რას მოელიან აშშ-ის მომავალი პრეზიდენტისაგან სტობენვილის მცხოვრებლები

რას მოელიან აშშ-ის მომავალი პრეზიდენტისაგან სტობენვილის მცხოვრებლები

ათეულობით მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ მეტოქე მიტ რომნის შორის გამართულ დებატებს. ჩვენი კოლეგა რიჩარდ სოლაში დებატების დროს იმყოფებოდა ოჰაიოს შტატის ქალაქ სტობენვილში, პოლიტიკური სიმპათიების თვალსაზრისით ორად გაყოფილ ქალაქში, რომლის მცხოვრებლები მთავარ პრობლემად ჯანდაცვას და უმუშევრობას მიიჩნევენ.

სპორტულ ბარ „ფრეილიკსში“ 3 ოქტომბერს, ჩვეულებრივ, ხალხმრავლობა იყო, თუმცა ეკრანებზე არა სპორტულ ღონისძიებას, არამედ საპრეზიდენტო კანდიდატების პირველ დებატებს ადევნებდნენ თვალს. როგორც კანდიდატებს შორის, ისე რესტორანში მყოფთა განხილვის თემა იყო, როგორ უმკლავდება ობამას ადმინისტრაცია საფინანსო კრიზისს, რომელმაც 2000 წლის ბოლოსათვის იჩინა თავი. როდესაც მიტ რომნი შეტევაზე გადავიდა, ტრეის ჯეკსონმა, 42 წლის მზარეულმა, ჩაილაპარაკა, რომ ობამას უნდა მიეცეს შანსი შეამციროს უმუშევრობა და ქვეყნის ფინანსური დეფიციტი:
 „ნამდვილად ვფიქრობ, რომ მას უნდა მიეცეს შანსი. ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა ჩვენ ღრმა ორმოში ჩაგვყარა, ხოლო ობამა ცდილობს გამოასწოროს საქმე. მათ ობამას შანსი უნდა მისცენ.“

ბრენდი ჰაინსი კი, 34 წლის ბარმენი, ფიქრობს, რომ ფინანსური კრიზისის პირობებში საჭიროა შემუშავდეს ახალი პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება მცირე ბიზნესს დააფინანსოს დაქირავებულთა ჯანმრთელობის დაცვა:

 „თუ თქვენ დაბალშემოსავლიანი სამსახური გაქვთ, ხელისუფლება უნდა დაეხმაროს კომპანიებს, რომ უზრუნველყონ ჯანმრთელობის დაცვა. მე ამის მტკიცედ მჯერა. არსებითად, სწორედ ეს დაეხმარება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ჯანდაცვაზე ზრუნვა თავადვე უწევთ.“

ბრენდი ჰაინსი, ერთ-ერთი იმ 49 მილიონ ამერიკელთაგან, რომელთაც დაბალშემოსავლიანი სამსახური აქვთ, სკეპტიკურად არის განწყობილი ბარაკ ობამას დაპირების მიმართ, რომ ის ჯანდაცვის სისტემას გააუმჯობესებს, და ამბობს, რომ ხმას, ალბათ, რომნის მისცემს.

ჯილ უოტკინსი კი, 37 წლის სალონის მფლობელი, განცვიფრებულია იმით, რომ დებატების დროს არც ერთ კანდიდატს არ უხსენებია ქალთა ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები. თუმცა ახალგაზრდა მცირე ბიზნესმენ ქალს უფრო ობამას იმედი აქვს, ვიდრე მიტ რომნისა, რომელიც აპირებს შეზღუდოს ქალთა უფლება აბორტის გაკეთებაზე:

„თუ რესპუბლიკელები მოვლენ, მაშინ ისინი დაიწყებენ რაღაცების შემცირებას. ამიტომ, თუკი არ კეთდება აბორტი და, ამავე დროს, არ არსებობს არანაირი დახმარება ქალებისათვის, თუ იბრძვით არსებობისათვის ან მხედველობის პრობლემა გაქვთ და თავად არ შეგიძლიათ იმის გაკეთება, რაც გესაჭიროებათ, მაშინ თქვენ ნამდვილად კარგი არაფერი გელოდებათ. ვფიქრობ, ქალებმა თავადვე უნდა გააკეთონ არჩევანი და უნდა არსებობდეს მათი გარკვეული ჩართულობა პოლიტიკაში.“

ასეთია, მოკლედ, ოჰაიოს შტატის ქალაქ სტობენვილის მცხოვრებთა მოსაზრებები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა პირველ დებატებთან დაკავშირებით. როგორც ითქვა, 3 ოქტომბერს ობამამ და რომნიმ გაცვალეს თავიანთი შეხედულებები და არგუმენტები საშინაო საკითხებზე. 90 წუთიანი დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკას შეეხო.