ქართულ ბიზნესს არც რენესანსის პერიოდი უდგას, მაგრამ არც ნაციონალებისდროინდელი დევნის ობიექტია. ამის მიუხედავად, დღეს საქართველოში არიან მადლიერი და არც თუ მადლიერი ბიზნესმენები. ბიზნესმენთა ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ბიზნესის კეთების თავისუფლებით საქართველო 7-8 წლის განმავლობაში გამორჩეულია და რატომღაც ქართული საბანკო სისტემის წარმომადგენლებს ხმა არ ამოუღიათ მაშინ, როცა ბიზნესმენებზე ზეწოლა სასტიკი მეთოდებით ხორციელდებოდა, როცა ბიზნესმენებს კლავდნენ და, როცა ბიზნესმენები თავს იკლავდნენ.
თუმცა ყველა ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ მიმართ დითირამბებს არ აფრქვევს. სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში იარაღს ატრიალებენ და პროდუქციას იპარავენ.
„გვეუბნებით, საკუთარი თავი დაიცავითო, ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში და ასე დავიცვათ ჩვენი ბიზნესი?“
მართლა დასაცავია თუ არა ქართული ბიზნესი, ამის შესახებ For.ge-ს ესაუბრა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.
ცალკეული ადამიანები საუბრობენ „ოცნების“ პერიოდში ბიზნესის წნეხის შესახებ, ზოგიერთები ვინჩესტერის ხელში აღებასა და ბიზნესის ამ საშუალებით დაცვაზე ალაპარაკდნენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობა სადღაც შუალედშია, როცა მთლად არც რენესანსული პერიოდი აქვს ბიზნესს, მაგრამ ეს არ არის ის, რაც „ნაციონალების“ დროს ხდებოდა. ვგულისხმობ ბიზნესის დაწიოკებას, როცა ვინჩესტერის აღებაზე საუბარსაც ვერავინ გაბედავდა.
- ცალსახად ვფიქრობ, რომ ვინჩესტერის ასაღები დრო ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ხელის გულზეა ის, რომ კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის სრულიად ჩამოშლილია. შესაბამისად, ალბათ, ეს აძლევს საშუალებას ცალკეულ ბიზნესმენებს, აკეთონ ასეთი განცხადებები და, ხშირ შემთხვევაში, ეს განცხადებები უფრო მეტად ემოციურია. ზოგადად, ბიზნესის მხრიდან გამოხატულება სხვადასხვაგვარია და ამ ემოციების შეფასებაც მსმენელის პრეროგატივაა. თქვენ ახსენეთ გასული პერიოდი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აქაც სრული ეკლექტიკაა. ახლა გამოდიან ცალკეული ბიზნესმენები, რომლებმაც ხაზგასმულად იხეირეს გასულ პერიოდში, რომელიც უმძიმესი შლეიფით მოდის დღემდე როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოების სხვა წევრებისთვის. რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო ბიზნესისთვის არც თუ სასურველი პერიოდი, როდესაც ქონებასა და საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები სრულად იყო უგულებელყოფილი, რასაც ახლა ცალსახად ნაკლები ტირაჟირება აქვს და დღეს თითქმის რთულია, დაასახელო ასეთი ქეისები. თუმცა ის, რომ დღეს ბიზნესს სჭირდება კომუნიკაცია, ხშირი ურთიერთობა მთავრობასთან, პარლამენტთან, ეს აშკარაა და ამან იჩინა თავი. ცალკეული ბიზნესმენების გამონაქვამები, რომლებიც შესაძლოა, კმაყოფილნი ან უკმაყოფილონი იყვნენ არსებული ვითარებით, მათ სუბიექტურ მსჯელობად მიმაჩნია, რადგან ყველას თავისი დღის წესრიგი აქვს.
თქვენი აზრით, ისევე, გადაჭარბებულია „ზეარისის“ ხელმძღვანელ გოჩა ფიფიას შეფასებები, როგორც მის საპირწონედ ვასილ სოფრომაძის მხრიდან ვინჩესტერის ხელში აღების ამბავი?
- იცით, როგორ არის? გოჩა ფიფიას განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ თითოეულ ამ ბიზნესმენს, თავისი ემოციიდან გამომდინარე, აქვს თავისი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არსებობდა წინა ხელისუფლების პერიოდშიც, არსებობს ახლაც და იარსებებს შემდეგშიც. ამისთვის არსებობს მედია, არსებობს ამ ადამიანებისა და მათი საქმიანობის გაშლის ძალიან კარგი არქივები. თავიანთ შეფასებებში ეს ადამიანები არიან სუბიექტურნიც, ობიექტურნიც და ემოციურებიც. ბიზნესგაერთიანებები და თავად ხელისუფლებაც უნდა ცდილობდნენ ერთმანეთთან ინდივიდუალურ თუ საერთო კომუნიკაციას, რადგან ეს თემა ხელისუფლების სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს.
როდესაც მოშლილია კომუნიკაცია, შეიძლება ისარგებლონ გარკვეულმა ძალებმა, ანუ შუალედურმა რგოლებმა? მით უმეტეს, როცა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი ისეთი მყარი არ არის, როგორიც უნდა იყოს. თქვენი აზრით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი მოშლილია?
- ირაკლი ლექვინაძე ლამის ყველა ბიზნესთან მიმართებით ჩანს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატურად საკონტაქტო პირი, თუმცა, მას თუ შესაბამისი უფლებამოსილება და დამოუკიდებლობის ხარისხი არ ექნება, ჩათვალეთ, რომ ერთ თვეში, სამ თვეში, ან სამ წელიწადში ისევ For.ge-სთან რომ ვისაუბრო ამ თემის შესახებ, ვიტყვი იმავეს, რომ ეს ინსტიტუტი არ არსებობს იმ სახით, რისთვისაც უნდა არსებობდეს. თითქმის ყველა ბიზნესომბუდსმენს ვუსურვებ ხოლმე, რომ ნეტავ, თქვენ იყოთ ბოლო ბიზნესომბუდსმენი, რადგან არ იყოს დამატებითი რგოლის საჭიროება ხელისუფლებასთან მიმართებით. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ რამდენიმე თვის წინანდელ თემას, როცა იყო იდეა, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი გადასულიყო საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ. თუ ეს საკითხი დაიძვრებოდა, ეს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუციას თვისობრივად წინ წაიყვანდა, რადგან ამ მიმართულებით მართლაც ძალიან ნიჭიერი ხალხი მუშაობს და მათი შრომა დასაფასებელია.
„ფადი ასლი გვარცხვენს და ქართველ ბიზნესმენებს ლაჩრებს გვიწოდებს, ხაზარაძეს მხარს რომ არ ვუჭერთ, მაგრამ ჩვენ რომ გვქონოდა ამერიკის მოქალაქეობა, მაშინ ჩვენი განცხადებები გაცილებით თამამი იქნებოდა“, - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი. რას ნიშნავს ფადი ასლის თამამი განცხადებები საქართველოში ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით?
- ფადი ასლი ღიად ამბობს, რომ ის აღარ არის ბიზნესით დაკავებული საქართველოში. ის არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის გაერთიანების ხელმძღვანელი საქართველოში და მის მოსაზრებას შეიძლება დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო.
მაგრამ იგი კომპანიების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელთა ბიზნესსაც პრობლემები შეექმნა.
- ფადიმ გააკეთა ეს ჩამონათვალი, რომელიც სხვადასხვა ბიზნესებმა დაადასტურეს სხვადასხვა მედიაგამოცემებში, ცალკეულმა ბიზნესებმა კი ეს ყველაფერი უარყვეს. თვითონ ფადიდან გამომდინარე, მე ვერ დავინახე, რომ ფადის ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს. ვფიქრობ, ბიზნესში შეურაცხმყოფელი ენა არც უნდა არსებობდეს. თუ ვინმე არ ეთანხმება ფადი ასლის განცხადებას, დაასაბუთოს, როგორც ამის თაობაზე ცალკეული კომპანიები გამოვიდნენ და უარყვეს, რომ მათ ბიზნესს პრობლემები არ აქვს, ან პირიქით, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში ცალკეულმა ბიზნესმენებმა დაადასტურეს, რომ მათ მიმდინარე პრობლემები აქვთ. სიტუაციის დრამატიზებას ხშირად პოლიტიკური ელფერი ეძლევა და პოლიტიკოსებიც იმისთვის არსებობენ, რომ ასეთი თემები გამოიყენონ. ხელისუფლებაც ამის საფუძველს აძლევს პოლიტიკოსებს იმით, რომ კომუნიკაცია ბიზნესმენებთან არ აქვს.
გამოითქმის მოსაზრება, რომ ხაზარაძე ცდილობს, ივანიშვილთან ხიდები ბოლომდე არ დაწვას, ანუ მილიონერი ცდილობს საერთო ენა გამონახოს მილარდერთან, თუმცა კვლავ გაუგებრობად ქცეულა წერილი, რომლის გადაცემაც „რუსთავი 2“-ის მტკიცებით, თურმე ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით მოხდა ხაზარაძისთვის.
- ვერ დავადასტურებ, რომ ბადრი რაიმე ტიპის შუამავალია. ვერც ბადრისა და მამუკას მაგივრად ვისაუბრებ. მე მაქვს პრეტენზია, რომ ამ ადამიანებს 27-30 წელიწადია ვიცნობ და ამ 30 წლის თავზე მათი ლექსიკა, ფრაზეოლოგია, დიპლომატია და დამოკიდებულება საქმის, თუ პერსონალიების მიმართ არ შეცვლილა. თუკი ამას ვინმე თარგმნის იმგვარად, რომ ხაზარაძე უნდა გამოდიოდეს და ისროდეს ქვებს და რევოლუციურ მოწოდებებს აკეთებდეს, ეს გამორიცხეთ, რევოლუცია არ იქნება, ეს არ არის ამ პიროვნებების ლექსიკისა და ფრაზეოლოგიის ნაწილი. ხაზარაძემ გააკეთა მინიშნება, რომ ანაკლიასთან მიმართებით სერიოზული დავა იქნება და ეს ჯგუფი არ აპირებს იოლად დათმოს ეს საკითხი. ეს დავა ასევე გაწერილია იმ ხელშეკრულებაში, რომელიც არსებობს ანაკლიის კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის ტენდერიდან გამომდინარე. ამიტომ მათი მხრიდან რევოლუციურ რიტორიკას გამოვრიცხავ.
რაც შეეხება ანაკლიას, თავის დროზე ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა კვირიკაშვილს ანაკლიის გამო, თუმცა სამ კვირაში კვირიკაშვილი მოხსნეს. ზოგიერთებს ეჭვი უჩნდებათ, თავად ივანიშვილის ინტერესი ხომ არ არის ანაკლია? თუმცა ივანიშვილს თვითონვე რომ სდომოდა ანაკლიის პროექტის განხორციელება, ამ პროექტში ჩართვას ვინ დაუშლიდა?
- ამას გამოვრიცხავ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პარტნიორობა, მონაწილეობა ან სხვა რამ ივანიშვილს რომ სდომოდა, არა მგონია, მას ამ თემასთან დაკავშირებით პრობლემა შექმნოდა, მათ შორის, ხაზარაძის პირობებშიც კი. მე ამ შეთქმულების თეორიაში ვერ გავდივარ. თუმცა ჩემთვის კვლავ ამოუხსნელი რჩება ერთი რამ, რატომ გახდა ეს ყველაფერი ახლა საჯილდაო ქვა. ყველაფერი, რაც ამ ჯგუფს უკავშირდება და მეტიც, ასეთი დამთხვევა ბანკსა და ანაკლიის პროექტს შორის პრეტენზიებთან დაკავშირებით უბრალოდ არ არსებობს. ამას ვერავინ დაიჯერებს.
თქვენ კითხვები გიჩნდებათ რუსეთის კონტექსტში, რომ, თუკი ანაკლია ნოვოროსიისკის პორტის მეტოქე გახდება, ეს რუსეთის ინტერესში ნამდვილად არ იქნება?
- ჩემი პოზიცია მარტივია, ანაკლია უნდა აშენდეს. ჯგუფმა ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შრომა გასწია. ანაკლიის კონსორციუმს, რომელიც ამ საქმეშია ჩართული, ინტელექტუალური, ცოდნითი და სხვა რესურსების თვალსაზრისით ანალოგი არ აქვს. მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საქმეში 68-დან 70 მილიონ დოლარამდე თანხაა დახარჯული, აქ ბევრი სტრატეგიული ინტერესია, ეს არის, პირველ რიგში, ამერიკელი ოპერატორი - „ესესეი მარინი“ და ეს არის დანიშნულება პორტისა, რომელმაც აამოძრავა ბევრი ისეთი აქტივი საქართველოში, რომელიც აქამდე მიძინებული იყო. პირდაპირ გეტყვით, სხვა პორტების ჩამიჩუმი არ ისმოდა აქამდე. ნახეთ, რა ხდება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში-რეკონსტრუქცია, რეორგანიზაცია, საოცარი გეგმები მოდის თითქმის ყველა პორტიდან. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ანაკლია კეთდება და ის უნდა გაკეთდეს. ახლა მთავარია, დროზე ჩაცხრეს ეს თემა, დასხდნენ მხარეები, პირველ რიგში, პარტნიორები. ზუსტად ანაკლიის კონსორციუმი, ანუ მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორები და სახელმწიფო უნდა დასხდნენ და გაერკვნენ ყველაფერში, რადგან დღეს პარტნიორებს შორის გაუგებრობაა. 1