პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევდა, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ადამიანების მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება იყო. ახლა კი იგივე ზოიძე აცხადებს, რომ უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად, ალტერნატიული გზა მოძებნეს და იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს. გამოდის, რომ თამბაქოს შესახებ კანონმა ჯერჯერობით არ გაამართლა, თუმცა მწეველთა შემცირების მიზნით ზოიძე კვლავ თამბაქოს/თუთუნის გაძვირებას ითხოვს.
თამბაქოზე ფასის ზრდა თავის დროზე კრიტიკულად შეაფასეს ეკონომისტებმა და აღნიშნეს, რომ არსებული გადაწყვეტილება მწეველთა რაოდენობას არათუ შეამცირებდა, არამედ უფრო მეტ პრობლემას შექმნიდა შავი ბაზრისა და მწეველების მიერ ალტერნატიული გზების ძიების თვალსაზრისით.
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ვიცე - პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა თამბაქოს შესახებ კანონის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მთავრობას ორი კურდღლის მადევარივით დაემართა.
„თამბაქოზე აქციზის ზრდა 2012 წლის შემდეგ დაიწყო და ის მცირედით პერმანენტულად იზრდებოდა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2017 წელს, როდესაც ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ღირებულება ერთბაშად 0.60 ლარით გაიზარდა. ამ აქციით მთავრობა „2 კურდღლის“ ერთად დაჭერას შეეცადა. კერძოდ აქციზის კოლოსალური ზრდით ცდილობდნენ თამბაქოს მოხმარება შეემცირებინათ, რაც თავის მხრივ უტოპიაა, ხოლო მეორე მხრივ აქციზის გაზრდით ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს ელოდნენ. რითაც იმხანად ბიუჯეტში 500 მლნ -ნი დეფიციტი უნდა დაებალანსებინათ, რომელიც გადასახადების „ესტონური მოდელის“ შემოღებამ წარმოქმნა. მაგრამ როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, იდეის ავტორებს „ორივე კურდღელი“ ხელიდან დაუსხლტათ.
მთავრობამ აქციზის ზრდით ბიუჯეტში დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები შემოსავალი მიიღო. კერძოდ, თუ 2016 წლის 7 თვეში თამბაქოს იმპორტიდან მიღებულმა აქციზის შემოსავალმა 494 მლნ ლარს მიაღწია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 322 მლნ ლარს არ აღემატებოდა. რაც შეეხება თამბაქოს მოხმარების შემცირებას, არც ეს გამოვიდა, ვინაიდან მომხმარებელი ფილტრიანი თამბაქოდან, ადგილობრივ უფილტრო თამბაქოზე გადავიდა.
მართალია რეგულაციებმა ფისკალურ ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა მაგრამ წყალი ადგილობრივი წარმოების წისქვილზე დაასხა იმდენად, რამდენადაც მომხმარებელი უფილტრო სიგარეტზე გადავიდა, უფილტრო სიგარეტის 90%- მეტი კი სწორედ ადგილობრივ ბაზარზე იწარმოებოდა. კერძოდ, თუ 2015 წელს ადგილობრივ ბაზარზე 24 მლნ კოლოფი უფილტრო სიგარეტი იწარმოება, ეს ციფრი 2016 წელს 35 მლნ -მდე გაიზარდა. 2017-ში კი ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმოებმა უფილტრო სიგარეტმა 73 მლნ კოლოფს გადააჭარბა.
თუმცა ადგილობრივი წარმოების მსგავსი განვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა, „ჯანმრთელობისთვის მებრძოლებმა“ ახალი რეგულაცია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც 2019 წელს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა. რის შემდეგაც, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ადგილობრივი წარმოება, იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე ოდესმე და პრაქტიკულად გაკოტრებისთვის გაიწირა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ამხელა ეკონომიკური მსხვერპლიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად, მეტიც მოსახლეობა კიდევ უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე, გადასახვევ თამბაქოზე გადავიდა. ამ პრობლემის გადაჭრასაც, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, აკაკი ზოიძე უცვლელი ფორმით, გადასახადების გაზრდით ცდილობს. რამდენად შეამცირებს ეს ინიციატივა მწეველთა რაოდენობას რთული სათქმელია, თუმცა ნათლად აჩვენებს იმ ეკონომიკურ რისკებს რომლისკენაც ეს ინიციატივა მიგვაქანებს. კერძოდ საუბარია კონტრაბანდულ რისკზე, რომელიც ბოლო წლებში, ისედაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ რეალობას უფრო ნათლად დავინახავთ, თუ კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობას ციფრებში შევხედავთ.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48 საქმემდე იყო გაზრდილი. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი.
რაც შეეხება 2018 წელს, მართალია გასული წლის მონაცემები სრულად ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ წინა წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აქ საუბარია იმ შემთხვევებზე რაც გამოავლინა შემოსავლების სამსახურმა, ხოლო რაც ვერ გამოავლინა ის ცალკე საკითხია.
ეს ის თანხაა რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს აკლდება, ეს ის ბიზნესებია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ასაქმებს, ეს ის ეკონომიკაა, რომელსაც თუ არ ვადგებით ხელს მაინც არ უნდა ვუშლიდეთ. აღარაფერს ვამბობ იმ პატარ-პატარა ბიზნესებზე, რომელსაც ამ გაუაზრებელმა კანონმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
მიუხედავად ეკონომისტების კრიტიკისა ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე for.ge -სთან საუბრისას, თამბაქოზე ფასის ზრდას დადებითად აფასებს, რადგან ფიქრობს, რომ თინეიჯერებისთვის სიგარეტზე მაღალი ფასი მოწევის დაწყებისას შემაფერხებელი იქნება.
„საქართველოში მწეველი თინეიჯერების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ვფიქრობ თამბაქოს გაძვირების შემთხვევაში მათ დაენანებათ ამხელა თანხის გადახდა, იმიტომ რომ ისინი ჯერ არ არიან დამოკიდებული თამბაქოზე და შესაძლოა აღარც მიეჩვიონ მოწევას.
მაგრამ ამ ამბის ფსიქოლოგიური ნაწილი, სიგარეტის კოლოფებზე განთავსებული საშინელი სურათები უფროა, რაც დღესდღეობით სიგარეტის ყველა კოლოფს ახატია, რადგან სურათ-ხატი, როგორც ასეთი, შთაგონებითად მოქმედებს ადამიანზე და განსაკუთრებით ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ იპოქონდრიისკენ, ანუ აკვიატებული შიში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, სიგარეტის კოლოფზე ეს საშინელი სურათები არასოდეს გახდება ვინმეს შთაგონება, რომ თავი დაანებოს თამბაქოს. პირიქით გაზრდის იმ ადამიანების რაოდენობას ვისაც ნერვები არა აქვს მწყობრში. ეს უფრო არასწორი პოლიტიკაა სიგარეტზე თავის დანებების ვიდრე ფასების ზრდა“,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას სალომე ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის: საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზია. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს, რის გამოც ზოიძე მიიჩნევს, რომ იაფი და ხელმისაწვდომი თამბაქო არ უნდა იყოს.
ზოიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას არ გეგმავს. მისი თქმით, მსგავსი რეგულაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა და გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. მთვარობის გადაწყვეტილება კი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.