მიხეილ სააკაშვილი - „ჩემი ფუნქცია ნათელაშვილის გაძლიერებაა“

მიხეილ სააკაშვილი - „ჩემი ფუნქცია ნათელაშვილის გაძლიერებაა“

(იბეჭდება შემოკლებით)

გასული კვირა „ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერისათვის მეტად დატვირთული აღმოჩნდა. ორშაბათს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული სააკაშვილი ოთხშაბათს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, რომელსაც უნდა გამოერკვია საკრებულოს ბედი. ამავე დროს, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ნაციონალებისა და ლეიბორისტების ერთად ყოფნა დროებითი მოვლენაა.

„რეზონანსის“ რესპოდენტია საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი.

საკრებულოში მოსვლამდე ხალხს მრავალი დაპირება მიეცით და თბილისის მოსახლეობასთან ხელშეკრულებაც კი გააფორმეთ. როგორ ფიქრობთ, დარჩენილ ვადაში შეძლებთ მოსახლეობისთვის დაპირებების შესრულებას თუ თბილისელებს მორიგი იმედგაცრუება ელოდებათ?

- დედაქალაქში ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. ერთი მხრივ, ეს არის სამწუხარო და, მეორე მხრივ - გასახარებელი. ბევრი რაღაცის გამოსწორება შეიძლება საკმაოდ მარტივად. პირველი, რაც გავაკეთე, როცა აქ მოვედი, იყო ის, რომ ვნახე ბიუჯეტი. თანხებს, რომელიც დახარჯულია, პირდაპირ ზედ აწერია, რომ მისი ნაწილი არის მოპარული. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ჩვენი ამოცანაა, კონტროლი დავაწესოთ თბილისის ბიუჯეტის ხარჯვაზე.

ჩვენი მეორე მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია საკრებულოს შიგნით. არ დავუშვებთ, რომ საკრებულოს წევრები იყიდონ სხვადასხვა სპეციალური ინტერესების ჯგუფებმა. მე შემიძლია, პასუხი ვაგო, რომ ჩვენს თოთხმეტ წევრს ვერავინ ვერ იყიდის. შალვა ნათელაშვილს ჰყავს 11 წევრი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მათ აკონტროლებს. ნათელაშვილის ინტერესიცაა, რომ მისი თანაგუნდელები ამ კორუმპირებულ სფეროებში არ ჩაითრიონ. შალვა მართლაც ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ის არ გახდა კორუმპირებული სისტემის ნაწილი. ეს ხალხმა იცის და ეს არის ნათელაშვილის მთავარი ძალა.

მესამე ამოცანაა ის, რომ ჩვენ შევძლოთ სხვა ჯგუფებთანაც საერთო ენის გამონახვა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ჯგუფია შემოსული „ერთობიდან“. განსაკუთრებით მომწონს ზურაბ მინდელი, რომელიც გამსახურდიას დროს ენერგეტიკის მინისტრი იყო. საინტერესო ხალხია საკრებულოში „მრეწველებიდან, თუმცა თავად გოგი თოფაძე საკმაოდ უცნაურად მოიქცა. მან ჩვენ საარჩევნო კომისიაშიც და აქაც, ბოლო წუთში, კენჭისყრის დროს გვიმტყუნა. მე ძალიან მინდა, რომ „ახლებთან“ გადავლახოთ კრიზისი. დღეს ოპოზიციური ერთიანობა არის ძვირფასი და თუ ჩვენ შევძელით და პიროვნულ მომენტზე მაღლა დავდექით, ეს იქნება ძალიან კარგი.

რამდენად შეძლებთ ნათელაშვილთან საპარლამენტო არჩევნებამდე თანხმობის შენარჩუნებას და ხომ არ მიმდინარეობს საუბარი ერთი საარჩევნო ბლოკის შექმნაზე?

- არა მგონია, ჩვენ ერთ ბლოკზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ვართ დაინტერესებული ერთმანეთის გაძლიერებით. ჩემი ფუნქციაა, მაქსიმალურად ხელი შევუწყო ნათელაშვილის ინიციატივების გასვლას და მის გაძლიერებას და ასევე ჩვენც ვძლიერდებით.

მაგრამ თქვენ მემარჯვენე ხართ, ის კი მემარცხენეა...

- სწორედ ამიტომ გვაწყობს პოლიტიკური სივრცის გადანაწილება. ეს ინტერაქტიული პროცესია. ჩვენ გვაინტერესებს, ვიყოთ ღერძი ზურაბ ჟვანიასთან ერთად უფრო ლიბერალური-მემარჯვენე ორიენტაციის ძალებისა, მას აინტერესებს, მემარცხენე ორიენტაციის ფლანგი გადაკეტოს. რა არის განსხვავება ჩვენსა და ნათელაშვილს შორის. ჩვენც ვართ სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მომხრე. ნათელაშვილის ლოზუნგები ასეთია: უნდა იყოს ჯანდაცვა უფასო, განათლება უფასო.

თუმცა ის ბოლო ხანებში დაიხვეწა და ცდილობს, რომ რეალური მექანიზმები შექმნას. ის პრივატიზაციას ღიად ეწინააღმდეგება, მე - პრივატიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ მე ვარ შევარდნაძისტული პრივატიზაციის წინააღმდეგი. ჩვენც და ნათელაშვილიც ვლაპარაკობთ სოციალურ თემებზე, მაგრამ ჩვენ შორის სერიოზული განსხვავებაა. ნათელაშვილი თავისი ცხოვრების სტილით განსხვავდება სხვა პოლიტიკოსებისაგან. ის არის ასკეტური ტიპის კაცი, რომელიც არ არის შემჩნეული არაფერში. ნამდვილად არ არის შემჩნეული ფულის კეთებაში. სხვანაირად ამას ხალხი მაშინვე გაიგებდა.

ის არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ცხოველი, რომელსაც ნათესავებიც კი არ აინტერესებს. შევარდნაძეც არის პოლიტიკური ცხოველი, მაგრამ ნათესავების მიმართ სისუსტე აქვს. ნათელაშვილს ეს არა აქვს და ეს არის მისი სიძლიერე. ის რეალურად დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატიული ტიპია. ჩვენც ვართ ალტერნატიული ხალხი, მაგრამ ჩვენ რატომ გვებრძვის ეს ისტებლიშმენტი? ისინი ნათელაშვილს არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ფიქრონდნენ, რომ ეს არის ვიღაც, რომელიც სრულიად უცხოა მათთვის. ნათელაშვილი მათთან ერთად არ დადიოდა რესტორნებში, მათთან ერთად არ დადიოდა საზღვარგარეთ, არ მოდიოდა იმავე წრიდან, საიდანაც ისინი და ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ის არის „აბსაიდში“ და აუტსადერია.

მათ ვერ დააფასეს, რომ ნათელაშვილმა, როგორც არავინ ამ ქვეყანაში, იცის ამომრჩეველთან მუშაობა. ეს არის მისი მთავარი პლუსი. ეს ელიტა ახლა გაოგნებულია. ჩვენ მიმართ მათ აქვთ ეჭვიანობის დამოკიდებულება. ჩვენ ვიყავით მათი ნაწილი, ჩვენ მათ ვუღიმოდით. ერთად გვივლია საზღვარგარეთ და, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გავაკეთეთ მათთან ერთად ფული და ჩვენ მათ გავემიჯნეთ. ამიტომ ისინი ჩვენ უფრო მეტად გვესხმიან თავს, ვიდრე ლეიბორისტებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგი ერთია: ორივე ძალა უცხო ვართ მათთვის.

ბოლო დღეებში არაერთხელ გაისმა მაღალი ტრიბუნებიდან, რომ თქვენ გიჟი და რადიკალი ხართ. გწყინთ თუ არა ეს შეფასება და რას დაუპირისპირებდით ამ პიარს?

- როცა რჩეულიშვილი გამოდის, სამი საათი ლაპარაკობს ეთიკაზე და მერე მეძახის გიჟს, ეს ნორმალურია? ამასწინათ ერთ-ერთმა ევროპელმა ელჩმა მითხრა, გიჟს რომ გეძახიან, ეს კომუნისტური მენტალიტეტის გაგრძელებააო.

მათთვის ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ანდრეი სახაროვი იყვნენ გიჟები. ფსიქიატრიულში იჯდა თითოეული მათგანი. ეს იყო კომუნისტების მიერ დისიდენტების დახასიათების ყველაზე მოკლე გზა. ამას ისინი აღიარებენ, რომ ჩვენ განვსხვავდებით მათგან.

მე შევარდნაძეს მთავრობის სხდომაზე პირდაპირ მივახალე პირში: თუ სიმართლის ლაპარაკი სიგიჟეა, დაე, მე ვიყო გიჟი-მეთქი. დღესაც ამ აზრზე ვრჩები. მათ ვერ მოახერხეს, რომ ჩვენთვის კორუმპირებულის იარლიყი მოეკერებინათ. ზუსტად ასევე არ მოგვეკერება სიგიჟე. ჩვენ ვართ აქ საქმის საკეთებლად მოსული, ჩვენ ვართ რადიკალები საქმეში.