თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოტივი ძველია, - მათი თავისუფლება ხელს შეუშლის გამოძიების ობიექტურად წარმართვასო. თუმცა, იმ ხუთი თვის განმავლობაში, რაც რამიშვილი და კოხრეიძე პატიმრობაში იმყოფებიან, გამოძიებას არ დაუკითხავს არცერთი მოწმე, ვისზეც შესაძლებელი იყო ეჭვმიტანილებს ზეწოლა და ზეგავლენა მოეხდინათ.
სამაგიეროდ, მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნის ის პუნქტი დააკმაყოფილა, რომელშიც სატელეფონო საუბრების გადამოწმებას ითხოვდნენ.
„მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ იმ ნომრების სიას წარმოადგენენ, რომლებიც რამიშვილისა და კოხრეიძის, ასევე კობა ბექაურის მობილურ ტელეფონებზე დაფიქსირდა 2005 წლის ივლისსა და აგვისტოში.
კულუარული ინფორმაციით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თავად კობა ბექაურმა ძალზე მტკივნეულად აღიქვა.
როგორც გვითხრეს, კიდევ ერთხელ დამუქრებია „ვიღაც-ვიღაცეებს“, თუ „რამეა“, იცოდეთ, ყველაზე ყველაფერს ვიტყვიო.
იმ „ვიღაცეებმაც“ იციან, რომ ბექაური ამაზე „სპასობნია“ - იტყვის, აბა, რას იზამს?
მიუხედავად იმისა, სათქმელი მართლაც არსებობს. როგორც ჩანს, სახელისუფლო „ვერტიკალში“ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ბექაური „გვერდზე გაწიონ“, ამით მხოლოდ თავად გაუგებრობაში მოყოლილი დეპუტატი კი არა, მისი გავლენიანი მფარველებიც უნდა შეშფოთებულიყვნენ. თუ სიტუაცია ძალიან გართულდება, არც ის არის გამორიცხული, „მფარველებმა“ ბექაურს დაასწრონ და კომპრომეტაციის ის მეთოდი გამოიყენონ, რომელიც თავად ბექაურმა გამოიყენა (თუ გამოაყენებინეს?!) რამიშვილის წინააღმდეგ.
იქნებ ზუსტად ეს მიზანი აქვს ოპერაციის დამკვეთს, რომ ბექაურის ფაქიზმა ფსიქიკამ ირიბ ზეწოლას ვეღარ გაუძლოს და უკონტროლო ქმედებები დაიწყოს?
სხვათაშორის, სასამართლოს გამწესრიგებელ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამიშვილსაც და კოხრეიძესაც დარბაზიდან „პირობით თავისუფლებაში“ გაუშვებდნენ, მაგრამ პრეზიდენტის ბაკურიანში „კატაობამ“, როგორც ჩანს, სიტუაცია არია.
სასამართლო 5 საათის მანძილზე ელოდებოდა დირექტივას, ბოლოს გარისკვას მაინც გაურკვევლობა ამჯობინა და პატიმრობა ძალაში დატოვა. ამ გაურკვევლობის გარკვევის საშუალება საქალაქო სასამართლოს რამდენიმე დღეში მიეცემა, როცა „ძირითადი“ განხილვა დაიწყება. მანამდე კი ბექაურს დრო აქვს, ინერვიულოს, იფიქროს და რაღაც „გზების“ ძებნაც ახალი ენერგიით დაიწყოს.
იანვრის მეორე ნახევარში, მუშაობას განაახლებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, რომელიც „ოპიზას“ საქმეს სწავლობს. პარლამენტარები გვპირდებიან, - ბევრი მოულოდნელი რამ მოხდება და ბევრი აქამდე უცნობი გვარიც დასახელდებაო. იგეგმება თავად კობა ბექაურის დაკითხვაც, რომელსაც, სავარაუდოდ, თავის მართლება მოუწევს.
არ გახმაურებულა ბექაურის ქონების შესწავლის შედეგებიც, თუმცა, მისი ერთ-ერთი ახლად აშენებული სახლიც, კინაღამ უროებითა და „ბულდოზერებით“ რომ მიადგნენ, საკმარისი მიზეზია განგაშისთვის.
პირობებს უყენებენ კოხრეიძესა და რამიშვილსაც. მხოლოდ „202“-ზე უარის თქმა, როგორც ჩანს, საკმარისი არ იქნება. კოხრეიძის განცხადებით, სოზარ სუბარის პირით შეუთვლიათ, რომ „თუ არ დათანხმდებით, 4-წლიანი პატიმრობა არ აგცდებათო“.
მოკლედ, ორივე მხარეს მოსაფიქრებლად საკმარისი დრო აქვს. აი, ხელისუფლება კი დროის დეფიციტს ნამდვილად განიცდის, ბიუჯეტში შესატანი თანხებია მოსაძებნი და თუ სამართალდამცავები ახალ „მოსაწველ ტიპებს“ არ „იშოვიან“, შესაძლოა მათაც მიუკაკუნოს კარზე „მიშას სამართალმა“.