„გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო ჩარევას ანაკლიის პორტის მიმართ“

„გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო ჩარევას ანაკლიის პორტის მიმართ“

საპარლამენტო უმრავლესობა „თიბისი ბანკსა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან მოყოლებული, სახელმწიფო უწყებების – ეროვნული ბანკის, პროკურატურის,ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა „თიბისი ბანკზე“.

მეტიც, კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრი გიორგი გახარია დაადანაშაულა ზეწოლასა და მუქარაში, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მისი მოადგილე – შანტაჟში. ამასთან, მისი განცხადებით, საეჭვოა პროკურატურის მხრიდან „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებს ბანკს.

უმცირესობა დარწუმებულია, რომ „თიბისი ბანკის“ მიმართ განხორციელებული ორკესტრირებული შეტევა პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას და ამის უკან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ინტერესები დგას, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა.

ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ საქართველოს მთავრობაში. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორს უჭირს პროექტის შესრულება და ეს არ არის დაკავშირებული პროცესებთან, რომელიც მიდის ხაზარაძეჯაფარიძესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ურთულებს კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაძრან.

„ანაკლიის პორტის მასშტაბის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, ძირითადად კეთდება სახელმწიფოს მიერ. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ გვინდა ქვეყნის ეკონომიკა განვავითაროთ კერძო სექტორზე დაფუძნებით და დაყრდნობით, ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა კერძო სექტორისთვის, რომ შეესრულებინა ეს პროექტი.

რაც შეეხება პროექტში სახელმწიფო ვალდებულებების გაჭიანურებას, ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ჯერ ის მინიმალური საკუთარი კაპიტალი, რომელიც უნდა იყოს შეტანილი ინვესტორების მიერ, არ არის შეტანილი. ჩვენ დავიწყებთ და შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, როგორც კი დავინახავთ, რომ მინიმალური კერძო კაპიტალი შეგროვდა და როგორც კი დავინახავთ, რომ ჩვენ მივიღეთ საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობა დაფინანსებაზე“, – აცხადებს გიორგი ქობულია.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტის მშენებლობა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ–მინისტრობის პერიოდში დაიწყო, უფრო ზუსტად კი, 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და აღებული ვალდებულებების თანახმად 2021 წელს უნდა დასრულდეს. ანაკლიის პორტის მშენებლობას რომ საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, ამაზე საუბრობენ ანალიკიტიკოსები, რომელთა შეფასებით, ანაკლიის პორტის ამუშავების შემდეგ, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი ძლიერდება.

თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ პროექტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაიმე დინამიური ძვრა არ ჩანს, არ ჩანდა და პროექტის განხორციელების ტემპი იყო ნელი, რაც ითხოვს პასუხებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, ეს არის ანაკლიის, როგორც კონფლიქტისპირა რეგიონის მნიშვნელობა, სადაც რამდენიმე კოლომეტრში დგას რუსეთის საოკუპაცო ძალა, რომლის პირდაპირ ინტერესში შედის ამ პროექტის გაყინვა.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი for.ge–სთან საუბრისას ამბობს, რომ ვინაიდან პორტი ოკუპირებულ რეგიონთან ახლოს არის, ეს გარკევულ პრობლემას ქმნის. თუმცა მისი თქმით, შესაძლო დივერსიებისგან არც ფოთის პორტია მაქსიმალურად დაცული. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ზღვიდან, თუ ხმელეთიდან, რადგან რუსეთის სპეცსამსახურებმა მიზნად, რომ დაისახონ დივერსია, საკმაოდ იოლად მიაღწევენ.

„პორტის მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არის აუცილებელი, გარდა იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქნება, უცხოელი ინვესტორისთვის უნდა იყოს ეფექტიანი, ანუ ხელსაყრელი, რომ შუა აზიისკენ, ან ჩინეთისკენ ტვირთები „აბრეშუმის გზით“ გადაიტანოს და გამოიყენოს ფოთის, ან იგივე ანაკლიის პორტები. ეს უნდა იყოს მისთვის საინტერესეო. რაც შეეხება საფრთხეს, გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო ჩარევას ანაკლიის პორტის მიმართ.

აქ უფრო ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოყენებული. რუსეთი ეცდება სხვა ტვირთნაკადები გადაამისამართოს უფრო მიმზიდველი ხელსაყრელი პოლიტიკით, რაც სამწუხაროდ მოახერხა ნაწილობრივ შუა აზიასთან დაკავშირებით. ასევე, თუ რუსეთი მოინდომებს ანაკლიის, ან ფოთის პორტში, ან თუნდაც თბილისში ქაოსს, ამას მიაღწევს. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები ვერანირ კონტრღონისძიებებს ვერ გაატარებენ და ამაში დარწმუნებული ვარ.

ასე რომ, ინვესტორისთვის, პირველ რიგში, მიმზიდველი იქნება ეკონომიკური გათვლები, ეკონომიკური გარემო. ახლაც, თუ რეალური ინვესტორი იყო და არ იყო ვიღაცა, ვისაც ან ფულის გათეთრება უნდოდა, ან სხვა კრიმინალური მიზნები ჰქონდა. ნამდვილი ინვესტორი ჯერ შეხედავს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ეფექტიანობას“, – აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს შავ ზღვაზე დარჩა მხოლოდ ფოთის პორტი, რომელსაც აქვს გადაზიდვების მნიშვნელობა, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში მთელი დატვირთვა ფოთის პორტზე მოდიოდა, რადგან ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა მოწყობილია სატვირთო გადაზიდვებისთვის.

„რაც შეეხება ანაკლიას, ბუნებრივია, უფრო თანამედროვე, ღრმა და განვითრებული ინფრასტრუქტურა იქნება. ბუნებრივია, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, აქ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ალტერნატივები, მაგალითად, ჩვენი ორი პორტი ფოთის და მომავალში ანაკლიის, გათვლილია იმაზე, რომ მათ უნდა დატვირთონ საქართველოს რკინიგზა. რუსეთის სურვილია არც ერთი პორტი არ იყოს გარდა ნოვორასისკისა. ახლა სევასტოპოლიც ჩაიგდო ხელში. ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სხვა ქვეყნების კონკურენტული გადაზიდვების ბლოკირებას. არ იქნება სიახლე, რომ ამ შემთხვევაშიც რუსეთი შეეცადოს ბლოკირებას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პოლიტიკურ შემადგენელს, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ პროექტში ლომის წილი იქნებოდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, „იბიარდის“. მისი თქმით, პროექტში „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის ჩანაცვლებაზე საუბარი არის სპეკულაციური და ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

„სახელმწიფოს ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, მეორე ნახევარი კი შესრულების პროცესშია. ამასთან ერთად, აქ არის დიდი კერძო კომპონენტი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია თანხობრივად, ვიდრე სახელმწიფოს კონტრიბუცია, თუმცა სახელმწიფოს წილიც საკმაოდ დიდია.

კერძო ნაწილში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ არსებულმა კონსორციუმმა მოახდინოს თანხების მობილიზება, ასევე, მოიზიდოს ინვესტორები და ეს პროექტი შედგეს. შესაბამისად, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არაფერი არ იცვლება. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ ანაკლიის პროექტს ისე, როგორც ვხედავდით რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს იდეა და პროექტი ჩაისახა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კითხვები აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომლის განცხადებით, არის ძალიან ბევრი საკითხები, რომელსაც ახლავს თავისი რისკები და პლუსები.

„მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი ცოტა უცნაურად ჟღერს. მენეჯმენტი გვეუბნება, რომ მათ წინასწარი კონტრაქტის ფაზაში ჰყავდათ გადაყვანილი პირველი საფინანსო პაკეტი, ანუ 600 მილიონის ოდენობით. ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიღაცა დაინტერესებული იყო. დამარწმუნეთ, რომ ისინი საკმაოდ კომპეტენტურები არიან იმისთვის, რომ ეს რისკები შეაფასონ თვითონ. თუ ჩვენ ახლა ვიწყებთ მსჯელობას, ინვესტორს რატომ უნდა აინტერესებდეს, ამით ჩვენ ფაქტობრივად ზიანს ვაყენებთ პროექტს.

აქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მაქვს კრიტიკული შენიშვნები თუნდაც ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, რადგან ამით ზიანი უნდა მივაყენო პოტენციური ინვესტორის მოზიდვას, რა მოტივი უნდა მქონდეს ეს გავაკეთო? - არანაირი. აქედან გამომდინარე, თავს შევიკავებ საჯაროდ რისკების შეფასებაზე. ინვესტორმა თვითონ უნდა შეაფასოს თავისი რისკი. მე რატომ უნდა ვუთხრა ფული არ ჩადოს, როცა ჩემი ქვეყნის ინტერესშია რაღაცა ინვესტიცია გაკეთდეს, რატომ უნდა დავიწყო ჩემი ქვეყნის საბოტირება, რაც ფაქტიურად გააკეთა პროკურატურამ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.