„აზარტული თამაშობების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის ბედი კვლავ გაურკვეველია. უფრო სწორად ამჯერად კიდევ მეტად დაიხლართა საქმე, რადგან მისი ინიციატორი „ოცნების“ აწ უკვე ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი გახლდათ. იგი უკვე გადაბარგდა ოპოზიციაში და რა ბედი ელის მის მომზადებულ პროექტს არავინ იცის.
ინიციატივის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ პროცესს გოგიჩაიშვილი მართავდა და კანონპროექტის დანარჩენი 5 თანაავტორი დეპუტატი ინფორმაციას მისგან იგებდა.
„საკითხის ძირითადი წარმომდგენი ლევან გოგიჩაიშვილი იყო, რომელიც ადრე ჩვენი გუნდის წევრი იყო. მაშინ ყველანი ერთ გუნდში ვიყავით, ახლა ის ოპოზიციაშია, ამიტომ ჯერ კანონპროექტზე არ გვისაუბრია. იმან, რომ გოგიჩაიშვილი ოპოზიციაშია და ჩვენ სახელისუფლებლო ძალა ვართ, შეიძლება კანონპროექტის დამტკიცებას ხელი არ შეუშალოს,“ - აცხადებს ირაკლი ბერაია.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ კანონპრექტი მთავრობასთან შეთანხმებულია, მათი პოზიცია კი - დადებითი. კითხვაზე - რატომ ჭიანურდება კანონპროექტის განხილვა? - ბერაიას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
„შესაძლოა, მთავრობა როდესაც გამოიტანს მეორე მოსმენით თავის კანონპროექტს , მაშინ გავიტანოთ ჩვენს მიერ მომზადებული კანონპრექტიც და საბოლოო ჯამში ერთობლივად მოხდეს დამტკიცება, რადგან მომზადებული კანონპროექტები ერთმანეთს შინაარსობრივად ავსებენ. შესაბამისად, უფრო პრაქტიკული იქნება, თუ ერთად გავიტანთ, ერთად დამტკიცდება და ერთად წავა აღსრულებაში. ეს არის ტექნიკური ნაწილები, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ მაქვს.
ძალიან ვგულშემატკივრობ ამ კანონპროექტს. მინდა, რომ ნაკლები ადამიანი იყოს ლუდომანიის გამო დაზარალებული. ვთვლი, რომ ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ბერაია.
„რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. განხილვის პირველ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში იზღუდებოდა გარე რეკლამის განთავსება, ახლა კი ეს მანძილი 200 მეტრამდე გაიზარდა.
ასევე, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტითა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის - ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.
კანონპროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულისა 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით ყოველ 1 თვეში.
სამომავლო განხილვის დროს მხარდაჭერის იმედი აქვს კანონპოექტის ერთ-ერთ ავტორს ბიძინა გეგიძეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ ყველა საღად მოაზროვნე პარლამენტარისაგან ელის ხმის მიცემას ინიციატივისთვის, რომელიც ახალგაზრდა თაობაში ლუდომანიას შეამცირებს.
„ტექნიკური საკითხია, როდის გავა ინიციატივა განსახილველად, თუმცა ყველა საღად მოაზროვნისაგან ველით მხარდაჭერას კანონპროექტზე, რომელიც აუცილებლად მისაღებია და შეამცირებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ახალგაზრდა თაობაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა“, - განაცხადა გეგიძემ.
სანამ დეპუტატებში ჯერ კიდევ მსჯელობენ, ამასობაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. 2016 წელს აზარტული ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბრუნვის მოცულობის მიხედვით ყველაზე მსხვილი 50 კომპანიის ჩამონათვალში 8 აზარტული კომპანიაა.