პოლკოვნიკ თემურ მიქაუტიძის კრიტიკულმა წერილმა „სიყალბისგან სარგებელი თუ სიმართლისგან ზიანი?“ - გვარიანად შეარყია გასული წლის ქართული ინტერნეტსამყარო. ამ თემამ თანამედროვე მწერლები დააინტერესა, ინტერნეტმკითხველი კი ზოგი დააფიქრა, ზოგი აღაშფოთა.
ბატონო თემურ, ერთი რამ მაინტერესებს, ორი წლის წინ თქვენ სწორედ იმ თემაზე მელაპარაკეთ კერძო საუბრისას, რაც შემდეგ ორმა მწერალმა საკუთარ მოთხრობაში გამოიყენა. თქვენგან „ისწავლეს“, რომ 100 000 ქართველი წამებული მითია და შემდეგ მისცეს მხატვრული ნაწარმოების სახე თუ თქვენ „ისწავლეთ“ მათგან?
- 1999 წელს ანკარაში მივლინებით ყოფნის დროს ერთმა თურქმა ოფიცერმა მკითხა: რამდენი წლის ისტორია გაქვთ ქართველებს? მე ვუპასუხე, რომ ჩვენი ისტორია მხოლოდ სახელმწიფოებრივი ფორმით 2000 წელს ითვლის, თორემ ბერძენი ისტორიკოსების: ქსენოფონტეს, ჰეროდოტეს წყაროებით...
„მაშ, რატომ ხართ ასე ცოტა?“ - ბაქიბუქი აღარ დამამთავრებინა გენერალმა.
ვერაფერი ვუპასუხე იმ თურქ გენერალს, იმიტომ, რომ მათი ისტორიიდან „რაღაც“ ვიცოდი, - ერთი საწყალი ოღუზთა ტომი IX საუკუნეში გამოდევნეს არალის ზღვის ნაპირებიდან თანამოძმეებმა. რა ფიცი უთხრეს ერთმანეთს, რა იჯადოქრეს, არ ვიცი, მაგრამ დევნილმა ტომმა ორგანიზებულად გადმოიარა შუა აზია, ხორეზმი, სპარსეთი და ანატოლიას მიადგნენ. იქვე დასახლდნენ, გამრავლდნენ, განვითარდნენ, მოწესრიგდნენ, სახელმწიფო შექმნეს. ჯერ სელჩუკთა, რომელსაც ჩინგის ხანმა ისევ გადაუარა, შემდეგ ოსმალეთის იმპერია, რომელმაც ბიზანტიას მიწები მოსტაცა და ბოლოს კონსტანტინეპოლიც დაამხო. პირველი მსოფლიო ომის წინ ეს იმპერია სამ კონტინენტზე იყო გაწოლილი, მაგრამ ამ ომში ისე გაცამტვერდა, მის მიწაზე სომხეთის საოკუპაციო ჯარიც კი იდგა. ისევ აღსდგა. გამონახა საკუთარ თავში ძალა, ყველა ოკუპანტი განდევნა და ათათურქის რესპუბლიკა შექმნა. დღეს ეს სახელმწიფო 60 მილიონ მოქალაქეზე მეტს ითვლის და კვლავ ვითარდება.
აბა, შეადარეთ ორიათასწლოვანი სახელმწიფო და IX საუკუნეში სადღაციდან გამოდევნილი ტომი...
ისტორია ქმნის ინფორმაციულ ფონს, რომლის შიგნითაც ერი ისევე იზრდება, ყალიბდება და ვითარდება, ისევე ქმნის საკუთარ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, როგორც პიროვნება ოჯახში.
თუ ისტორიული მეცნიერებები ერს არასწორად აწვდიან ინფორმაციას და მის რეალურ ისტორიას აყალბებენ, ერი იზრდება მცდარი წარმოდგენებით თავისი წარსულის შესახებ და იქმნის გაუკუღმართებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე.
ჩვენ ოდითგანვე გვიჭედავენ თავში, რომ საქართველო ყოველთვის განათლებული, კულტურული და ცივილიზებული ქვეყანა იყო, გარშემო მუდამ მტერი გვერტყა, რომელსაც მხოლოდ ჩვენი განადგურება, პირისაგან მიწისა აღგვა, ჩვენი ერთადერთი, ჭეშმარიტი სარწმუნოების წართმევა, ულამაზესი მიწის წაგლეჯა ეწადა. დამპყრობელი ყოველთვის არაცივილიზებული, ველური, განუვითარებელი მასა იყო, მაგრამ იცით, რომ ეს შეუძლებელია? - ქაოტური, მოუწესრიგებელი, უდისციპლინო, უკულტურო და არაორგანიზებული სისტემა-სახელმწიფო ვერასდროს დაანგრევს მოწესრიგებულ, განვითარებად სისტემა-სახელმწიფოს. ძველი რომი დაანგრია არა ალარიხმა და ატილამ, არამედ რომის უზნეობამ. რომს მანამდეც ესხმოდნენ თავს ამ სარდლებზე არანაკლები ვაჟკაცები, მაგრამ ვერაფერს აკლებდნენ მანამ, სანამ რომის ნგრევის პირობები მისსავე შიგნით არ წარმოიშვა.
ამ ელემენტარული ფორმულირებიდან დედუქციური მეთოდით შეგვიძლია პირიქითაც გავიდეთ, - როცა ადამიანების მიერ შექმნილი სისტემა ვერ ვითარდება, ეს უფრო მეტად შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მის შიგნით ადამიანები არასწორად აზროვნებდნენ და ეს იმიტომ, რომ ისინი აღიზარდნენ არასწორ სააზროვნო-საინფორმაციო სივრცეში. სწორედ ასეთ სივრცეშია აღზრდილი ჩვენი ერიც. ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ერი დაავადებულია და ამ დაავადებას ჰქვია საკუთარი თავის, საკუთარი წარსულის და შესაბამისად, აწმყოს არასწორი აღქმა.
თქვენ გინდათ თქვათ, რომ ინტელექტდაქვეითებული ერი გავხდით?
- დიახ, იმ კუთხით, რომ სწორი ანალიზის გაკეთების და დასკვნების გამოტანის უნარი დავკარგეთ. ჩვენ გავხდით ერი, რომელსაც მაზოხისტივით სიამოვნებს საკუთარი წყლულების სხვებისთვის გამომზეურება და თავის შებრალება, რომელიც არაადექვატურია და, როცა მარჩენალისა და მფარველის ძებნაში იმედი კიდევ ერთხელ უცრუვდება, უფრო დაჩაგრულად გრძნობს თავს, უფრო მეტად უჩივის ბედის უკუღმართობას და აკეთებს ერთადერთ „ლოგიკურ“ დასკვნას - „ეჰ, საშველი არ არის. ასეთი ყოფილა ბედისწერა“.
ამ უბედური სენის გამომწვევი მთავარი მიზეზი, როგორ ფიქრობთ, რა არის?
- საკუთარი ისტორიის არასწორად გადმოცემა, არასწორად შეფასება და შესაბამისად არასწორი ფსიქოტიპის ფორმირება - ეს ჩვენი ძალიან სერიოზული სენია და მისი ფესვები ძალიან შორს და ღრმად დევს. ამ სენმა შექმნა ჩვენი არასწორი ხედვა, გაუკუღმართებულად მოაზროვნე კაცის პოზიცია, მწერლის, ხელოვანის არასწორი პლაცდარმი.
100 000 ქართველი წამებულით დავიწყეთ საუბარი...
- მე სამხედრო საქმის და სამხედრო პოლიტიკის სპეციალისტი, ვალდებული ვარ, ამ შემთხვევაში, კითხვები სწორედ ამ კუთხით გამოჩნდეს.
ჯალალი თბილისში 3 000 კაცით შემოვიდა, ანუ მან იცოდა რომ თბილისს არავინ აღარ იცავდა. რუსუდანმა თბილისი დატოვა. თბილისის ალაყაფის კარი მუსლიმანმა მოსახლეობამ კი არ გაუღო ჯალალს, სამეფო კარმა არ ჩაუკეტა.
მივადგეთ მთავარს, - თბილისის დაცემიდან რაღაც დროის შემდეგ ჯალალს მოუნდა მთელი თბილისის მუსლიმანურ რჯულზე მოქცევა. იგი ხიდზე ალაგებინებს ხატებს რომ მასზე მთელი თბილისის ქრისტიანი მოსახლეობა გადაატარონ, ვინც ხატს არ დააბიჯებს ფეხს, თავს მოჰკვეთენ... და სისხლით იღებება მტკვარი.
100 000 თბილისელი. 1226 წელი.
განა ის სამტკიცებელია, რომ XIII საუკუნეში 100 000 კაცი ვერ იცხოვრებდა თბილისში, თანაც მხოლოდ ქრისტიანებზეა საუბარი. იმ დროისთვის და იმ საზომებით, ისეთ დედაქალაქში, როგორიც თბილისი იყო, დიდი-დიდი 30 000-40 000 მცხოვრები ყოფილიყო.
დააყენეთ რიგში 100 000 კაცი ერთმანეთზე მიჯრით ერთ მეტრში და თქვენ მიიღებთ ასკილომეტრიან რიგს თავით ხიდზე, ბოლოთი - გურჯაანში. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია? კარგით, გავყოთ ოთხ რიგად. ამ შემთხვევაში 25 კმ-იანი 4 რიგი გამოდის, რომელიც არათუ მაშინდელი, დღევანდელი თბილისიდანაც გარეთ გადის. რა თქმა უნდა, იმის თქმაც შეიძლება, რიგში კი არა, ერთად შეყარეს (მაგალითად, რიყეზე, დღევანდელი ევროპის მოედანზე) და ხიდზე რიგ-რიგობით გაუშვეს. 100 000 კაცი მარაკანას სტადიონია. იმდროინდელ რიყეზე დაეტეოდა ამდენი კაცი? - დავუშვათ, დაეტია, ვიღაცამ ხომ უნდა აკონტროლოს ისინი? ზის წრეში 100 000 კაცი და თავს ადგანან მათრახებით თუ ხმლებით ჯალალის ჯარისკაცები. არ დაგავიწყდეთ, ჯალალი 3 000 მეომრითაა შემოსული, ანუ მას რომ მთელი შემადგენლობა ე.წ „ნარიადში“ ჩაეყენებინა და მათთვის სათითაო საგუშაგო მიეჩინა, 3 ჯალალის ჯარისკაცზე 100 თავმოსაკვეთი ქრისტიანი მოდიოდა. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ?
ჯალათებს რომ ეს „სამუშაო“ შეესრულებინათ, დასჭირდებოდა 40 დღე და მეტიც.
არცერთ ბარბაროსსა და ველურს არ გაუმარჯვია ჩვენზე, ყველა მათგანი ჩვენზე მოწესრიგებული, ორგანიზებული და დისციპლინირებული იყო, მათი მხედართმთავრები ჩვენსაზე არანაკლები ვაჟკაცები. მოწინააღმდეგისთვის პატივის მიგება ღირსების საკითხია და მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ. რატომ გინდა დავიჯერო ის, რაც შეუძლებელია მომხდარიყო? რატომ გინდა გონება მომიწამლო და არასწორად ვიაზროვნო? რატომ მიდიხარ ამოდენა დანაშაულზე ჩემი ტვინის კასტრაციასა და გაუკუღმართებაზე? რატომ ასაცოდავებ შენივე მოდგმას, რაში გჭირდება ეს?
ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ სასიამოვნო მანდილოსანთან საუბრისას დაახლოებით ასეთ რეაქციას ველოდი, „ოჰ, რას ამბობ, ნუთუ? მაშასადამე, რეალურად ასეთი უბედურება არ მომხდარა? ო, რა კარგია! მადლობა ღმერთს!“ და ა. შ. მაგრამ რეაქცია იყო ამგვარი „როგორ გეკადრებათ? რატომ გინდათ 100 000 კაცის დამსახურება დაამციროთ? არაფერიც, ეს ისტორიული ფაქტია და სწორედაც რომ 100 000 იყო...“
ჩემს წინაშე იჯდა სულიერი და ინტელექტუალური მაზოხისტი, რომელსაც ერჩივნა, რომ საქართველოს 100 000 კი არა, 200-300 000 ათასი წამებული და მეტიც ჰყოლოდა, თვითონაც წამებული ყოფილიყო და საერთოდ, ყველაფერი წამებული კარგი იყო, ლოგიკური კი ყველაფერი მიუღებელი იყო. მოკლედ, ეს ქალბატონი გაჩენილი იყო უბედურებისთვის და იმისთვის, რომ მისთვის ამის გამო ეთანაგრძნოთ...
ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ და ასეთ ავადმყოფებად დავრჩით, სადღაც 20-30 წლის შემდეგ საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში და ლიტერატურულ ნაწარმოებებში შეგეძლებათ შემდეგნაირად წაიკითხოთ: „2008 წლის აგვისტოში მხედართმთავარმა სააკაშვილმა ცხინვალის მისადგომებთან შეჰყარა ამერიკელ ინსტრუქტორთა დახმარებით ნაწრთობი ჯარები. აუტანელი გამხდარიყო ამ დროისათვის ქართველთა წამება ოსი სეპარატისტების მხრიდან რომელნიც ოკუპანტ რუსთა დახმარებით და წაქეზებით ყველანაირ იარაღს უშენდნენ ქართულ სოფლებს: თამარაშენს, ქურთას, ნოლს... უჩუმრად მიუხლოვდნენ ოდითგან ქართულ, მაგრამ ახლა ბედის უკუღმართობით რუსთა კონტროლქვეშ გადასულ მშობლიურ სამანებს, მაგრამ ვაი, რომ არ დაილია მოღალატეთა რიცხვი ქართველთა ზედა ეშელონებში. თურმე მტრისთვის წინასწარ უცნობებიათ მამაძაღლებს, ქართველები თავიანთი მიწების გასათავისუფლებლად მოდიანო. როკის გვირაბით გამოსულა და ჩასაფრებულა მტრის ურიცხვი ჯარი ტექნიკით. გულდაგულ შეუტიეს ქართველებმა, ზედიზედ გაათავისუფლეს ქართული სოფლები, აიღეს ოსური დასახლებებიც, ცხინვალიც გაწმინდეს მტრისგან, მაგრამ მოღალატის ნიშანზე გამოვიდა მაოხართა ურდო ჩასაფრებიდან. მთელი თავისი ჯარების 80%-ისთვის მოეყარა თავი ევროპის ჯალათს, მოდიოდა და მოაოხრებდა გზად ყველაფერს. მედგრად დაუხვდნენ ჩვენი ვაჟკაცები, ბევრიც ჩახოცეს ქარაფებსა და ჭიუხებში, მაგრამ იძალა დუშმანმა. ბოლოს უკანდახევა ბრძანა მთავარსარდალმა, მაგრამ უკვე მოესწრო გამჭრიახ მიხეილს, მთელი მსოფლიოსთვის შეეტყობინებინა ავი ზრახვანი რუსთა“.
რა, თქვენ გგონიათ, ვინმე არ ჭამს? ისე მშვენივრად, როგორც დაგიბარებია.
და ყოველი ასეთი აბის ჩაყლაპვა, მოწამვლას ნიშნავს, ჩემო კარგებო!