არჩილ გეგენავამ შტაბ-ბინა დაცალა

არჩილ გეგენავამ შტაბ-ბინა დაცალა

ნაციონალები შტაბ-ბინების დაცლას იწყებენ. გუშინ შებინდებისას მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩილ გეგენავას შტაბ-ბინა დაცარიელდა. ბანერები ოფისის ვიტრინები აღარ იყო აჭრელებული არჩილ გეგენავას პლაკატებით. აქტივისტებმა ტექნიკა, ავეჯი და სხვა საჭირო ატრიბუტები სპეციალურად ოფისის დასაცლელად მოყვანილ დიდ სატვირთო მანქანაში გადაზიდეს, რომელსაც „ეკოფუდის“ ატრიბუტიკა ამშვენებდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ისეთ სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც „ეკოფუდის“, „ნუგეშის“ და სხვა დასახელებითაა ცნობილი, სახელისუფლო მონოპოლისტები აკონტროლებენ.

ოფისის დაცლის პროცესში მრუმე სახიან ნაციონალების აქტივისტებს მოვკარით თვალი. ერთ-ერთ მათგანს მაისური ეცვა, წარწერით „გეგე ჩემი ფანია“, თუმცა ბინდის გამო ეს ბოლო სიტყვა მთლად ნათლად ვერ წავიკითხე...

შენობის გარეთა და შიგნითა პერიმეტრზე შეწუხებულ სახიანი ახალგაზრდები იდგნენ. ზოგიერთები, მათ შორის, აქტივისტი გოგონებიც, შენობიდან გატანილი სკამების უქონლობის გამო, ოფისის შიგნით არსებულ ქვის კიბეებზე ჩამომსხდარიყვნენ. სხვათა შორის, ეს ის შენობაა, რომელიც ნაციონალების მხრიდან ექსპროპრიაციას ერთ-ერთი პირველი დაექვემდებარა. ყველას კარგად ახსოვს, თავის დროზე რუსთაველის 30-ში პომპეზურად გახსნილი „სონი“ ცენტრი და კაფე რუსთაველი, მოგვიანებით კი, უკვე 2007 წლის 7 აგვისტოდან მოცემული ფართიდან პოლიციის ძალით გამოსახლებული კერძო მესაკუთრეები, რის შემდეგაც აქ განთავსებულმა კომპანიებმა (შპს. „სონი ცენტრი თბილისმა“ და შპს „კაფე რუსთაველმა“) სერიოზული ფინანსური ზარალი მიიღეს. ამ კომპანიების 50 %-ის მფლობელმა ამერიკელმა ინვესტორმა დავა საერთაშორისო სასამართლოში გააგრძელა. მოგვიანებით „სონი ცენტრი“ რუსთაველის 30-ს დაუბრუნდა, ხოლო კაფე „რუსთაველი“ იმ ადგილას აღარ არის.

ციხეების გახმაურებული კადრების შემდეგ სტუდენტების მასობრივი გამოსვლების დროს, სწორედ ამ შენობასთან აპროტესტებდნენ ახალგაზრდები ნაციონალების ქმედებას. თსუ-დან მთავარი პროკურატურისკენ დაძრული ახალგაზრდები მსვლელობისას სწორედ არჩილ გეგენავას საარჩევნო შტაბ-ბინასთან შეჩერდნენ,  ექსცესების თავიდან ასაცილებლად შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და სკანდირებდნენ „წადი, წადი“, „ძირს ახალაია“, „გამოდით მკვლელებო!“   თუმცა, შტაბიდან არავინ გამოსულა. იქვე მყოფი შტაბის წევრები კი დემონსტრანტების გამოჩენისთანავე შენობაში შევიდნენ და კარები ჩაკეტეს.      

სხვათა შორის, ბევრისთვის გამაღიზიანებელი იყო, რომ არჩევნების აქტიურ ფაზაში შესვლისთანავე, თვეების განმავლობაში, არჩილ გეგენავას შტაბ-ბინის წინ გამუდმებით სპორტული აღნაგობის მამაკაცები იდგნენ ან ისხდნენ იქვე საგანგებოდ დადგმულ სკამებზე და გამვლელ-გამომვლელებს ათვალიერებდნენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კოალიციის გამარჯვების შემდეგ ეს ადამიანები ისევ უძრავად უდგნენ და, დამარცხებული მხედართმთავრებივით, შესცქროდნენ ყიჟინითა და მანქანების სირენებით ემოციის გამომხატველ მოზეიმე ახალგაზრდებს.  

ოფისის დაცლის პროცესს ჩემთან ერთად მოხუცი მამაკაციც შეესწრო და დანანებით აღნიშნა: „ეჰ, მენანება, ამისთანა მორწმუნე ადამიანი რატომ აღმოჩნდა ნაციონალებში?!“ 

თუმცა სამართლიანობისთვის ერთს კი აღვნიშნავთ, რომ გიგა ბოკერიასა და როლანდ ახალაიასგან განსხვავებით, არჩილ გეგენავა ბევრად ღიურსეული აღმოჩნდა და ”ქართული ოცნების” გამარჯვებულ კანდიდატს ზაზა პაპუაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უმალ მიულოცა და მთაწმინდელებისთვის ღირსეული მსახურება უსურვა. "ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე კი დაწერა:

„დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა! ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“.