შალვა თაყაიშვილმა ლევილი საქართველოს დაუკარგა

შალვა თაყაიშვილმა ლევილი საქართველოს დაუკარგა

8 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება. ამ დღეს სამშობლოს დაუბრუნდა 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური არქივი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში, კერძოდ, ჰოუტონის ბიბლიოთეკაში ინახებოდა.

ამ მამულიშვილური საქმის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეები კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გურამ შარაძე გახლდათ, რომელსაც თან ჩამოჰყვა ემიგრანტი ქართველი, ჰარვარდული პოლიტიკური არქივის თავმჯდომარე გივი ზალდასტანიშვილი მეუღლითურთ, ჰოუტონის ბიბლიოთეკის მთავარი მცველი ლესლი მორისი და სხვა პირები.

ბატონმა გურამმა გაითვალისწინა რა ჟურნალისტების, საზოგადოების ფართო ინტერესი ამ მოვლენისადმი, მეორე დღესვე, 9 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართა პარლამენტში.

პრესკონფერენციის დასაწყისში ბატონმა გურამ შარაძემ მადლობა გადაუხადა აუდიტორიას და მას ამერიკიდან ჩამოსული სტუმრები წარუდგინა. შემდგომ საკმაოდ დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს მთავრობის 1921 წელს ემიგრაციაში წასვლაზე:

„1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დატოვა თბილისი და იტალიური გემით საფრანგეთს გაემგზავრა ემიგრაციაში. მათ თან წაიღეს ეროვნული განძი და პოლიტიკური არქივი. ეროვნული განძი საქართველოს 1946 წელს დაუბრუნდა დე გოლისადმი სტალინის თხოვნის საფუძველზე. ამ საქმეში, როგორც ყველასათვის ცნობილია, დიდი წვლილი შეიტანა ექვთიმე თაყაიშვილმა.

რაც შეეხება არქივის დაბრუნებას, ეს საქმე იმ დროისთვის ვერ განხორციელდა, რადგან ნოე ჟორდანია ვერ ენდო ბოლშევიკებს, არქივის განადგურების შიშით. ჩვენი არქივი 1956 წლამდე პარიზის ეროვნულ არქივში ინახებოდა. შემდგომ მოხდა წყალდიდობა, რომელმაც დააზიანა არქივი. ფინანსურად შეჭირვებულ ემიგრანტებს მისი აღდგენა არ შეეძლოთ და ბუნებრივ პირობებში ლევილის მამულში მზეზე აშრობდნენ.

დაზიანებული ნაწილი ჰარვარდის უნივერსიტეტში 1974 წელს გადაიტანა რიჩარდ პაიპსმა. მან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება დაარწმუნა ამ არქივის მნიშვნელობაში და ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით სათუთად გადააადგილა ჰოუტონის ბიბლიოთეკაში.

ჰარვარდული არქივის თავმჯდომარედ გივი ზალდასტანიშვილი დაინიშნა, შეიქმნა კომისიაც, რომელშიაც ამერიკის მხრიდან წარმომადგენელი პაიპსი გახდა”.

ბატონმა გურამმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავისი კომიტეტის შექმნის თაობაზე, აღნიშნა, რომ ეს უპირველესად ფრაქცია „აღორძინების”, ასლან აბაშიძისა და ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა, რომელმაც ამ კომიტეტის შექმნას მხარი დაუჭირა.

„სწორედ ამან განაპირობა აქტიური საქმიანობა ჰარვარდთან. ამერიკის ერთ-ერთ საპარლამენტო დელეგაციაში ზურაბ ჟვანიამ მეც ჩამრთო, აქედან დაიწყო რეალური ნაბიჯები არქივის დასაბრუნებლად. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ჰარვარდული არქივის არსებობა 1981 წელს გახდა ცნობილი აკაკი რამიშვილის – ნოე რამიშვილის შვილისგან. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მაშინდელ ცკ-ს პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს შევხვდი და ავუხსენი, რომ თუკი 2004 წლამდე ამ სიმდიდრეს ვერ დავიბრუნებდით, იგი სამუდამოდ დაიკარგებოდა.

ბატონმა ედუარდმა მითხრა, რომ რამდენიმე წელში კომუნისტები აღარ იქნებიან და არქივს მენშევიკები ჩამოიტანენო. სიმართლე გითხრათ, მეგონა დისიდენტთან ვლაპარაკობდი”, – საკმაოდ საინტერესო, ასატაცებელი ფრაზა წამოსცდა ბატონ გურამს.

მან ისაუბრა იმაზეც, თუ რა საზეიმოდ გადასცეს არქივი ჰარვარდის უნივერსიტეტში, მადლიერება გამოხატა უნივერსიტეტის პრეზიდენტისადმი. აღნიშნა ისიც, რომ ადგილობრივ პრესაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

სად უნდა ინახებოდეს, ვინ უნდა აღწეროს და შეისწავლოს არქივი?

ბატონმა გურამმა საკმაოდ ნათლად დახატა სიტუაცია: „პროფილით ეს არქივი საარქივო დეპარტამენტში უნდა დაიცვან, მაგრამ თავად არქივის დამცველ ემიგრანტ ქართველთა ანდერძის ერთ-ერთ მუხლში მითითებულია, რომ იგი მეცნიერებათა აკადემიას უნდა გადაეცეს. ჯერჯერობით, პარლამენტში დარჩება. აქ კომისია აღწერს და შეისწავლის მას და საბოლოოდ გაზაფხულზე გადაწყდება ეს საკითხი”.

გურამ შარაძემ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც გვამცნო. ნოე ჟორდანიას პირად არქივში აღმოჩენილია კონსტანტინე გამსახურდიას დიპლომი, რომელიც მან ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის დამთავრებისას დაიცვა.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა გივი ზალდასტანიშვილი და ჰოუტონის ბიბლიოთეკის მთავარი მცველი ქალბატონი ლესლი მორისი. მათ ილაპარაკეს არქივის მნიშვნელობაზე, მის როლზე საქართველოს ისტორიაში.

შემდეგ გურამ შარაძემ შემტევი სტილი აირჩია და მოღალატე ქართველების წინააღმდეგ ომის გამოცხადება ამცნო აუდიტორიას. საუბარია შალვა თაყაიშვილზე, რომელმაც სალიების მილიონები, საქართველოს მეცნიერებისთვის დატოვებული, ბანკიდან გაიტაცა. გაყიდა მამული ლევილში, ვერსალში და რომელიღაც მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს.

„ჩვენ იგი უნდა ვიპოვოთ და მისი უნამუსო საქციელი დავგმოთ. ნინო სალიას ფერფლი დღესაც დაუკრძალავია, არადა, ამ მხცოვანი ქალბატონის სურვილი დიდუბეში, კალისტრატე სალიასთან დამარხვა გახლდათ. ქრისტიანია შალვა თაყაიშვილი?” – აშკარად აღელვებულმა იკითხა გურამ შარაძემ და დაამატა, რომ დღეიდან იგი იწყებს ბრძოლას ლევილის საქართველოსთვის დასაბრუნებლად.

ლევილი-შატო საქართველოს კუთვნილებაა, ქართველმა ემიგრანტებმა იგი ქვეყნის სახსრებით შეიძინეს. მფლობელებად ჟორდანია, რამიშვილი, ჩხენკელი, გეგეჭკორი და სხვანი ითვლებოდნენ. საფრანგეთში, სამოქალაქო კანონმდებლობით, ყოველივეს 30 წლის შემდეგ კვლავ ახლად გაფორმება სჭირდება. ახლაც, ბოლო პერიოდში დრო იწურებოდა, ძლივს ვიპოვე მფლობელთა მემკვიდრეები და ნოტარიუსის წესით კვლავ გავაგრძელეთ ვადა”, – დასძინა ბატონმა გურამ შარაძემ.

გურამ შარაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საშვილიშვილო საქმეში, აღნიშნა „აღორძინების კავშირის“ დამსახურება.

„ვმოქმედებ, ვეძებ გზებს ქართულ გენოფონდს, ისტორიას ლამის დაკარგული სიმდიდრე, ფურცლები შევმატო”, – იმედიანად განაცხადა გურამ შარაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მიღებაზე სტუმრებს წარუძღვა.