სექტემბრიდან მეორადი საბურავებისა და დაშლილი ავტონაწილების ბიზნესს დაწნეხავენ

სექტემბრიდან მეორადი საბურავებისა და დაშლილი ავტონაწილების ბიზნესს დაწნეხავენ

დედაქალაქის ათასობით მოვაჭრის ბიზნესი დიდი საფრხის წინაშე დგება. საუბარია თბილისში მოქმედ მეორადი ავტონაწილებისა და ასევე მეორადი საბურავების ბაზრობებზე, რომელიც, როგორც წეის, ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული. პირველ რიგში, შეტევა განხორციელდება ელიავას ბაზრობის მიმართულებით, რადგან მისი უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სახის ბიზნესს უჭირავს.

პარლამენტში უკვე შევიდა მმართველი პარტიის წევრთა მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ქალაქის საცხოვრებელ ზონაში რიგი დასახელების პროდუქტებით, მათ შორის მეორად საბურავებით, ჯართით და აალებადი ნივთიერებებით ვაჭრობა იკრძალება. კანონპროექტი ამ დარღვევისთვის ჯარიმებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მინიმუმ 500 ლარიდან იწყება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის-ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით“, - წერია კანონპროექტში.

ამ ქმედების განმეორებისთვის კანონი ფიზიკური პირები - 1000 ლარით, იურიდიული პირები კი - 3000 ლარით დაჯარიმდებიან. მაქსიმალური სანქცია 6000 ლარს შეადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს ევალება, რომ 2019 წლის პირველ ივლისამდე განსაზღვროს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსების და რეალიზაციის წესი.

კანონპროექტის მიხედვით, ამკრძალავი ნორმის მოქმედება 2019 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, შესაბამისი ცვლილების გატარების რეკომენდაცია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გასცა, რაც შემდგომში ქალაქის მთავრობამაც გაიზიარა.

„გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა პირდაპირ ჩაწერა, რომ საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. ერთ-ერთი ნათელი მაგალილთი არის „ელიავას ბაზრობა“, რომელიც არის საცხოვრებელი ზონა, უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების, ყიდვა, გაყიდვა და ა.შ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს თვალსაზრისით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და მთლიანად ქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს.

გარკვეული ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას საცხოვრებელ ადგილებს შორის. დღეს ასეთი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ტერიტორიები, სადაც გროვდება დამაბინძურებელი ნივთიერებები და უფლებრივი ზონების მიხედვით აკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა“, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მერიამ მცირე ეშმაკობას მიმართა. ბაზრობი დახურვისა და გადატანის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ დაარტყეს ბიზნესს, რომელიც იქ განვითარდა.

„ელიავას ბაზრობას დიდი ხანია უტევენ და ვერაფერი უქნეს. ახლა კი, თუ ვაჭრობა აიკრძალება, უზარმაზარი ფართობი, რომელიც ქალაქის ცენტრშია მთლიანად გამოთავისუფლდება. ძალისმიერ მეთოდებზე და ფიზიკურ დაპირისპირებაზე უარი თქვეს და ამ ხრიკს მიმართეს. სამომავლოდ ამას მიჰყვება ბევრი ბაზრობა, მაგრამ ის რისთვისაც მერია საკითხში ერევა, არის ელიავას ტერიტორია, რომლის მფლობელებთანც შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს“, -აცხადებს ტრანსპორტის დარგის ექსპრეტი დავით მესხიშვილი.

ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კი ამბობს, რომ კანონს უშუალოდ ელიავას ბაზრობისთვის არ იღებენ და თავად მუნიციპალიტეტები დაადგენენ კონკრეტულ ადგილებს, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქციის განთავსება-რეალიზაცია აიკრძალება.

„ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ადგილებს, სადაც აიკრძალება სხვადასხვა სახის პროდუქციის განთავსება-რეალიზაცია. ასევე, დაადგენენ თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროდუქციის განთავსება. მაგალითად, ამტვერებადი მასალები უნდა განთავსდეს დახურულ სივრცეში, დაიტვირთოს სატრანსპორტო საშუალებებში დახურულ სივრცეში, მოხდეს გადაზიდვა დახურულად და ა.შ.“ - აღნიშნა „ბიემთან“ საუბრისას ხმალაძემ.

ვიცე მერის თქმით, დღევანდელი თბილისის სტანდარტებს ელიავას ბაზრობა ვეღარ აკმაყოფილებს და ამის დარეგულირება მერიის საქმეა.

tngh შესანიშნავი ინიციატივაა!!! სამიოდე წლის წინ გარემონტებულ აგლაძის ქუჩაზე გავლა შეუძლებელია. სბურავების საწწობად არის გადაქცეული, იქვე ხდება საბურავების და ზეთის გამოცვლა და სუნს ნუღარ იტყვი.
5 დღის უკან