ახალი ოპოზიციური ლიდერი? - “ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლას აპირებს”

ახალი ოპოზიციური ლიდერი? - “ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლას აპირებს”

“ის იქნება ხელისუფლებისგან და რუსეთისგან დევნილი ადამიანი, რომელსაც მხარს როგორც ოპოზიცია, ასევე მესამე სექტორიც დაუჭერს”

მამუკა ხაზარაძის სკანდალური ინტერვიუ-ბანკირმა კარტების გახსნა დაიწყო და თამაშში ბიძინა ივანიშვილიც შემოჰყავს. ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ მისმა ინტერვიუმ უფრო მძიმე სურათი დაგვიხატა და მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, ვიდრე აქამდე იყო.

მათი აზრით, ხაზარაძეს ჯერ კიდევ ბევრი რამ უთქმელი აქვს, თუმცა მისი აქცენტების თანახმად, პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ხელისუფლებას აქვს ამაზე რეაქცია და ასევე გამოჩნდა, რომ ის არ არის იმ დონის ბიზნესმენი, რომ თამაშიდან ასე ადვილად გავიდეს. ხაზარაძეს ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა და მანაც პასუხის გაცემა დაიწყო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მას აქვს ჯერ კიდევ უთქმელი ბევრი სხვა რამ, იგივე, ივანიშვილთან ურთიერთობაში და ამიტომ, ჯერ ბოლომდე სურათი შექმნილი არ არის.

ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ძალიან ხშირად ახსენა ივანიშვილი. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მის ადრინდელ გამოსვლებში ივანიშვილის თემა ასე მკვეთრად არ იყო შემოჭრილი. ამიტომაც მასზე ხაზგასმა რას გულისხმობს და რა მინიშნებებს აკეთებს ბიზნესმენი, მათი გადმოსახედიდან ჯერჯერობით ბუნდოვანია.

თუმცა, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ, როდესაც მისი დაკავება არ გამოირიცხა, ის ყველაფრისთვის მზად არის და სავარაუდოდ, გულხელდაკრეფილი არ დაჯდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მიუხედევად მისი განცხადებისა, რომ ის პოლიტიკაში არ წავა, 2020 წლისთვის ის ერთ-ერთ ლიდერედაც ვიხილოთ.

რას ყვება „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ხაზარაძე და რა მთავარ აქცენტებს აკეთებს. პირველ რიგში ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ ის დააპატიმრონ. ასევე აცხადებს, რომ წერილის შესეხაბ ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყო. "გახარიას წერილზე ინფორმირებული იყო ეროვნული ბანკი, რომელიც ჩემგან გადადგომას ითხოვდა, არის თუ არ ეს შანტაჟი ეროვნული ბანკის მხრიდან?- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ინტერვიუში, ბიზნესმენი მასა და შს მინისტრს შორის ბადრი ჯაფარიძის შუამავლობაზე არაფერს ამბობს, დეტალურად არც ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც თავად, ჯაფარიძე და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.

ხაზარაძე უარყოფს, ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შეხვედრა ხაზარაძის ინიციატივით შედგა და ამბობს, რომ ამ თემაზე უფრო მეტს მომავალში ისაუბრებს.

ინტერვიუში, მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებაში" გამართულ ცნობილ უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომასაც იხსენებს. მისი განმარტებით, საუბარია სხდომაზე, რომლის შემდეგაც დეპუტატები ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან "UNICEF"-ის კვლევა განიხილეს.

ბიზნესმენისთვის ცნობილია, რომ ამ შეხვედრაზე "ოცნების" ლიდერმა კვირიკაშვილი მის ლობირებაში დაადანაშაულა. ხაზარაძის თქმით, ივანიშვილს მიაჩნდა, რომ ის რუსთველის გამზირზე დემონსტრაციებსაც აფინანსებდა. TBC ბანკის დამფუძნებელი ამ ფაქტს აბსურდულს უწოდებს.

„ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება",-აღნიშნავს „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ხაზარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის წასვლის შემთხვევაში, შეფერხდება თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ხაზარაძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამხელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გვეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებებსო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან.

"არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია, როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენს გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპრაკება, ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ჩვენი მთელი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს ფულის გათეთრება იყო თუ არა. როცა ერთ დღეში „გაარკვიეს" მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე მაია ცქიტიშვილსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ისეთი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტი, როგორიც ანაკლიაა, ადგილზე არასოდეს უნახავს.

„თიბისის" საქმეზე ოპოზიციის ნაწილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ოპოზიციური პარტიის დეპუტატების თქმით, კომისიის ფარგლებში უნდა გაირკვეს დეტალები მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა.

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ინტერვიუს მიხედვით ჩანს, რომ ხაზარაძე ბოლომდე არ იხსნება და ის რაღაც კარტებს ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს. მისი აზრით, ბიზნესმენი რაღაცეებს მარაგში იტოვებს და დღეს თუ ხვალ, როცა საჭირო გახდება, ის ამ კარტებს გაასაჯაროებს.

ანალიტიკოსს რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ხელისუფლებისგან რაღაც ახალ ინიციატივებს ელის, ან მოლაპარაკებას. ამიტომაც თამაშის წესებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. თუმცა, ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს გარკვეული სახის პიარსვლა იყოს და ცდილობს, რომ საზოგადოება მუდმივად მისი საქმის ირგვლივ ამყოფოს.

„თუ ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლას აპირებს და დიდი ალბათობით ასეც იქნება, მას გარკვეულწილად პოლიტიკური კაპიტალი სჭირდება და ეს თამაშიც არ არის გამორიცხული, რომ ამისთვის სჭირდეობდეს. ან ცდილობს, რომ ხელისუფლებას გარკვეული შანსი მისცეს, რათა მასთან დიალოგზე წავიდეს. ან კიდევ ცდილობს, რომ საზოგდოება დაძაბული მოლოდინის რეჟიმში ჰყავდეს, რაც პოლიტიკურ ქულებს მოუტანს.

"არ მგონა ასევე, რომ მამუკა ხაზარძეს რუსთაველზე მიმდინარე აქციები დაეფინანსებინა. რეალურად აქციის დაწყებისთანავე ჩანდა, რომ ეს უფრო „ნაციონალური მოძრაობისთვის" წისქვილზე წყლის დასხმა იყო და მათთვის ფული ეხადა ხაზარაძეს, ნაკლებად რეალური მგონია.

"ფაქტია, რომ სამთავრობო კულუარებში კვირიკაშვილს ვიღაც ებრძოდა და ეს ტანდემი კარგი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის ასეთი ამბავი მიეტანათ. ასეთი ინტრიგები მეფის კარზე ყოველთვის იყო და იქნება.

"თუმცა, სხვა საკითხია და არ არის გამორიცხული, რომ ხაზარაძე-კვირიკაშვილს შორის პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ყოფილიყო. ეს იქნებოდა ივანიშვილის გარეშე თუ მასთან ერთად. ეს თემა დასაშვებია, მაგრამ რუსთაველზე მიმდინარე აქციებს არ ვუკავშირებ. ეს მხოლოდ საბაბი იყო, რომელიც ივანიშვილს კვირიკაშვილის თავიდან მოსაშორებლად მიაწოდეს", - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან".

მისივე თქმით, ხაზარაძის განცხადება, რომ ის შეიძლება დააკავონ, ერთ რამეს ნიშნავს -ის ხვალ ან ზეგ დიდი ალბათობით განწყობილია იმისთვის, რომ პოლიტიკაში მოვიდეს.

ანალიტიკოსი აცახდებს, რომ არ არის გამორიცხული ხაზარაძის სახით ახალი ოპოზიციური ლიდერი გაჩნდეს და თვალს ახლა ამ პროცესებს ვადევნებთ. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ბანკირი შესაძლოა 2020 წლის არჩევნებისთვისაც ვიხილოთ, ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლება მის საქმესთან დაკავშირებით რას გააკეთებს.

„ყველა ბიზნესმენი, ვისაც ხელისუფლება დაუპირისპირდა ხელისუფლებაში და პოლიტიკაში აღმოჩნდა. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არანაირი სიახლე არ არის. მას საკმაოდ კარგი იმიჯი ექნება. ის იქნება ხელისუფლებისგან და ასევე რუსეთისგან დევნილი ადამიანი, რომელსაც მხარს როგორც ოპოზიცია, ასევე მესამე სექტორიც დაუჭერს.

"მერე რა რომ ის ბანკირია, მას ბევრი სოცილური პროექტები აქვს და მისგან ასეთი ცუდი ფიგურის შექმნა გაჭირდება. თანაც, ის საკამოდ დიდი კალიბრის ბიზნესმენია და მის უკან დასავლელი მეგობრები დგანან.

"მას პროდასავლური კავშირები და ფინანსები აქვს, ეს კი პოლიტიკური კარიერისთვის საკამოდ კარგი დივიდენდებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ის ანაკლიის პროექტს ასე ადვილად არ დატოვებს და მის უკან დასავლელი პარტნიორებიც დგანან. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ფულის გათეთრებას ვერ დაუმტკიცებენ და ხაზარაძეც არ არის ის ბიზნესმენი, რომ ქვეყნიდან ასე მარტივად გაიქცეს. ის წლებია საქართველოში ბიზნესს აშენებს და იმდენი გაჭირვება გამოიარა, ასე ადვილად არაფერს დათმობს", - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან".