არის თუ არა მოსალოდნელი ფასების კიდევ უფრო ზრდა, თუ რა მექანიზმებით შეიძლება მათი დაბალანსება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად ეკონომიკურ ექსპერტ ნოდარ ხადურს მივმართეთ.
ნოდარ ხადური:
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ მივეკუთვნებით იმ ქვეყნების კატეგორიას, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე. ხორბლის, ნავთობის და კვების პროდუქტების ძალიან დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოდის და ცხადია, ეს აისახება ჩვენზე, თუმცა არის მომენტები, როცა ფასების ცვალებადობა ჩვენს შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, ყველაზე არსებითი მომწოდებელი ქვეყანა არის რუსეთი, სადაც გვალვებისა და ხანძრის შედეგად მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა და თვითონ რუსეთი აღმოჩნდა კრიზისულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, როდესაც ასეთი დიდი მოთამაშე გამოეთიშა მსოფლიო ბაზარს, გამოიწვია ხორბლის გაძვირება.
რამდენადაც ცნობილია, გარკვეული მარაგი უკრაინიდან უნდა მივიღოთ.
- უკრაინაშიც დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა. იქ საერთოთ შეზღუდულია ექსპორტი და როგორც უკრაინული წყაროებიდან ვრცელდება, აპირებენ ქვოტები დააწესონ.
ამის ფონზე ჩვენთან ხორბალზე ფასები ისევ გაიზრდება?
- ამ სეზონზე ეს არ მოხდება, რადგან ეს ოპტიმალური პერიოდია. აღებული მოსავლის ხარჯზე, ყველაზე მეტი მარაგი მსოფლიოში ამ სეზონზეა. მაგრამ, როცა ხორბლის მარაგი თანდათან გამოილევა, უნდა ველოდოთ ფასების არა მკვეთრ, მაგრამ მაინც ზრდას. მომავალი წლის შემოდგომამდე ხორბლის გაიაფების ტენდეცია არ იქნება. თუმცა სახელმწიფოს თეორიულად შეუძლია, შექმნილი სიტუაციის მეტნაკლებად დაბალანსება.
ე.ი ხელისუფლების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული?
- რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს იმის ბერკეტი, რომ ხელი შეუშალოს ფასების ზრდის ტენდენციას.
ფასები არ გაზდილა მხოლოდ ხორბალზე, ეს შეეხო მედიკამენტებს, კვების პროდუქტებს. ესეც მსოფლიო ბაზარზე არსებული რეალობით არის გამოწვეული?
- მე ვფიქრობ, საზოგადოება არ უნდა შევაშინოთ და, ალბათ არ იქნება მართებული, თუ ვეტყვით, რომ შიმშილით სიკვდილი გვემუქრება. რაც შეეხება მედიკამენტებს, ამ ეტაპზე, მათი ფასი უნდა დაწეულიყო, დოლარის კურსის შესაბამისად, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ბუნებრივია, ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციაზე გაზდილი ფასი, მოსახლეობის უმუშევრობის ფონზე, სოციალურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ხსნა არის ერთში - უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რასაც მთავრობა ვერ შექმნის. მთავრობის როლი იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა შექმნას ქვეყანა, რომელიც საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს წარმოებების, ქარხნების აშენებას, მიწების დამუშავებას და ამ გზით უნდა მივიღოთ შემოსავალი. ინვესტიციების აშკარა ნაკლებობაა საქართველოში. 2007 წელს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ არასაკმარისი. 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 3–ჯერ შემცირდა. წელს კი პირველივე კვარტალში უცხოური ინვესტიციები იყო მხოლოდ 80.000 ათასი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ უკანასკნელ პერიოდში უცხოური ინვესტიცია პრაქტიკულად არ განხორციელდა და არც შემდეგ პერიოდში ექნება რაიმე რევოლუციურ გარღვევებს ადგილი. ხელისუფლებამ უნდა დააინტერესოს ინვესტორი და იმედი უნდა ჩაუსახოს, რომ მათ ქონების დაკარგვის შიში არ ჰქონდეთ. თუ მათ ხელისუფლება ეტყვის, რომ ჩვენგან 40 კმ–ში ოკუპანტი დგას და დღეს თუ ხვალ თავს დაგვესხმება, ბუნებრივია, ეს ინვესტორს დააფრთხობს.
რეალურად აგვისტოს ომის შემდეგ არ შეინიშნებოდა ფასების ისეთი მკვეთრი ზრდა, როგორიც დღეს არის. რას ნიშნავს ეს?
- აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო საზოგადოება დაგვეხმარა 4 მილიარდ დოლარზე მეტი თანხით. აქედან 2 მილიარდი იყო საჩუქარი, ხოლო დანარჩენი მივიღეთ გრანტის სახით. სწორედ ეს თანხები მნიშვნელოვნად გვეხმარებოდა ომის შემდგომ პერიოდში. ამის ფონზე ეკონომიკური პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ამოიწურა ყოველგვარი რეზერვი და ახლა ჩვენ ვიგრძნობთ, რომ უცხოური შემოსავლები დაგვაკლდა.
რაში ხედავთ გამოსავალს?
- ფაქტი ის არის, რომ დღეს საქართველოში სოციალური ფონი მძიმეა და მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია. ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული ჩვენთაგანი, როდესაც ვყიდულობთ ნებისმიერ რამეს, სახელმწიფოს ვუხდით ფულს. ასევე ყოველი ჩვენთაგანი იხდის ფულს ბიუჯეტისთვის კუთვნილი ხელფასიდან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფულის და ჩვენი ხმის დაცვა და ვიფიქროთ, იხარჯება თუ არა ჩვენ მიერ გაღებული თანხები მიზნობრივად.
ვინ უნდა გააკონტროლოს ეს პროცესი, საზოგადოებამ?
- რა თქმა უნდა.
რა მექანიზმები აქვს საზოგადოებას საიმისოდ, რომ ეს პროცესი გააკონტროლოს?
- არჩევნები. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იცვლება. როდესაც მოსახლეობა ისევ იმ ხელისუფლებას ირჩევს, ვინც ამ პირობებში ამყოფებს ე.ი. ის კმაყოფილია. პოლიტიკაზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ რეალობა ასეთია.
თქვენი პროგნოზით, არის თუ არა ფასების ზრდა მოსალოდნელი და რამდენად იქნება საზოგადოება ამისთვის მზად?
- მე შემიძლია გითხრათ, თუ კი ფასები ისევ გაიზრდება და ამის პარალელურად ხელფასები და პენსიები არ მოიმატებს, მაკროეკონომიკური სტაბილურობა დაირღვევა და ხელისუფლებას შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.
რატომ დგამს ხელისუფლება ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯებს, უძლურია ამ პრობლემის წინაშე?
- აქ რამდენიმე ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს. ერთი ინფლაციის პროცესი და მეორე მხრივ პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და ეს პოლიტიკა ხშირად ხელს უწყობს ინფლაციას. მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც ეს ყველაფერი კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება, ხელისუფლება შეცვლის პოლიტიკას. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კონკრეტულად ხორბალზე ფასის გაზრდა ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება.
საკმაოდ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა პარკირების გადასახადის გაზრდას. რა არის ამის მიზეზი?
- ამ პროტესტს საფუძველი ნამდვილად აქვს, როგორც სიტუაციის ანალიზიდან ჩანს, აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, რომ პარკირების შემთხვევაში ფასები სუბიექტურად არის გაზრდილი. არ შეიძლებოდა, 2–ჯერ გაზრდილიყო გადასახადი, მაშინ, როცა ჩვენ პარკირების არანაირი სერვისი არ გვაქვს. ჩვენ ისევ ძველებურად ვუხდით ე.წ სტაიანშიკებს ფულს. მოკლედ, არის რაღაც, რაც შეუძლია მოაგვაროს ხელისუფლებამ და არის რაღაც, რის წინაშეც უძლურია.
რა შეუძლია ხელისუფლებას?
- ეკონომიკურ თეორიაში აღიარებულია, რომ უმჯობესია, მუშაობაში ხელისუფლება ხელს თუ არ შეგვიწყობს, არ შეგვიშალოს მაინც. მე მაინც მგონია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები არ უნდა იხარჯებოდეს არამიზნობრივად, ასევე სახელმწიფომ არ უნდა აიღოს დიდი ვალი. სახელმწიფო საგარეო ვალი ამ ეტაპზე არის გაორმაგებული და 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთი სიტყვით, ეკონომიკაში დაშვებულია გარკვეული შეცდომები და ამას გამოსწორება უნდა.