პირველი ვიზიტით - ვაშინგტონში...

პირველი ვიზიტით - ვაშინგტონში...

ბიძინა ივანიშვილს არაერთი მიწვევა აქვს ევროპიდან, თუმცა მისი პირველი ვიზიტი მაინც ვაშინგტონში შედგება. იგი მხოლოდ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეწვევა აშშ-ს და ამერიკაში ვიზიტამდე სხვა ქვეყანაში ოფიციალურ შეხვედრებს არ გეგმავს.

როგორც ჩანს, ამერიკასთან სიახლოვე კოალიციის ლიდერის ერთ-ერთი პრინციპული საკითხია. არც ისაა გამოსარიცხი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმ თანადგომის გამო, რაც მათი მხრიდან ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემაში გამოვლინდა და, საქართველოში არაერთხელ ჩატარებული წინამორბედი არჩევნების მსგავსად, ისევ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა არ იჩქარეს.

არავისთვის გასაკვირი არაა, რომ ბუშის ამერიკისგან განსხვავებით, ობამას ამერიკა გაცილებით რეალისტურად უყურებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ვაშინგტონში დაგეგმილი ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი კი რუსეთის ოფიციოზისთვისაც მესიჯი იქნება, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ამერიკა პრიორიტეტულად დარჩება. თანაც, ამჯერად ქართველი ერის არჩევანი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ ვარდების რევოლუციის მსგავსად, საქართველოში არ ჩამოსულა ვინმე ივანოვი და პროცესები ახლა ბუნებრივად, გარე ძალების ჩარევის გარეშე განვითარდა. მაშინ, როცა ვარდების რევოლუციისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის გადადგომაზე დასაყოლიებლად ხშირ-ხშირად ჩამოდიოდა.

მართალია, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის შეხვდება ამერიკაში ვიზიტისას, მაგრამ ცნობილია, რომ კოალიციის ლიდერი უკვე შეხვდა აშშ-ის ელჩს საქართველოში და ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ ოფიციალური მიწვევაც მიიღო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ელჩთან შეხვედრისას საუბარი არა მთავრობის დაკომპლექტებას, არამედ, მის სამომავლო ვიზიტებს შეეხებოდა.

„მე ამერიკის ელჩისგან მივიღე ოფიციალური მოწვევა. ასევე, იყვნენ მოსულნი სენატორები და მათგანაც მივიღე მოწვევები, თუმცა ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან მთავრობა გვაქვს დასაკომპლექტებელი. გარდა ამისა, ამერიკაში ახლა არის არჩევნების ციებ-ცხელება და მე მათ ვთხოვე, რომ ეს ვიზიტი არჩევნების შემდეგ გადაეწიათ, რადგან არჩევნების შემდეგ უფრო ეფექტური იქნებოდა. გარდა ამისა, მაქვს მოწვევები ევროპიდან. ქეთრინ ეშტონსაც ვესაუბრე, მაგრამ პირველი ვიზიტი ვაშიგტონში მექნება, რადგან ამერიკა ჩვენი მთავარი მოკავშირე და პარტნიორია“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „რუსეთიდან არავითარი კავშირი, მოლოცვა არ ყოფილა“.

For.ge დაინტერესდა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის განაცხადი ვაშინგტონში პირველი ოფიციალური ვიზიტის შესახებ და რა სახის მესიჯი აღმოჩნდება ეს რუსეთისთვის?!

ექსპერტ გია  ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის ამერიკაში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია. უკვე არაერთგზის თქმულა, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა ამ პრიორიტეტის გარდა, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ, დიდწილად, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაში, თუნდაც დღევანდელ ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი ითამაშეს ამერიკელებმა.

ექსპერტის თვალსაზრისით, ამ პროცესში ამერიკელთა როლი გამოიხატა არა უშუალოდ ქართველი ხალხის არჩევანის მიმართულებით, არამედ სიტუაციის სტაბილიზების მხრივ. აქედან გამომდინარე, ეს აბსოლუტურად ლოგიკური ვიზიტია.

„რუსეთი ამ პოლიტიკურ პროცესში, ჩვენდა საბედნიეროდ, არანაირად არ მონაწილეობდა და ეს კარგია. არა მგონია, ახლა რუსეთი ბიძინა ივანიშვილის  პირველი ვიზიტით ძალიან გაღიზიანდეს. მოვლენათა ასეთ განვითარებას მე ვერ ვხედავ, რადგან აბსოლუტურად ლოგიკურია, პირველი ვიზიტი ამერიკაში შედგეს. ვიღაცას შესაძლოა, ეწყინოს, მაგრამ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში პირველი ვიზიტი რუსეთში ბევრად უფრო ალოგიკური იქნებოდა. ჯერ ერთი, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ბევრი სხვა პრობლემაცაა ჩვენს შორის,  საკმაოდ მძიმე ვითარებაა. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რუსეთის მხრიდან ამაზე რაღაც უარყოფითი რეაქცია იყოს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი და მთავარ საკითხად მიიჩნევს, თუ როდის შედგება ვაშინგტონში აღნიშნული ვიზიტი.

მისი თქმით, აშშ-ში ახლა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ამდენად, ამ ეტაპზე საეჭვოა, ეს ვიზიტი გამართლებული იყოს. თუმცა არჩევნების შემდეგ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ ჩვენი არჩევნები ჩავატარეთ, ახლა კი მათ აქვთ ჩასატარებელი თავიანთი არჩევნები“,_აცხადებს გია ხუხაშვილი.   

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, დიპლომატიაში მიღებული პრაქტიკაა, თუ სად შედგება პირველი ვიზიტი. როდესაც საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პირველი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა, ამით მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მისთვის სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი ქვეყანაა. სხვათა შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკაში არ წასულა, არც – ინგლისში. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, სოსო ცინცაძის თქმით, მანაც პირველი ვიზიტი ბელორუსიაში განახორციელა და არა ამერიკაში. ამით დაადასტურა, რომ მისთვის პოსტსაბჭოური სივრცე პრიორიტეტულია. ამდენად, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით, რასაკვირველია, ივანიშვილისთვის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა იმ ბრალდებების განეიტრალება, თითქოს იგი რუსეთის კაცია.

„ჩემი აზრით, ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდება იყო, თითქოს ივანიშვილი რუსეთის ინტერესების დამცველი გახლდათ. ამიტომ პროდასავლურობა მისთვის პრიორიტეტია. ბუნებრივია, პირველი ვიზიტი იქნება აშშ-ში და არა თუნდაც ევროპაში. ვაშინგტონში ვიზიტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ვიზიტი კარდინალურად არაფერს შეცვლის, ვინაიდან ივანიშვილს ისედაც ძალიან ინტენსიური კონტაქტები აქვს ამერიკის ელჩთან საქართველოში, რაც იგივეა, რომ ინტენსიური კონტაქტები ჰქონდეს ვაშინგტონთან. ბუნებრივია, აშშ-ის ელჩი ვაშინგტონის „რუპორია“. ამიტომ ეს ვიზიტი სიმბოლურია და ეს არის სიგნალი საზოგადოებისთვის“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე განმარტებით, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, თუ სად შედგება ბიძინა ივანიშვილის მეორე ვიზიტი. თუკი მეორე ვიზიტი რუსეთში დაიგეგმება, ეს დაადასტურებს, რომ ივანიშვილმა დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რაც, აგრეთვე, დადებითია. თუმცა პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ ივანიშვილმა რუსეთში ჩასვლა იჩქაროს.

მისი აზრით, იმისთვის, რომ რუსეთში ჩასვლა ღირდეს, ამ ვიზიტს მართლაც რაღაც დატვირთვა უნდა ჰქონდეს, მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი უნდა იყოს, რასაც ძალიან დიდი მომზადება სჭირდება. ამდენად, შესაძლოა, ერთი წელიც ან უფრო მეტიც კი დასჭირდეს რუსეთში ვიზიტის მომზადებას. მანამდე კი, ალბათ, კოალიციის ლიდერი ევროპას ეწვევა. თუმცა ესეც არ არის პრინციპული, რადგან საქართველოშიც ძალიან ბევრი საქმე აქვს ივანიშვილს.

„ჩემთვის ის ფაქტი, რომ პირველი ვიზიტი დასავლეთში და, კერძოდ, შტატებში შედგებოდა, არაფერ საიდუმლოს და სიახლეს არ წარმოადგენდა. შესაძლოა, ბრიუსელში ყოფილიყო პირველი ვიზიტი, სადაც ევროკავშირი, ეუთო, ნატოა წარმოდგენილი, მაგრამ ვაშინგტონი მაინც ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე თუ პარტნიორია“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტით სწორედ ის განწყობა გამოიხატება, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. პოლიტიკოსის თქმით, ამერიკის შემდეგ შედგება სხვა ვიზიტებიც და ბიძინა ივანიშვილი არ დაიზარებს და ყველგან აღმოჩნდება, სადაც საჭიროა.

„აქამდე ჩვენ გვეუბნებოდნენ, თქვენ არ გაქვთ ამერიკის მხარდაჭერა, ამერიკას მაინც სხვა კანდიდატურა სურსო. ამ დროს კი ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, უპირველეს ყოვლისა, პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ხოლო ქართველი ხალხი არ ივიწყებს მეგობრებს არც ჭირში, არც ლხინში. სწორედ ამაშია საქმე. ამდენად, ვაშინგტონში ვიზიტი გამოხატავს ჩვენს მადლიერებას იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკა მუდმივად უწევდა საქართველოს; ასევე, _ იმ გაგებას, რითაც ჩვენ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მოსვლა. აგრეთვე, _ იმასაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო  დღეების განმავლობაში ადექვატურად იქცეოდა. რატომღაც მგონია, რომ ამერიკელების ხელიც ურევია ამ კეთილ საქმეში“,_ გვითხრა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბატონი ბიძინას გადაწყვეტილება სწორი და დროულია, და ვაშინგტონში ვიზიტი არის მესიჯი რუსების, ქართველებისა და ევროპელებისთვის. თუმცა, ამ ეტაპზე ლევან ბერძენიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ სად უნდა შედგეს კოალიციის ლიდერის მეორე ვიზიტი.