თუ საქართველოს მოქალაქე შემოსავლის 10%-ზე მეტს აზარტულ თამაშებზე ხარჯავს, ბანკი სესხს არ მისცემს. ასეთი შემთხვევების გვერდის ავლის მიზნით აზარტულმა ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები გამოუშვა, სადაც ინფორმაცია ყველასათვის სრულიად დაფარულია.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ხშირად აკეთებენ იმ მიზეზების მონიტორინგს - თუ რატომ არ უმტკიცდება მოქალაქეს სესხი, მით უმეტეს, რომ რეგულაციების ფონზე საკმაოდ გახშირებულია შემთხვევები, როდესაც ადამიანს უარს ეუბნებიან. გამოიკვეთა, რომ მოიმატა შემთხვევებმა, როდესაც ადამიანებს უარი იმის გამო უთხრეს, რომ მათ აღენიშნებოდა გარკვეული ბრუნვა, რომელიც დაკავშირებული იყო აზარტული თაამაშების კომპანიებთან.
„ეს ხდება ბოლო პერიოდში, მაგრამ ბანკების პოლიტიკა ამ მიმართულებით მანამდეც საკმაოდ კონსერვატიული და მკაცრი იყო. იმ მსესხებლებს, რომელთაც შემოსავლის 10%-ზე მეტი უფიქსირდებათ ბრუნვა ტოტალიზატორში ან ინტერნეტკაზინოში, მათ, როგორც წესი, უარს ეუბნებოდნენ, რადგან ეს არის სარისკო მსესხებელი კომერციული ბანკისთვის. თვითონ ბანკის თანამშრომლისთვის კი სულ აკრძალულია რაიმე კავშირი სათამაშო ბიზნესთან, რადგან ესეც რისკს წარმოადგენს“, - აღნიშნა კეპულაძემ.
მაგრამ ახლა აზარტულმა ბიზნესმა თავისებურ გამოსავალს მიაგნო. შედეგად კი კეპულაძის განცხადებით, ქართულმა სათამაშო ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია და არ ჩანს საბანკო ამონაწერებში. აზარტულმა ბიზნესმა, რომელიც ფაქტობრივად დარეგულირებულია, კიდევ ერთი ახალი სქემა შექმნა ავტონომიურობისათვის. საუბარია საკუთარი პლასტიკური ბარათების გამოშვებაზე, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია.
„კომერციული ბანკები კაზინოში მოთამაშეებს ნდობით არც აქამდე ეპყრობოდნენ, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით გამკაცრდა მათი პოლიტიკა და რა მოიფიქრა ქართულმა სათამაშო ბიზნესმა? შექმნეს საკუთარი პლასტიკური ბარათები, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია და არ ჩანს საბანკო ამონაწერებში.
ბარათებს შესაბამისი სახელებიც მოუფიქრეს: უხილავი, ინკოგნიტო, ზერო და ა.შ. მათი რეკლამირებისას მთავარი, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ, არის კონფიდენციალობა და საბანკო ამონაწერებში არასახვა. ეს ყველაფერი გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, გაზრდის რისკს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად“, - აღნიშნავს კეპულაძე.
ახალი სისტემის შექმნაში გაცილებით დიდ პრობლემას ხედავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე. იგი ამბობს, რომ ფულის გათეთრების საფრთხე უფრო რეალური გახდა და კონტროლის მექანიზმი აღარ არსებობს.
„ბარათების შექმნა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების უკონტროლობა ამ ქვეყანაში სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეკონომიკას. ამ სექტორმა თავის თავზე აიღო გადარიცხვების ფუნქციაც, რაც საბანკო სისტემის მოვალეობაა.
ბოლო რამდენიმე წელია, საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს სისტემა შეიცავს ფულის გათეთრების სერიოზულ საფრთხეს, არალეგალურ ტრანზაქციებს. უნდა გავიაზროთ, როცა არ კონტროლდება გადარიცხვა, რომელიც ხორციელდება აზარტული თამაშებით, იზრდება ფულის გათეთრების შესაძლებლობა.
ახლა ყველაფერი სახელმწიფოს ხელშია. სიმართლე გითხრათ, აღარ მაქვს იმედი, რომ ამ კუთხით ვინმე რეალურ რეგულაციას შეიმუშავებს“, - განაცხადა კუკულძემ.