(იბეჭდება შემოკლებით)
ყველას გვახსოვს, 2003 წლის 23 ნოემბერს კრწანისის რეზიდენციასთან როგორ გაუსწორდნენ კაცს, რომელმაც გადაწყვიტა, შევარდნაძის ერთგული დარჩენილიყო.
ამის შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილი პოლიტიკიდან წავიდა...
რა ასწავლა ვახტანგ რჩეულიშვილს პოლიტიკამ და რას ფიქრობს დღევანდელ ვითარებაზე. ამის გასარკვევად ექსპოლიტიკოსს ვესტუმრეთ:
ბატონო ვახტანგ, როგორ გრძნობთ თავს პოლიტიკის გარეშე?
- საპატიო პენსიაში ვარ, პოლიტიკისგან ვისვენებ და იმას ვაკეთებ, რაც მინდა. რამდენიმე წიგნი დავწერე, ახლა სადოქტორო დისერტაციაზე ვმუშაობ. ვარ ბიზნესშიც და სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდსაც ვხელმძღვანელობ. რომ მცოდნოდა, ჩემი ცხოვრება ასერიგად წარიმართებოდა, უფრო ადრე გავიდოდი პოლიტიკიდან პენსიაში.
პოლიტიკიდან თქვენი წასვლა საკმაოდ მტკივნეული იყო, გვახსოვს, როგორ გაგისწორდნენ და როგორ გამოგექომაგათ ზურაბ ჟვანია...
- ჩემთვის ეს სასიამოვნო გასახსენებელი არ არის. შევარდნაძე პოლიტიკიდან მიდიოდა, არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა ძნელბედობის ჟამს. საკუთარ თავს არ ვჩიოდი, გუკა მახლდა თან და თავს რომ დამესხნენ, ვშიშობდი, მასაც არაფერი აუტეხონ-მეთქი. ვიცი, რომ რამდენიმე არაქართველი დამესხა თავს, დაქირავებულები - „თუმნიანები“...
მეორე დღესვე მომიტანეს ჩემი გამლახავების სახელები და გვარები, მაგრამ არც მიკადრებია შურისძიება, ვაპატიე. ვაპატიე იმ კაცსაც, რომელმაც პარლამენტში გამიტეხა თავი. მიტინგებს ვერ ვიტან და ამას კონკრეტული მიზეზი აქვს. შევარდნაძის დროს არმაზიდან მოვდიოდი ოჯახთან ერთად. მანქანაში ნინო დარასელის შვილი, ზაზაც გვყავდა. ხალხს გზა გადაეკეტა, - წყალს ითხოვდნენ. არ გამატარეს. ამის გამო აქციის ორგანიზატორებთან შელაპარაკება მომიხდა და ხალხიც ძალიან დაიძაბა. ისე შეეშინდა ბავშვს, რომ დღესაც მახსოვს. ამიტომ არ მიყვარს მიტინგი.
ამბობენ, 2003 წელს შევარდნაძე სააკაშვილს გაურიგდა და ხელისუფლება გადააბარაო...
- არა მგონია, გარიგება ჰქონოდათ. ჯერ კიდევ 2003 წლის მაისში იცოდა შევარდნაძემ, რომ ამერიკელები სააკაშვილს ამზადებდნენ პრეზიდენტად. მახსოვს, მაშინ სანკტ - პეტერბურგის იუბილეზე ვიყავით და შევარდნაძემ ჰკითხა ჩემს მეგობარს, მხატვარ გია ჯაფარიძეს, რა აზრისაა ინტელიგენცია, რომ სააკაშვილი გახდეს პრეზიდენტიო.
სხვათა შორის, 2003 წლის ნოემბერში, როცა ნანა დევდარიანი ცესკოს თავმჯდომარე იყო, არჩევნები მართლაც გაყალბდა, გარკვეულწილად, ოპოზიციის სასარგებლოდაც.
შევარდნაძის მითითებით ლევან მამალაძე დაეხმარა ქვემო ქართლის რესურსებით „ბურჯანაძე - დემოკრატებს“. მიხეილ სააკაშვილს კი ავთო ჯორბენაძე დაეხმარა, ვარდების რევოლუცია საგეგმილი სცენარით მოხდა.
ხალხს შევარდნაძე ისე სძულდა, მის დასახელებულ მემკვიდრეს არ მიიღებდნენ. ბოლო ერთი წელი იმიტომაც წავიდა სააკაშვილი ოპოზიციაში, რომ რევოლუცია მომხდარიყო და ამ გზით მოსულიყო ხელისუფლებაში.
შევარდნაძე სძულდათ და მიშას როგორ უყურებენ?
- ეგონათ, მიშა 2 წელიწადში გვიშველისო. რომ დაინახეს, არაფერი შეიცვალა და ძველებურად ვცხოვრობთ, თავს ხომ არ დაიდანაშაულებენ, ხელისუფლებას აბრალებენ. როდესაც მოსახლეობის 80 პროცენტი შეჭირვებულია, მას სძულს ხელისუფლება.
თავიდან მიშას შიშზე ჰქონდა აწყობილი მმართველობა და ხალხი სიძულვილის გამოხატვას ვერ ბედავდა. ხელისუფლების შიში ბადრი პატარკაციშვილმა დაანგრია „იმედისა“ და ოქრუაშვილის მეშვეობით. როცა შიში გაქრა, მერეღა დავინახეთ, როგორ სძულს ხელისუფლება ხალხს. როცა ვაანალიზებ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს, ერთ დასკვნამდე მივდივარ, - რუსეთთან საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულებას მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს პრეზიდენტი ის იქნება, ვისზეც არჩევანს აშშ და დასავლეთი გააკეთებენ.
ხალხის არჩევანს არ აქვს მნიშვნელობა?
- ხალხის არჩევანსაც შეცვლის აშშ საკუთარი კანდიდატის სასარგებლოდ - ეს ძნელი არ არის. „გრეჩიხამ“ რომც მოიგოს არჩევნები, ის პრეზიდენტი ვერ გახდება. მას 2 – 3 წელი აშშ-ში უნდა გაეტარებინა, პრეზიდენტობა თუ უნდოდა. გაჩეჩილაძემ და დათო გამყრელიძემ კარგად დაიწყეს, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ამერიკელებთან, მაგრამ მერე დასცილდნენ. თუ ქართველ პოლიტიკოსს წარმატების მიღწევა უნდა, მეტი დრო უნდა გაატაროს ამერიკის კულუარებში, იქ უნდა იყოს მიღებული...