„უკმაყოფილების გამოხატვა და იმის ხაზგასვმა, რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში სეპარატიზმის გაღივებას ხელს არ უნდა უწყობდეს, ბუნებრივია და ამაში გაუგებარი არაფერია. სომხეთის მხარის წარმომადგენლებთან ამის შესახებ ადრეც ყოფილა საუბარი. ეს თემა სომხეთისთვის მარტივი არ არის, მაგრამ საქართველომ თავისი დამოკიდებულება მკაფიოდ და ნათლად უნდა დააფიქსიროს-ხოლმე," - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ე.წ. ყარაბაღის დელეგაციის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ვიზიტისას უკმაყოფილება გამოხატა.
მენაღარიშვილის განცხადებით, ამ საკითხის ასე დასმას ნეგატიური შედეგი არ მოჰყვება, ამასთანავე არც საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე ჰპოვებს ნეგატიურ გავლენას.
„ეჭვი მეპარება, რომ საკითხის ასე დაყენებას კონკრეტული შედეგი მოჰყვეს, რადგან ამის შესახებ საუბარი ადრეც ყოფილა. ყარაბაღის ფენომენი ძალიან სპეციფიური მოვლენაა და თავისი კონტაქტებით პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სეპარატისტულ წარმონაქმნებთან თავისი თავის დამკვიდრებას ცდილობს. ამ საკითხის მარტივად მოგვარების იმედი არ მაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ ეს თემა ყოველთვის დღის წესრიგში იყოს.
„ქართულ-სომხურ ურთიერთობებს რაც შეეხება, არ მგონია, რომ ამან რაიმე ნეგატიური შედეგი მოიტანოს, რადგან ეს ახალი თემა არ არის და იგი განსაკუთრებულ პრობლემას ჩვენს ურთიერთობებში არ წარმოადგენს. საუბარი საჭიროა, საკითხის დავიწყება არ შეიძლება, თუმცა, თან სიტუაციის რეალური შეფასების უნარიც უნდა შევინარჩუნოთ," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტისას, ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტების გამო უკმაყოფილება გამოხატა და ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა.
„ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს.
„როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.