თავხედი მტერი კარზედ მოგვადგა, მტერი დაუნდობელი და ჩვენი თავისუფლების უარისმყოფი, უსინდისო და ლაჩარი. მტერი, რომელიც მალვით და ქურდულად თავს დაგვესხმის და ომის წესების ფეხქვეშ გათელვით სრულიად ააშკარავებს თავის მყრალ ბუნებას. აი ასეთი მტერი დღეს შურითა და მუქარით მოიწევს საქართველოსაკენ!
საქართველოს წინააღმდეგ მოდის ბოლშევიკური წითელი ჯარი, რომლის უშუალო შემწეობით გახრწნილი და განადგურებულია რუსეთის მთელი უზარმაზარი ტერიტორია და სამარის პირამდე მიყვანილია რუსის საცოდავი, შეუგნებელი ხალხი!
ამ გახრწნილ და თავაღებულ ურდოებით კომუნისტები უპირებენ ჩვენს სამშობლოს ისეთსავე „ბედნიერებას“, როგორიც მათ არგუნეს განრღვეულსა და დაშლილ რუსეთს.
რა პასუხი უნდა გასცეს დემოკრატიამ, საქართველოს მთელმა ხალხმა მუხანათ მტერს?
ასეთს მტერს ერთი პასუხი მოელის ჩვენგან: აშიშვლებული ხმალი სრულიად საქართველოს გაერთიანებული ხალხისა ძველებურად აელვარდება ქურდულად შემოსული ჰარამზადების დასახვედრად... მახვილი ქართველისა კვლავინდებურად სასახელოდ დაამთავრებს დაწყებულ ომს და ჩვენს მიწაწყალს არ გაათხუნინებს მურტალ მტრის ბრბოებს...
ფხიზლად ქართველებო!
დღეს ჩვენ უკანასკნელ გამოცდას ვიჭერთ!
ქართველი ერი ახლო დღეებში დაამტკიცებს რომ ის ღირსია თავისუფლებისა და განათლებული კაცობრიობის ნდობისა!
მთელი საქართველო დღეს აღმართულია შეურაცყოფილ მშობელი მიწის დასაცავად.
და ეს იმედს გვინერგავს, რომ საქართველო გაიმარჯვებს!