საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი სპირტიანი სასმელის რეკლამაზე არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. უკვე მომზადებულია სათანადო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სპირტიანი სასმელის რეკლამის ტელეეთერით გასვლა აკძალული იქნება საღამოს რვა საათამდე. აქამდე ეს შეზღუდვა ღამის თერთმეტ საათამდე ვრცელდებოდა.
ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას უკვე აპროტესტებს და აცხადებენ, რომ ეს ფარული ლობირების“ გამო ხდება. საინტერესო ის არის, რომ ამ ინიციატივას თავად საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც უპირისპირდება. კანონპროექტი იურიდიული კომიტეტის წევრების, ლაშა თორდიას, კახა ანჯაფარიძის და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ არის მომზადებული და როგორც ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია განმარტავს, მიზანი არის ის, რომ „სარეკლამო ბაზარზე არ არსებობდეს ხელოვნური შეზღუდვები“.
ასეთ დამოკიდებულებას კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგი წერეთელი გაუმართლებლად მიიჩნევს. მან ამასთან დაკავშირებით საყვედური გუშინ, ბიუროს სხდომაზეც გამოთქვა. წერეთელი 20:00 საათის, როგორც ზღვარის დაწესებაში აზრს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ თუ ეს დრო არ შეიცვალა, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
„თუ რვა საათიდან უნდა იყოს ასეთი რეკლამა დაშვებული, მაშინ შეზღუდვას აზრი არ აქვს და უკეთეს რამეს გთავაზობთ, საერთოდ გააუქმეთ ეს ზღვარი“, - განაცხადა წერეთელმა.
თორდია კი ამ შეზღუდვის ლიბერალიზაციას კვლევების შედეგებს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელ პერიოდში, მიხედავად იმისა, რომ მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამა 23:00 საათიდან დასაშვებია, სპირტიანი სასმელების მოხმარების მხრივ მდგომარეობა არ გაუარესებულა. მისი აზრით, ადამიანი ერთნაირად შეიძლება მოიწამლოს, როგორც გადაჭარბებული ღვინის, ისე არყის სმით და შესაბამისად, ამ ორს შორის დიდი განსხვავება არ არის.
აღსანიშნავია, რომ მის ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილიც იზიარებს. მისი აზრით, 23 საათზე მხოლოდ 7-8 წლის ბავშვებს სძინავთ და მათთვის ამ რეკლამის დაფარვას აზრი არ აქვს. 18 წლის მოზარდები კი რეკლამას ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ნახავენ 20 საათიდანაც და 22 საათიდანაც.
გიგი წერეთელი კოლეგების მოსაზრებებს არ იზიარებს და წუხს, რომ მსგავსი წინადადებების ინიცირებამდე, მისმა კოლეგებმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტთან კონსულტაცია არ გაიარეს.
საინტერესოა, საათობრივი ბარიერის დაწევა რა სარგებლის მომტანი იქნება მწარმოებელი კომპანიებისა თუ ტელევიზიების მფლობელებისთვის, მაგრამ წერეთელს ამ თემაზე საუბარი არ სურს. სამაგიეროდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივები ფარული ლობიზმით არის განპირობებული.
მისი თქმით, საათობრივი ბარიერის მოხსნა შედის მწარმოებელი კომპანიის ინტერესშიც და ტელეკომპანიის მიზნებშიც.
„მე რეკლამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ნებისმიერი მიხვდება იმას, რომ თუკი ეს საათობრივი ბარიერი დაიწევს, ტელეკომპანიებს შეეძლებათ, რომ უფრო მეტი რეკლამა გაუშვან და ამით მათი შემოსავლები გაიზრდება. მეორეს მხრივ კი, ეს აწყობს მწარმოებელ კომპანიასაც, ვინაიდან დადგენილია, რომ რეკლამა აუცილებლად ზრდის მოთხოვნას და ასე რომ არ იყოს, ამდენი ფული რეკლამებში ტყუილად არ დაიხარჯებოდა“, - აცხადებს ბაღათურია.
მისი აზრით, აქ ორი მთავარი პრობლემა არსებობს. ერთი ის, რომ ამით გაიზრდება ახალგაზრდა თაობაში სპირტიანი სასმელების მოხმარების საშიშროება და მეორე ის, რომ პარლამენტართა მხრიდან ხდება ფარული ლობირების გაწევა მათთვის სასურველ საკითხებზე.
„ბოლო დროს აშკარაა, რომ კანონებს დეპუტატებზე ძლიერი ლობისტები ჰყავთ და ეს ფაქტიც ამას ადასტურებს. აშკარაა, რომ ასეთი რამეების გატანა ლობისტობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და ფაქტები კი ძალიან მომრავლდა. პრობლემა კი ის არის, რომ ეს ჩუმად კეთდება და კანონები გააქვთ ისე, თითქოს ამაში არანაირი პირადი ინტერესი არ ჰქონდეთ“, - აცხადებს ბაღათურია.