უხელფასობა და მწვავე პროტესტი „ელმავალმშენებელში“

უხელფასობა და მწვავე პროტესტი „ელმავალმშენებელში“

ბოლო რამდენიმე დღეა „ელმავალმშენებელი“ ქარხანა საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. მიზეზი, ისევე როგორც ყველგან, სახელფასო დავალინება და სამუშაო პირობების უქონლობაა. გამუდმებულმა აქციებმა შედეგი მოგვიანებით, მაგრამ მაინც გამოიღო. ქარხნის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დავალინებას დაფარავს.

გუშინ უხელფასოდ დარჩენილმა თანამშრომლებმა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად ქარხნის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და ადმინისტრაციას სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. პროტესტის მონაწილეებმა ღამე „ელმავალმშენებელი“ ქარხნის წინ გაათენეს.

ქარხნის თანამშრომლები და პროფკავშირები უკვე რამდენიმე კვირაა აქციებს პერიოდულად მართავენ, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა აქცია 24-საათიანი რეჟიმით მომდინარეობდა.

5 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმებულებს წაუკითხა სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ უცხოელი მეპატრონის, კომპანია „ლოგო ტრანს კომპანისაგან“ მიღებული წერილი, რომლის თანახმად, სახელფასო დავალიანების დაფარვა ორი კვირის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო.

პირობის შეუსრულებლობის გამო, ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულებმა პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქცია 19 მარტიდან განაახლეს და საწარმოს შესასვლელი დაბლოკეს.

ელმავალმშენებელში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 600-700 ლარია, რაც სხვა მსგავსი ტიპის სამუშაოსთან შედარებით მცირე ანაზღაურად ითვლება.

ქარხნის ადმინისტრაცია დავალიანების მიზეზად ასახელებს მცირე მოცულობის შეკვეთებს და უცხოელი კონტრაქტორის დავალიანებას. ამიტომ ბოლო პერიოდში კომპანიის ადმინისტრაციამ ვეღარ მოახერხა ფინანსური ვალდებულებების შესრულება, თუმცა არც თანამშრომლებთან დაუდია სიტუაციის გამოსწორების პირობა. სწორედ ამიტომაც მუშა-მოსამსახურეებმა საპროტესტო აქციები მოიშველიეს, რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ შედეგი მაინც გამოიღო.

პარასკევს დღის ბოლოს „ელმავალმშენებლის“ ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მივიდა. მან გაფიცულებს განუცხადა, რომ ქარხანას უკვე შეუძლია სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა და თუ არ გადარიცხავენ თანხას, პროფკავშირების მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება.

„ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი. ჩემთვის ცნობილია, რომ ქარხანას შეუძლია ის სახელფასო დავალიანება, რასაც ამდენი ხანია ითხოვენ აქ დასაქმებული ადამიანები, გასცეს. თუ ამ ხელფასების გაცემას არ მოახდენს ადმინისტრაცია, ეს იქნება ხალხის ნერვებზე თამაში და ამას პროფკავშირების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვება“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ქარხანაში ახალი ინვესტორი შევა და უკვე არის შესაბამისი კონტრაქტები იმის შესახებ, რომ ქარხანა ამუშავდება. გაფიცული თანამშრომლები პირობის შესრულებას დაელოდებიან, წინააღემდეგ შემთხვევაში პროტესტის უფრო მწვავე ფორმებზე გადავლენ.

სოციალისტი ღმერთო დიდებულო, ყოვლად ძლიერო, დალახვრე, აღგავე პირისაგან-მიწისა, გაფანტე სამუდამო უხსოვარ წარსულში ლიბერალ დემოკრატიული იდეა, შემუსრე ეს ეშმაკის საავტორო ქადაგება!
5 წლის უკან
თბილისელი აფსუს?! დრო იყო გუგუნებდა ელმავალმშენებელი.
ჭიანჭველებივით ფუსფუსებდა მთელი ქარხანა. უსაქმოდ არ იდგა ერთ წუთითაც კი ერთი კაცი. ყველა წუთი და წამი იყო გათვლილი და დღეს კი რა ხდება.
ხელფასების თვეობით დაგვიანება კი არა ბინების რიგს არ აგვიანდებოდა.
პანტაპუნტით აძლევდა ქარხანა ყველას. მარტო 15 წელიწადში რაც მე მახსოვს მისი მუშა-მოსამსახურეების 90 % იყო უკვე დაკმაყოფილებული.
მხოლოდ ეგ იყო ქართველებზე წინ სხვა დანარჩენებს რო აძლევდნენ,თან ორ ორს და სამსამს და ქართველებს მერე.
5 წლის უკან