საქმე ის არის, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჯონდი ბაღათურიას ცემა იმ რეპლიკების თუ ოფიციალური განცხადებების გამო მოინდომა, რითაც ბაღათურიამ პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა.
კომისიის შექმნას დიმიტრი ლორთქიფანიძე ითხოვს და საპარლამენტო ოპოზიციაც მხარს უჭერს. ეს საკითხი ლორთქიფანიძემ მას შემდეგ დააყენა, რაც უკანონოდ შეწყალებულმა პატიმარმა ერთი პოლიციელი მოკლა და კიდევ სამი მძიმედ დაჭრა. ლორთქიფანიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, რასაც პასუხი ჯერ არ გასცემია და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
მართალია, ამ იდეას არც უმრავლესობა იზიარებს, მაგრამ ხელისუფლების პოზიციის დაცვა ბაღათურიამ სცადა და თანაც თავი ისე გამოიდო, რომ უმრავლესობის ლიდერებსაც კი შეშურდებოდათ.
ბაღათურიამ ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულანტობაში დაადანაშაულა. ჯერ მიკროფონთან, შემდეგ კი ადგილიდან იძახდა, რომ ოპოზიცია აჟიტირებულია და პოლიტიკური სპეკულანტობის გამო საქმეს საერთოდ გააფუჭებენ. მისი თქმით, ოპოზიცია ამ საკითხის გააქტიურებით იმას მიაღწევს, რომ ხელისუფლება პატიმართა შეწყალებაზე საერთოდ უარს იტყვის და ოპოზიციას გონიერებისკენ მოუწოდებდა. ამასთან, მან ოპოზიცია ხელისუფლების საქმის კეთებაშიც კი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი "ასეთი უაზრო თავგამოდების" გამო, პირადად მას თავის ამომრჩევლებთან მისასვლელი პირი აღარ ექნებოდა.
ბაღათურიას ამ პოზიციამ ლორთქიფანიძე გააღიზიანა და მასზე საცემად გაიწია. მაგრამ მას ამის საშუალება გიორგი თარგამაძემ და გია ცაგარეიშვილმა არ მისცეს. პაარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებით საქმეში მანდატურებიც ჩაერივნენ და ინციდენტს უფრო მწვავე ფორმები არ მიუღია.
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ მისი რეაქცია ბაღათურიას ქმედებაზე იყო "სრულიად გასაგები."
"ჩემი სიტყვების შეფასება სრულიად სხვა კუთხით გააკეთა და ეს იმდენად ამაზრზენი იყო, რომ თავი ვერ შევიკავე. მე ვსაუბრობ კონკრეტულ პრობლემაზე და ამ საკითხზე საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რომ არის, ცხადია. მან კი იმაზე ილაპარაკა, ამ კომისიამ რა უნდა გამოიძიოს, გამოსაძიებელი არაფერიაო. ვინც მართლა შესაწყალებელია, მათი შეწყალება არ ხდება და ვინ გამოდის ციხიდან, ყველამ დავინახეთ. ეს არ უნდა იქნას გამოძიებული?" - კითხულობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ბაღათურიას ქმედება პირდაპირ მიუთითებს ხელისუფლების ინტერესის გატარებაზე.
"როგორ ვაფასებ? ეს არის პირდაპირი აპოლოგირება ხელისუფლების და პროკურატურის. ხალხმა თავად უნდა გააკეთოს შეფასება, ვინ არის ოპოზიცია და საერთოდ რას ნიშნავს, იყო ოპოზიციონერი. ეს არის ოპოზიციონერობა, როდესაც ერთი საკითხის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობს, თანაც იმ მიმართულებით, რაც ხელისუფლებას ხელს აძლევს? ეს არის პირდაპირი მცდელობა საზოგადოების გაბითურებისა. მაგრამ გაიბითურებს თუ არა საზოგადოება თავს, ამას მალე ვნახავთ," - აცხადებს ლორთქიფანიძე.
ბაღათურია კი აცხადებს, რომ "ოპოზიციის ამ აქტიურობის გამო ხელისუფლება შეწყალებაზე საერთოდ უარს იტყვის," რაც ოპოზიციისთვის "სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია."
მაგრამ, საქმე ის არის, რომ საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ბაღათურია ხელისუფლების ინტერესს ფრაქციის შექმნის პირობის სანაცვლოდ ატარებს.
როგორც პარლამენტში არაოფიციალურად საუბრობენ, უკვე შეთანხმებულია, რომ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის შემდეგ უმრავლესობა კიდევ ოთხ დეპუტატს მოუძებნის და ბაღათურია ფრაქციის შექმნას შეძლებს, რაც მისი დიდი ხნის ოცნებაა. გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, რომ იგი იქნება ვიცე-სპიკერი ამ ფრაქციის სახელით.
სხვათა შორის, ბაღათურიამ გუშინვე დააყენა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. აღსანიშნავია, რომ აქამდე იმაზე საუბრობდნენ, რომ ხელისუფლება კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ამ კომისიის შექმნას ჰპირდება. ბაღათურიას მიერ იდეის ხმამაღლა გაჟღერების შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ ამ თემაზე მსჯელობა საკითხის ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ დაიწყება.