„შავი ზღვა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეპიცენტრი გახდა გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთსა და დასავლეთს შორის“

„შავი ზღვა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეპიცენტრი გახდა გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთსა და დასავლეთს შორის“

„მთავარი რისკი პორტის აშენებაა, ანაკლიის პორტი თუ აშენდება, ტვირთი აუცილებლად იქნება“, – აცხადებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანი, რომლის განცხადებით, არის რიგი ფაქტორები, რაც სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა და პროექტის გრძელვადიან წარმატებულობას განაპირობებს. სწორედ ამ ფაქტორების დაზღვევა უნდა 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს მთავრობისგან. ეს მოთხოვნა კი, არანაირად არ ითვალისწინებს კონსორციუმის, როგორც ინვესტორების თანხის დაზღვევას, არ ეხება სამშენებლო რისკს. მისი თქმით, ზოგადად ტვირთბრუნვის პროგნოზი ძალიან დადებითია და ახლა მთავარია, არ დაირღვეს გრძელვადიანი სტაბილურობა, რამაც შესაძლოა, პორტში ტვირთები შეამციროს.

ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ პროექტის წარმატება მრავალ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელასც ვერც კონსორციუმი და ვერც ბანკები ვერ დააზღვევენ და მათი დაზღვევა მთავრობის პრეროგატივაა. უცხოელმა ინვესტორებმა 500 მლნ დოლარის ნდობა უნდა გამოუცხადონ და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და კონსორციუმს შორის დაპირისპირება არ იყოს.

„სამშენებლო პროცესი მიდის დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით. 600 მლნ დოლარი, რაც სჭირდება ამ პროექტს, მობილიზებულია. კონსორციუმი ყველაფერს აკეთებს, რომ სწრაფად დასრულდეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს მთავრობასა და ბანკებს შორის. „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა ხელი შეუშალა ანაკლიის პროექტს. უცხოელმა ინვესტორებმა 500 მლნ დოლარის ნდობა უნდა გამოუცხადონ ქვეყანას და კონსორციუმს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და კონსორციუმს შორის არ იყოს დაპირისპირება და პროექტის შემსრულებელებს მხარს უჭერდეს მთავრობა. ამ შემთხვევაში მთავრობაზე არაა სამშენებლო რისკი, ამ რისკს იღებს კონსორციუმი.

ჩვენ არ შეგვიწყვეტია ინვესტორებთან მუშაობის პროცესი, თუმცა, ჩემი აზრით, საჭიროა ამ ყველაფრს ნათელი მოეფინოს და დასრულდეს, რათა ჩვენ შევძლოთ პორტის აშენებისთვის შემდეგი ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც სტუმრებს პორტში ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ეკონომიკის ექსპერტი ბესო ნამჩავაძე, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტთან მიმართებაში მთავრობა თავისი ვალდებულებების შესრულებას აჭიანურებს. ექსპერტის განცხადებით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „თიბისი ბანკით“ დაწყებული საკითხი მნიშვნელოვანწილად ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა, შეიძლება, პირველი მიზეზიც იყო, რომ პროექტს პრობლემები შექმნოდა.

„ერთია, რომ მიმდინარეობს გამოძიება ანაკლიის პორტის დამფუძნებლების წინააღმდეგ, რაც აზიანებს ინვესტორებში ნდობას, მეორე – მთავრობა თავისი ვალდებულებების შესრულებას აჯანჯლებს ამ პროექტთან მიმართებაში. ეს არის რკინიგზისა და გზის პროექტი, რომლის დაწყება აუცილებელია და ტენდერი სამჯერ არ შედგა.

ცოტა გაუგებარია, როდესაც საგზაო დეპარტამენტს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ტენდერების ჩატარების, გზის აშენება თუ რკინიგზის მიყვანა, რატომ ხდება, რომ ისე ვერ მოაწყვეს ტენდერი, ეს ყველაფერი გაკეთებულიყო. ბოლო ტენდერში წარდგენილ ხუთივე კომპანიას სხვადასხვა მიზეზით დისკვალიფიკაცია მიეცა და თებერვლის ბოლოს პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომლის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის“, – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

ბრალდებას არ იზიარებს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი. ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც არის არატრანსფარენტული გარემო, როდესაც არის პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლა, ეს არა მხოლოდ პროექტთან მიმართებაში არის შემაფერხებელი, არამედ ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფითად აისახება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ტრანსფარენტულად წარიმართოს, რადგან ეს პროცესები ბევრ კითხვას უჩენს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე უცხოელ ინვესტორებს, რაც ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ აქტიურად ხდება საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა.

„მოლაპარაკებები გვაქვს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, სულ ახლახანს იაპონური კომპანია იყო საქართველოში ჩამოსული, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა ეს პროექტი. მოლაპარაკებები გვაქვს ლოგისტიკურ კომპანიებთან, რათა მათთვის ანაკლია რეგიონში შემოსასვლელ პლატფორმად იქცეს. ამასთან, სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება დიდი შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ გააფართოვონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა და ექსპორტზე ორიენტირებულები გახდეს“, – ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტს აქვს იმის პოტენციალი, რომ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი იყოს. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, რუსეთს არ აწყობს, საქართველოს ჰქონდეს მნიშვნელოვანი პუნქტი შავ ზღვაში.

„ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება თვითონ პორტის, შეიძლება, არ იყოს ძლიერი, მაგრამ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ცალსახაა. შავი ზღვა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეპიცენტრი გახდა გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთსა და დასავლეთს შორის. დასავლეთი ცდილობს, რომ რუსეთი დააბალანსოს ამ არეალში და შესაბამისად, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა, რაც დასავლეთს არ აქვს.

ამდენად, სტრატეგიულად შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მიმართულება და, ბუნებრივია, თუ საქართველოს მიმართულება იქნება განხილული, არსებული პორტები ამისათვის, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ვარგისი, ანაკლიას კი ამის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, რუსების ეჭვიანობა გასაგებია“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ანაკლიის პორტი რომ ქართული სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, ამაზე საუბრობს ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, რომლის განცხადებით, პორტის მნიშვნელობა აძლიერებს საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას.

„ყველა ჩამოყალიბებული ვართ და არა მგონია, რომ ამაზე რაიმე ტიპის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს. ეს პორტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსათვის. ანაკლიის პორტი აძლიერებს საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას. ის, რაც ჩვენ გვაქვს და ეს არის სატრანსპორტო რეგიონალური ჰაბი, დაინტერესებული არიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მათ შორის აშშ.

ვოლკერის განცხადებაშიც ამ თემაზე იყო ხაზგასმა, რომ აშშ დაინტერესებულია თავისი პარტნიორის საქართველოს გაძლიერებით, რაც შეიძლება მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდეს საქართველოში, ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის როგორც საერთაშორისო პარტნიორის მნიშვნელობის ამაღლებას. ვფიქრობ, რომ ამაში ერთსულოვნები ვართ“, – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

trampi ორ ზღვას შუა ძველის ძველად საომარი იყო ლელო........... ეხლაც ისე იქნება
ანაკლიის მშენებლობაზე სწორედაც მაგიტომააა ატეხილი აურზაური------ აქეზებენ მეგობრები ამ ჩვენ დაქნეულ მთავრობას...
.მაშ არადა მავანნი 24 საათი სუ ჩვენი ეკონომიკის გაზრდაზე ფიქრობენ 24 საათი .

ტუ კიდევ წასლიტ კიდევ დავდებ პოსტს
ხომ ,,მაგარი მოდერნი,, ჩაატარეთ?? --- საიტი მოკალით .....
ჰოოდა ბარემ მასე გააგრძლელეთ და საიტი ბოლომდეც მიასიქტიმეთ ..
5 წლის უკან
Serapina trampi როგორა ხარ? შენც, არ გაიქცე აქედან...
ჩვენ ეკონომიკაზე და წინსვლაზე, ღამეებს ათენებს, იქეთ დასავლეთი, აქეთ ჩვენი მთავრობა(სანთლით რომ კადრებს ეძებენ), მაშ!
5 წლის უკან