ლონდონის „ჩელსის“ შესაძლოა სანაკრებო პაუზის დროს მთავარი მწვრთნელი შეეცვალოს. Daily Express-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი მაურიციო სარის გათავისუფლებას აპირებს.
ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ცნობა არ ვრცელდება და არც იტალიელის შესაძლო მემკვიდრეა ცნობილი. თუმცა, „არისტოკრატების“ მეპატრონე გუნდის ნაჩვენები თამაშის ხარისხითა და შედეგებით მეტად უკმაყოფილოა და 10-დღიანი პაუზით სარგებლობა უნდა.
შეგახსენებთ, რომ სარი „ჩელსის“ 2018 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში. ლონდონელები პრემიერლიგაში ოთხეულში შესვლისთვის იბრძვიან, ხოლო ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალში არიან გასულები, სადაც პრაღის „სლავიასთან“ ელოდება დაპირისპირება.