ირაკლი ალასანიას მხარდამჭერ აქციაზე ამერიკის ელჩი და გიორგი კოდუა იმყოფებოდნენ

ირაკლი ალასანიას მხარდამჭერ აქციაზე ამერიკის ელჩი და გიორგი კოდუა იმყოფებოდნენ

ზუგდიდში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის რაიონის 109 საარჩევნო უბნიდან 60-ზე მეტ უბანში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის მეშვეობით ერთი და იგივე ამომრჩეველი შედიოდა და ხმას "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, როლანდ ახალაიას აძლევდა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დარღვევათა უმრავლესობა ვიდეო და ფოტოკამერით არის დაფიქსირებული, შედგენილია სპეციალური ოქმიც, რომელიც ზუგდიდის საარჩევნო-საოლქო კომისიაში არის წარდგენილი.

ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ლიდერები და აქტივისტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩავიდნენ და ქალაქის ცენტრში ხალხმრავალი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ალასანიამაც მიმართა. მან განაცხადა, რომ ზუგდიდში ახალაიების ფეოდალური კლანის მმართველობა მალე დასრულდება.

„მე მინდა დავპირდე ზუგდიდის მოსახლეობას, რომ აქ დასრულდა და საბოლოოდ წავა ჩვენი ცხოვრებიდან ფეოდალური კლანური მმართველობა, რომელიც აქ იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. დასრულდა ის ძალადობა, რითიც აქამდე არჩევნების გაყალბებით იგებდნენ, ატყუებდნენ ამომრჩეველს და ართმევდნენ საკუთარ არჩევანს", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული არც ერთი ხმა არ დაიკარგება. ირაკლი ალასანიამ ზუგდიდის აქციაზე ასევე განაცხადა, რომ პოლიცია ქართველ ხალხს დაუბრუნდა.

"ეს გამარჯვება იოლად არ მოვიდა. ამ გამარჯვებისთვის უამრავი ჩვენი მოქალაქე ზის ციხეში. დღესაც პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი ადამიანები ელოდებიან ჩვენი ხელისუფლების ფორმალურად გაფორმებას და მათ გათავისუფლებას. საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ნიშნით ჩვენი მოქალაქეების დევნა, საქართველოში პოლიცია და სამართალდამცველი სტრუქტურები დაუბრუნდნენ ხალხის სამსახურს. ისინი დგანან ჩვენთან, სიმართლესთან და ისინი დაიცავენ კანონს. დღეს ამ აქციასაც იცავს სამეგრელოს და ზუგდიდის პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები, ყველა დღეს დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდში და მე მინდა მათ აქედან მივულოცო გამარჯვება და დავპირდე, რომ მათ აღარასდროს გამოიყენებს პოლიტიკური პარტია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამასთანავე, იგი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კოალიციის მხარდამჭერებისთვის გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ივანიშვილმა კოალიციის მხარდამჭერებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ახლა „ქართული ოცნება“ უკვე ხელისუფლებაშია და ამიტომ ყველა პროცესმა ქუჩიდან უნდა გადაინაცვლოს შენობებში - სასამართლოში, პარლამენტში და ა.შ. შესაბამისად, ირაკლი ალასანიამაც თქვა, რომ ამიერიდან ყველა დავა სასამართლოში გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის აქციაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც მივიდა და მედიისთვის კომენტარიც გააკეთა. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეს შესანიშნავი კვირაა, რადგან ხელისუფლების შეცვლა არჩევნების შედეგად მოხდა, მაგრამ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რადგან ქვეყნის ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობა ისევ მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში.

„ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო ეს კვირა, ასევე დასრულდეს. მნიშვნელოვანია, რაც აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ მუშაობა შიშისგან თავისუფალ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. უმნიშნელოვანესია, რომ შედეგებზე არსებული დავა განხილული იყოს სამართლებრივად. როგორც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა განაცხადეს, ჩვენ ვულოცავთ ქართველ ხალხს. მე გასულ კვირასაც ვიყავი ზუგდიდში და ისევ სიამოვნებით დავბრუნდები",- აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ზუგდიდის აქციის მიმდინარეობის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ როლანდ ახალაიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ამასთანავე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანიას მხარდამჭერ აქციაზე ირაკლი კოდუას ძმა, გიორგი კოდუაც იმყოფებოდა. ზუგდიდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით for.ge „ქართული ოცნების“ წევრს, ეკა ბესელიას ესაუბრა.

ბესელიამ დაადასტურა, რომ აქციაზე კოდუა მართლაც იმყოფებოდა, ხოლო ახალაიას მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მან უარჰყო. რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა აქციები, ბესელია ასე პასუხობს.

ეკა ბესელია: „კოალიციის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რაც აბსოლუტურად ზუსტია და ადექვატური. დღეს „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, შესაბამისად, საპროტესტო აქციების გამართვის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლება. სადავო უბნებთან დაკავშირებით ბრძოლა სამართლებრივი ფორმებით უნდა გავაგრძელოთ. „ქართული ოცნების“ მიერ უკვე ყალიბდება მთავრობა ახალი შემადგენლობით, ანუ ხელისუფლებაში კოალიციის მოსვლის პროცესი, პრაქტიკულად, სრულდება. პარლამენტიც ალბათ უკვე მალე შეიკრიბება. საოლქო კომისიებს რამდენიმე პროცედურა დარჩათ, რომ ცესკო-მ საბოლოოდ ყველა მონაცემი შეაჯამოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე შეგვიძლია პოლიტიკური და სამართლებრივი მეთოდების გამოყენებით სრულად მივაღწიოთ „ქართული ოცნების“ მიერ პასუხისმგებლობის აღებას და იმ უბნების დაცვას, რომლებიც ჯერ კიდევ სადავოა და რომლებზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ასე რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება სწორია. ზუგდიდში მოსახლეობა საკუთარი სურვილით გამოვიდა ქუჩაში. ჩვენ მოვუწოდეთ მათ, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ, რადგან სააკაშვილი და მისი რეჟიმი, მათ შორის ზუგდიდში ახალაიების რეჟიმი დამარცხდა. ქართველმა ხალხმა თავისუფლებისკენ სწრაფვის ნება გამოხატა და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. სააკაშვილი ნურც იმას დაიბრალებს, რომ გულმოწყალეა, მას საქართველოს მოსახლეობამ წარსულისკენ მიუთითა და იგი იძულებული გახდა, „ქართული ოცნების“ მიმართ ასეთი დიდი მხარდაჭერის წინაშე უკან დაეხია. ეს არ იყო წყალობა, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება.

ამდენად, თქვენ იმედი გაქვთ, რომ გასაჩივრებული საარჩევნო უბნების შედეგები გაბათილდება?

- ჩვენ უკვე ხელისულებაში ვართ და შესაბამისად, ყველა კანონიერ და სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა ეს პროცედურები კანონის დაცვის ჩატარდეს და სამართლებრივი პროცედურებით მივაღწიოთ შედეგს. ხელისუფლებაში სააკაშვილი აღარ არის და შესაბამისად, აქციების გამართვის აუცილებლობაც აღარ არსებობს.

ზუგდიდის აქციაზე ამერიკის ელჩი ნორლანდიც მივიდა. თქვენი აზრით, რას ნიშნავს მისი აქციაზე მისვლა?

- ელჩმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა. ასე რომ, ვფიქრობ, მისი განცხადების კომენტირება საჭირო აღარ არის. ბატონი ნორლანდის აქციაზე ყოფნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რაც თავისთავად იმის გარანტი იყო, რომ არავითარი დაძაბულობა არ შეიქმნებოდა. ამერიკის ადმინისტრაციის ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა ამერიკის ელჩის განცხადებებში კიდევ ერთხელ გამოიხატა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ როლანდ ახალაიამ კანდიდატურა მოხსნა. თუ იცით ამის შესახებ რამე?

- არა, ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ცნობილი გახდა ასევე, რომ ზუგდიდის აქციაზე გიორგი კოდუა იმყოფებოდა

- დიახ, ეს სიმართლეა, პირადად მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ კოდუა აქციაზე მართლაც იყო. აქციას შეიძლება ბევრი ვინმე შემოუერთდეს, ვინ რატომ შემოუერთდა - ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ აქცია და ქუჩა ისეთი რამ არის, რაც ყველას ადგილს იტევს. ამიტომ თუ მას ამ აქციაზე ყოფნა სურდა, ეს მისი არჩევანია. პირადად მე ამ ოჯახთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.