციის შესახებ მიღებული კანონის სრული მასშტაბით შესრულება.

„მიტინგის დასაწყისში გაიჟღერა კითხვამ რესპუბლიკის ლიდერისადმი ნდობის შესახებ. ხალხმა ერთხმად ხმა მისცა იმას, რომ არ ენდობიან პრეზიდენტს.

„ახლა კიდევ დაემატა მოთხოვნები: რესპუბლიკის ლიდერის პირდაპირი არჩევნების დაბრუნება. ასევე, ეროვნული კრებისა და ორგანოების მუნიციპალური წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევის შერეული სისტემის შემოღება.

„ხალხი სერიოზულადაა განწყობილი. იმ შემთხვევაში, თუ აქციის მოთხოვნები შესრულდება, მაშინ, როგორც კი შეასრულებენ, წავალთ მოედნიდან. მაგრამ ხალხი ბოლომდე დგომას აპირებს, იქამდე, სანამ მოსახლეობის მოთხოვნები არ შესრულდება", - განაცხადა რუსლან მუცოლგოვმა.

აღსანიშნავია, რომ ინგუშეთის მოსახლეობის მიერ ორგანიზებული მიტინგი სახელმწიფო სტრუქტურებთან ოფიციალურად იყო შეთანხმებული, მაგრამ უფლებადამცველი მაგომედ მუცოლგოვი აცხადებს, რომ მომიტინგეები გარშემორტყმულები არიან პოლიციელებით:

„(მობილური ინტერნეტი) მაინც გათიშეს. აქციის ადგილი გარშემორტყმულია პოლიციელებით, ხოლო მაღალსართულიან შენობებზე კი სნაიპერები განლაგდნენ", -განაცხადა თავის ინტერნეტ ბლოგში უფლებადამცველმა მაგომედ მუცოლგოვმა.

შეგახსენებთ, რომ ინგიშეთის მოსახლეობა ითხოვს ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ძველი საზღვრის აღდგენას, რადგან, აქტივისტების მტკიცებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ინგუში ხალხი შეცდომაში შეიყვანა და ასე გადასცა ჩეჩნეთს ინგუშური მიწების ნაწილი.