"საზოგადოება ახალ სახეებს კი არა, ახალ იდეებს გაჰყვება"

"ცვლილებებსაც თავისი პოლიტიკური ფუნქცია აქვს, თუ საუბარია იმაზე, რომ ამ ცვლილებებით "ქართულ ოცნებას" უნდა რეიტინგის შეცვლა, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, მაშინ ეს ცვლილებები უნდა მოხდეს, როცა მორიგი არჩევნები იქნება.

"ამიტომ მეეჭვება, რომ ცვლილებები მოხდეს", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს.

"რეზონანსი": მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას "ოცნებაში" არ ადასტურებენ, თუმცა ხმები, რომ უახლეს პერიოდში მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე წევრი დატოვებს, უფრო და უფრო აქტიურდება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

რამაზ საყვარელიძე: მეეჭვება, რომ სამთავრობო ცვლილებები მოხდეს, რადგან ცვლილებებსაც თავისი პოლიტიკური ფუნქცია აქვს.

თუ საუბარია იმაზე, რომ ამ ცვლილებებით "ქართულ ოცნებას" უნდა რეიტინგის შეცვლა, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, მაშინ ეს ცვლილებები უნდა მოხდეს, როცა მორიგი არჩევნები იქნება. ვფიქრობ, რომ ეს განწყობა ცვლილებებისა უფრო დაანონსებული ცვლილებების გამოძახილია.

"": როგორც ექსპერტთა წრეებში, ისე საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ "ოცნებაში" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ არ დაუფიქსირებია და მიიჩნევენ, რომ მისი მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანდა, რას აპირებს სამომავლოდ მმართველი პარტია.

რ.ს: რატომ იკავებს პარტია "ოცნების" თავმჯდომარე მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან თავს, ვერ გეტყვით, ალბათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროცესები ჯერ ძალიან ბუნდოვანია და ალბათ ივანიშვილიც თავისთვისაც ელოდება, რომ პოლიტიკური პროცესები უფრო გამოიკვეთოს.

ჩვენ ხომ პოლიტიკოსებს მხოლოდ ამ თვალით ვუყურებთ, რომ თითქოს მათ შემონახული აქვთ რაღაც სვლები, მაგრამ, მოჭადრაკეებისგან განსხვავებით, პოლიტიკოსებს გამზადებული სვლები არ აქვთ და ისინი ელოდებიან მომენტს, რომ მათი ნაბიჯები მცდარი არ აღმოჩნდეს და უფრო მყარი იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ამ მოლოდინის რეჟიმშია.

"": "ოცნებიდან" წასულები ახალ პარტიას ქმნიან და ასევე "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ შეიძლება, ხაზარაძეც პოლიტიკაში წავიდეს. ოპოზიცია აქტიურდება და ერთიანდება. ამ ფონზე რა პერსპექტივა აქვს "ოცნებას"?

რ.ს: ოპოზიციას იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ მეეჭვება, ამ ყბადაღებულმა გაერთიანება-გაერთიანებამ მათ რაიმე მისცეს. რაც შეეხება ახალი ძალის შექმნას, საზოგადოებაში არის მოთხოვნა სიახლეზე, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ახალი სახეები იყოს, მთავარია, ამ ძველმა სახეებმა სიახლე თქვას. დღეს სიახლე და ახალი იდეებია საჭირო და ამას გაჰყვება საზოგადოება.

რაც შეეხება ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლას, ძნელია ბიზნესმენის ბედი პოლიტიკაში და არც პოლიტიკური გზაა ია-ვარდით მოფენილი.

საზოგადოებასაც არ უყვარს ბიზნემენები, მით უფრო - ბანკირები და არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოების ეს განწყობა ხაზარაძეზეც გადავიდეს.

რა თქმა უნდა, რესურსი აქვს, მკაფიოდ გამოკვეთილი ბიზნესფიგურაა და წარმატებულიც, მაგრამ პოლიტიკისაკენ კურსის აღება ცოტა გაუგებარი იქნება. ჯერ ერთი, რომ რაღაც ხარჯიც არის და არა მოგება, ამიტომ არ მგონია, რომ ასე ადვილად წავიდეს ხაზარაძე პოლიტიკაში და სწორედაც იქცევა, რომ ცივ უარს ამბობს პოლიტიკაში წასვლაზე.