„ნაციონალებზეც ვხუმრობდი, მაგრამ ეს არავის ახსოვს

„ნაციონალებზეც ვხუმრობდი, მაგრამ ეს არავის ახსოვს

"იმედიდან" გუდანაბადაკრული "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად" ცხრაკვირიანი პაუზის შემდეგ ამავე არხზე დაბრუნდა, როგორც მისი წამყვანი ოთარ ტატიშვილი ამბობს, სიახლეებით.

„სიახლე" კი ახალი ხელისუფლების სახეები არიან. ოთარის თქმით, მათ მაშინაც ეპატიჟებოდა გადაცემაში, როცა ისინი ოპოზიაციაში იყვნენ, მაგრამ თურმე თავად ამბობდნენ უარს. ალბათ მისი ხუმრობებიც შეიცვლება, უფრო სწორად, მათი ადრესატები. ერთი სიტყვით, მომავალი გვიჩვენებს როგორ დააბალანსებს შოუმენი პოლიტიკურ იუმორს პოსტარჩევნებისეულ საქართველოში.

აქამდე კი იუმორი ნამდვილად შველოდა ექიმს, მსახიობს, შოუმენს და აწ უკვე მოცეკვავეს პროექტშიც "ცეკვავენ ვარსკვლავები". მიუხედავად იმისა, რომ, პრინციპში, თითქმის არ ცეკვავდა, ტურიდან ტურში, რომ იტყვიან, ლიწინ–ლიწინით გადადიოდა.

ბატონო ოთარ, არჩევნების შემდეგ თქვენი შოუ ტელეეთერის მიღმა აღმოჩნდა. ეს რთულად გადაიტანეთ?

- რა თქმა უნდა, რთული იყო და არამარტო ჩემთვის, "ღამის შოუს" სტუდიის თანამშრომლებისთვისაც. ცხრა კვირა გაჩერებული ვიყავით. ვერ ვიტყვი, რომ სატელევიზიო ფორმიდან ამოვვარდი, რადგან ყოველ ორშაბათს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" პირდაპირი ეთერი მქონდა, რაც ფორმის შენარჩუნებაში ძალიან დამეხმარა.

მაყურებლის მოსაზიდად რა სიახლეებს გეგმავთ?

- ძალიან საინტერესო სტუმრების მოწვევას ვაპირებთ. რამდენიმე ახალ მინისტრთან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. მათ შორის არიან ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. კახი კალაძესაც ვესაუბრეთ, უბრალოდ ეს პერიოდი ძალიან დაკავებულია. ვფიქრობ, რომ სტუმრად ახალი სახეები ძალიან საინტერესო იქნება.

არჩევნებამდე რატომ არ იწვევდით მაშინდელი ოპოზიციის სახეებს?

- ჩემს შოუში ყოველთვის ყველას ვეძახდი, იქნებოდა ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, მათ შორის – ჟურნალისტებიც. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა, ჩემს გადაცემაში ახლაც ყველას დავუძახებ. ვინ მოვა და ვინ – არა, ეს უკვე სხვა საკითხია. მე ვარ ადამიანი, რომელიც ხალხს "ჩემიანად" და "სხვისიანად" არასდროს ვყოფ. ვინც ჩემს შოუში სტუმრობას დათანხმდება, ყველას დიდ მადლობას ვეტყვი.

ყველაზე სასურველი სტუმრების სიაში ვინ გყავთ?

- ყველაზე სასურველ სტუმრად ჯერჯერობით დავით აქუბარდია რჩება, რომელსაც უკვე ვესაუბრე და მითხრა, ჯერ შენ მოდი ჩემს გადაცემაში და მერე ვილაპარაკოთო. ალბათ მივალ კიდეც და ვნახოთ, რა საუბარი გამოგვივა. ვაპირებ, რომ დავით აქუბარდიას პირდაპირ ეთერში იმის პირობა დავადებინო, რომ ახლა თუ არა, საახალწლო გადაცემაში მაინც მოვიდეს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა და თან იუმორისტულ შოუში სტუმრად არსად ყოფილა. მთელმა საქართველომ კარგად იცის, რომ მას განსაკუთრებული იუმორის გრძნობა აქვს და საკმაოდ განათლებულია.

ნაციონალური მოძრაობის წევრებზე საკმაოდ მორიდებულად და რბილად ხუმრობდით ხოლმე.

- როდესაც ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში, მათზე ძალიან ბევრს ვხუმრობდი, მაგრამ რატომღაც ეს არავის ახსოვს. ერთი ასეთი ხუმრობა მქონდა: პაციენტს კლინიკური სიკვდილი დაემართა. მდგომარეობიდან რომ გამოვიდა, ყველამ კითხა, იქ რა ნახეო. რა ვნახე და ტრადიციულ გვირაბში მივდიოდი, ბოლოში თეთრებში ჩაცმული კაცი გამოჩნდა, რომ მივუახლოვდი, რამაზ ნიკოლაიშვილი (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი) აღმოჩნდა. ასე მითხრა, სად მიდიხარ, კაცო, ხვალ ეს გვირაბი სააკაშვილმა უნდა გახსნას და მერე თუ გინდა, მოკვდიო. ეს ხუმრობა რატომ არავის ახსოვს?!

ძირითადად ვისგან იღებდით უარს შოუში სტუმრობაზე?

- ოპოზიციის წევრები სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ჩემს გადაცემაში არ მოდიოდნენ. ძალით ნამდვილად ვერავის მოვიყვან! თუმცა იმდენი მაინც მოვახერხე, რომ ჩემს შოუში ზვიად ძიძიგური, ირაკლი ალასანია და ლალი მოროშკინა მყავდნენ სტუმრად. ძალიან რეიტინგული შოუც გამოგვივიდა. რობერტ სტურუასთან მოლაპარაკებას ერთი წლის განმავლობაში ვაწარმოებდი, მაგრამ გადაცემაში მაინც არ მოვიდა. გუბაზ სანიკიძეს და აკაკი ასათიანს რამდენი "ვეჩალიჩე". ქუჩა–ქუჩა სიარულს ვერ დავიწყებ და თითოეულს ვერ ავუხსნი, თქვენი ჟურნალის მეშვეობით საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თუკი ჩემს შოუში სტუმრები გეცოტავებოდათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ თვითონ ისინი ამბობდნენ უარს.

წინა ხელისუფლების წევრებიც უარს გეუბნებოდნენ?

- დავით ბაქრაძე ჩემი სტუდენტობის მეგობარია, მაგრამ ჩემს შოუში მაინც ვერ მოვიყვანე. "ახლა არ მცალია, ძალიან დაკავებული ვარ", – ეს იყო მისი პასუხები. ზოგი პირდაპირ მეუბნებოდა, "იმედის" ტელევიზიაში არ მოვალო, ზოგი კი სხვანაირად მიშორებდა თავიდან. ყველა ადამიანის გადასარევად მესმის. არ უნდათ იუმორისტული შოუ და მორჩა! გიორგი კარბელაშვილსაც გადასარევად ვიცნობ. სომალიდან როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე დავუკავშირდი, მაგრამ სტუმრობაზე მანაც უარი მითხრა.