იქნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ღარიბაშვილის პოლიტიკური მიზნები

იქნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ღარიბაშვილის პოლიტიკური მიზნები

ბურჯანაძის „მეჩვიდმეტე გაელვება" და ქართული პოლიტელიტის ორმაგი სტანდარტი

მათ, რომლებიც საბჭოთა დროს დაიბანდნენ და დაფრთიანდნენ, ალბათ, კარგად ახსოვთ საბჭოთა კინოს საკულტო ფილმი _ „გაზაფხულის მეჩვიდმეტე გაელვება". მართალია, ეს მრავალსერიანი ფილმი საბჭოთა მზვერავის შესახებ მოგვითხრობდა და დღევანდელობასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რატომღაც, ზუსტად „შტირლიცი" („გაზაფხულის მეჩვიდმეტე გაელვებას" შემოკლებით „შტირლიცსაც" ეძახდნენ, მთავარი პერსონაჟის გვარიდან გამომდინარე) გამახსენა. ამასთან, ჩვენებური პოლიტიკა არც ხალხურ სიბრძნეს აღიარებს, რომლის თანახმადაც, ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა არ შეიძლება. ჰოდა, ისინი, რომლებიც პოლიტიკის გემოს ერთხელ იგებენ, პოლიტიკა აღარ ეთმობათ ხოლმე და შეიძლება, ცოტა ხნით თვალს მოეფარონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც უკან ბრუნდებიან.

ახლა, არ იკითხავთ, ამას ვისზე და რატომ ვამბობ? _ ვინც პირველი გაგახსენდათ, ცხადია, ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, თუმცა ვიდრე ღარიბაშვილის დაბრუნების ანატომიაზე ვისაუბრებთ, თქვენს ყურადღებას სხვა გარემოებას მივაპყრობ. ეს „სხვა გარემოება" კი _ არც მეტი, არც ნაკლები _ ნინო ბურჯანაძეა, ქალბატონი, რომელიც პარლამენტის ორგზის თავმჯდომარე გახლდათ და ასევე ორჯერ, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა.

პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იყო, ან როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, რა და როგორ გააკეთა, ახლა ამის განხილვაში არ შევიდეთ, რადგან ჯერ ერთი, ამის შესახებ ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, მეორეც _ ბურჯანაძის ე.წ. „სამთავრობო კარიერა" სხვა საუბრის თემაა, თუმცა ერთი რამ კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ: ვინმეს მოსწონს თუ არა, ბურჯანაძე, უდავოდ, პოლიტიკოსია, მაგრამ საკითხავია, თავის პოლიტიკურ ნიჭსა და გამოცდილებას რა მიზნებისთვის იყენებს.

დიახ, ქალბატონი ბურჯანაძე ქართველი პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის მიმართ სიმპატიას არ მალავს. ამასთან, ის უარს არც პუტინთან შეხვედრებზე ამბობს. ამის გამო, საზოგადოების ნაწილი მას რუსეთუმედ მიიჩნევს, თუმცა თავად ქალბატონი პოლიტიკოსი ამ, ასე ვთქვათ, ბრალდებას აპროტესტებს და ამბობს, რომ რუსეთუმე კი არ არის, არამედ ცდილობს, ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობა როგორმე დაალაგოს.

სხვათა შორის, სიტყვა „ოკუპანტი" ბურჯანაძის პოლიტიკურ ლექსიკონში არ ფიგურირებს და ამის მაგალითია, რამდენიმე წლის წინანდელი მისი სატელევიზიო გამოსვლა, როცა გადაცემის წამყვანმა რამდენჯერმე ჰკითხა, რუსეთი ოკუპანტია თუ არაო და ბურჯანაძემ პასუხს თავი აარიდა.

ამას გარდა, ის დროც გვახსოვს, როცა მიხეილ სააკაშვილის დროს, მაშინდელმა სამართალდამცავებმა ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, ბურჯანაძე და მისი გარემოცვა, თითქოს საქართველოში გადატრიალებას რუსული გეგმის მიხედვით აპირებდნენ.

ისე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ჩანაწერების ნამდვილობა არც მაშინ და არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ დადასტურებულა ანუ თუ მიშას უშიშროებას ჰქონდა რეალური და უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსი ქალბატონი ხელისუფლების დამხობას რუსების დახმარებითა და ხელშეწყობით აპირებდა, მაშინ ჩანაწერებს სამართლებრივი მსვლელობა რატომ არ მიეცა?

ამასთან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რატომ თავად ბურჯანაძე არ შეეცადა, რომ საკუთარი შელახული იმიჯი აღედგინა და წინა ხელისუფლების ან ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა დასჯა მოეთხოვა, რომლებმაც საუბრის ფაბრიკაცია მოახდინეს?

ამ კითხვაზე საპასუხოდ, ქალბატონი ნინო, ალბათ, განაცხადებს, პასუხის მოთხოვნას რა აზრი აქვს, როცა „ოცნების" სამართალდამცავი უწყებები ნაცებით არის გატენილიო. შესაძლოა, ასეა, მაგრამ ქართული ანდაზაა, ერთი ჯავრი, ბაღდადი ღირსო ანუ ხალხი დაინახავდა, რომ ბურჯანაძე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა, მაგრამ მოქმედი ხელისუფლება ამის საშუალებას არ აძლევდა.

ბურჯანაძის პოლიტიკური ბეგრაუნდიდან, ყოველივე ზემითქმულის გარდა, ისიც კარგად გვახსოვს, მოსკოვში, პუტინის გვერდით რომ იდგა. არც ის დაგვვიწყებია, ამის გამო ნაციონალებმა და, ზოგადად, პრომედასავლეთე პოლიტიკურმა სპექტრმა ეს ქალბატონი პოლიტიკურ ანათემას რომ გადასცა, მაგრამ კარგი მეხსიერება, როგორც ჩანს, ხალხს გვაქვს, თორემ პოლიტიკოსებს ან ამნეზია სჭირთ, ან ღირებულებები არ აქვთ და საკუთარ პრინციპებზე უარსაც ადვილად ამბობენ.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა ნამდვილად გაგიჩნდებოდათ, როცა რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის მეხოტბეების გვერდით, ბურჯანაძესა და მისი პარტიის წევრებს იხილავდით.

რა საერთო აქვს, იგივე გაერთიანებულ ოპოზიციას ნინო ბურჯანაძესთან? _ ეს კითხვა აქტუალური იმიტომ არის, რომ „ძალა ერთობაშია"-მ, რომელიც გასული წლის ზაფხულში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა, თავის საარჩევნო კამპანია, თავიდან ბოლომდე, ანტირუსულ და ანტისაოკუპაციო მოტივებზე ააწყო.

უფრო მეტიც, ამ გაერთიანების წევრები აწ უკვე მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრალს უყენებდნენ და უყენებენ, რომ მისი წიგნი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში ისე წარადგინა, როგორც მტკიცებულება ანუ პროდასავლური ოპოზიცია დღესაც იმ აზრზე რჩება, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

ამას გარდა, ქართული პოლიტიკური ინსტემბლიშმენტის ეს, ესე იგი, პროდასავლური ნაწილი, ერთმნიშვნელოვნად დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილს კრემლის მიმართ სენსიტიური გრძნობები აქვს.

დავუშვათ, ასეა, მაგრამ აქ თავს იჩენს ორმაგი სტანდარტი, რაც შემდეგში გამოიხატება: პროდასავლური ოპოზიცია ზურაბიშვილს თავისიანად არ მიიჩნევს ზემოხსენებული საბაბის გამო, აი, ბურჯანაძესთან კი, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ პრორუსულობის ფლაგმანად მიიჩნევდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება.

არის თუ არა ეს ქართული პოლიტიკის ორმაგი სტანდარტი, თავად განსაჯეთ!

ახლა, მედასავლეთეები გამოვლენ და იტყვიან, ბურჯანაძესთან საგარეო პოლიტიკის კუთხით არ ვთანამშრომლობთ. უბრალოდ, 20 პოლიტიკური პარტია თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და ვინც ამას იზიარებს, ყველას დაველაპარაკებით, მათ შორის, „ოცნების" წარმომადგენლებსაცო.

კარგი, ეს არგუმენტი, ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ რა ვუყოთ იმ მოარულ ხმებს, რომელთა თანახმადაც, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის, თუნდაც არაოფიციალური წევრი გახადოს?

ასევე, პოლიტიკურ კულუარებში იმის შესახებაც საუბრობენ, რომ ასეთი მცდელობის გამო, გაერთიანებულ ოპოზიციაში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა და იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე ამ პოლიტიკურ კოალიაციასთან თანამშრომლობას, საარჩევნო სისტემის გარდა, სხვა საკითხებზეც გააგრძელებს, მაშინ პროდასავლურად განწყობილ ამომრჩეველს, რომელიც საქართველოში არცთუ ცოტაა, იმედი გაუცრუვდება და საბოლოოდ დაასკვნის, რომ პოლიტიკა ბინძურია.

სიბინძურე იქით იყოს და, ბურჯანაძის მედასავლეთეებთან შერწყმას, მედლისა არ იყოს, მეორე მხარეც აქვს. კერძოდ, ვის ვის და, ყველაზე მეტად, ზუსტად ბურჯანაძეს სჭირდება, რომ რუსეთუმეს იმიჯი, თუ იარლიყი მოიცილოს. გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობა კი, თუნდაც საარჩევნო სისტემის შეცვლის საბაბით, ამის საუკეთესო საშუალებაა. ყოველ შემთხვევაში, ამის მერე თუ ვინმე მიანიშნებს, რომ ბურჯანაძე ჩრდილოეთისკენ იყურება, თავად ეს ქალბატონი გამოვა და იტყვის, მე თუ რუსეთუმე ვარ, მაშინ იგივე, სააკაშვილის გარემოცვა, ჩემთან ერთად რატომ დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთანო?

ამ კითხვაში ლოგიკა იქნება. მთელი უბედურება ის არის, რომ ლოგიკას ქართული პოლიტიკა არ ექვემდებარება.

ახლა, რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მართლია, ზოგიერთი ანალიტიკოსი და პოლიტიკისმცოდნე კარგა ხანია, ამბობდა, აი, ნახავთ, ღარიბაშილი პოლიტიკაში თუ არ დაბრუნდესო, მაგრამ ყოფილი პრემიერის დაბრუნების ბევრს არ სჯეროდა. ასეთი მოლოდინი არც, თუნდაც რამდენიმე დღის წინ არსებობდა, როცა „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

ამასთან, ისეთი ფონი შეიქმნა, რომ მმართველ გუნდს შესაძლოა, უმრავლესობა საერთოდ დაეკარგა (ეს მოცემულობა დღის წესრიგიდან მოხსნილია თუ არა, ჯერჯერობით, ხელაღებით ვერ ვიტყვით). უმრავლესობის დაკარგვის კონტურები მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც „ოცნება" ისეთმა მართლმორწმუნე მეოცნებემ დატოვა, როგორიც, მაგალითად, ზვიად კვაჭანტირაძეა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის გამიჯვნის შემდეგ, ბატონმა კვაჭანტირაძემ ემოციური განცხადებაც გააკეთა და ამაყად ბრძანა:

„იმ დღეს, როცა განცხადება დავწერე და „ქართული ოცნებიდან" წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა მაქვს, მეგონა, რომ ერთი, 30 კილო დავიკელი. ძაღლი მყავს, არაჩვეულებრივი, როტვეილერი. ძაღლს ვასეირნებ ხოლმე დილით, ადრე და გვიან, საღამოობით და მეზობლები სხვანაირად მესალმებიან, ისეთი ბედნიერი ვარ. ადრე არ ვიცოდი, ამდენი ძაღლი, ან გამსეირნებელი თუ იყო ქალაქში".

კვაჭანტირაძეზე ამბობენ, რომ გარკვეულწილად, კონიუნქტურის მიმდევარია ანუ მას რომ სცოდნოდა, იგივე ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა, შესაძლოა, „ოცნება" არც დაეტოვებინა, მაგრამ ახლა, როგორც იტყვიან, თითზე კბენა უკვე გვიანია.

რატომ დავუთმეთ ამდენი ყურადღება კვაჭანტირაძეს? _ იმიტომ, რომ ამით ნათელი ხდება, ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი „ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივნად დანიშვნა, გარკვეუწილად, გასაიდუმლოებული იყო და ამის თაობაზე, თავად „ოცნების" წევრებმაც არაფერი იცოდნენ.

იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, პირველი არაოფიციალური ინფორმაცია სოციალურ ქსელში 4 მარტს, საღამოს გავრცელდა. მეორე დღეს, 5 მარტს კი, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თავად ღარიბაშვილიც დაესწრო.

პარალელურად, მმართველი პარტიის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე.

შემოღებულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი.

აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას.

ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან, მონაწილეობდა „ქართული ოცნების" დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში.

პოლიტიკური მდივნის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში".

ამ განცხადებასთან ერთად, პარტიის პრესსამსახურმა მედიას იმის ამსახველი ფოტომასალაც მიაწოდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გვერდით ზის.

რატომ დაბრუნდა ღარიბაშვილი პოლიტიკაში? _ ვიდრე ამის შესახებ ვიმსჯელებთ, რამდენიმე სიტყვით ის პერიოდი გავიხსენოთ, როცა ის პრემიერი იყო:

ღარიბაშვილი პრემიერობიდან 2015 წლის 23 დეკემბერს გადადგა და, მოგვიანებით, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy company Limited -ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. კომპანიის ინტერესების სფეროს, ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.

რაც შეეხება ღარიბაშვილის პრემიერობას, ამ პოსტზე მუშაობისას, ბიზნესთან ორი გაფართოვებული შეხვედრა გამართა, ასევე გამოვიდა რამდენიმე ეკონომიკური ინიციატივით, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ 2013-2015 წლებში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აღმავლობით გამოირჩეოდა, რასაც ციფრებიც მოწმობს.

ასე, მაგალითად, 2013 წელს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 3.4%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2014 წელს მშპ 4.6 %-მდე გაიზარდა, თუმცა 2015 წელს, მთავრობას დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის კორექტირება მოუწია.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 2014 წლის 1 სექტემბერიდან, ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

ამასთან, დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუმცა ბაზრების გაფართოვების მიუხედავად, 2014 წლის მეორე ნახევრიდან, ექსპორტმა კლება დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობას უკავშირდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის მომზადება და პარლამენტის მიერ დამტკიცება. სხვათა შორის, ღარიბაშვილის დროსვე, ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო ტვირთი შემოვიდა, თუმცა ჩინური ტვირთის თემა ლარის გაუფასურების დაწყებამ გადაფარა ანუ იმ დროს, როცა ღარიბაშვილი პრემიერად დაინიშნა, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 1.67 ლარი იყო, მისი გადადგომის დღეს კი, ერთი დოლარი 2.41 ლარი ღირდა.

როგორი პარტიული ლიდერი იყო ღარიბაშვილი? _ ფაქტია, იმ დროს „ოცნება", გარეგნულად მაინც, შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უფრო კონკრეტულად, მაშინ პარტიაში, ე.წ. „ახალი სახეები" არ იყვნენ და მთავარ ძალასაც „2012"-იანები წარმოადგენდნენ. „ახალგაზრდების" გამოჩენა „ოცნებაში", ასევე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის სახელს უკავშრდება.

დღეს უკვე ნათელია, რომ „ოცნების" ძველი და ახალი სახეები ერთმანეთს ღიად ეომებიან. ეს კი არადა, იგივე ძველ სახეებს აქვთ განცდა, ყოველ შემთხვევაში, ღარიბაშვილის დაბრუნებამდე ჰქონდათ განცდა, რომ პარტიაში ისინი საჭირონი აღარ არიან. ასეთი განცდის საფუძველი კი იმანაც შექმნა, რომ ბესელია, რომელიც „ოცნების" შექმნის სათავეებთან იდგა, ახალგაზრდებთან დამარცხდა და მას პარტიის დატოვება მოუწია.

ღარიბაშვილის „ოცნებაში" დაბრუნება კი ამ რეალობას მეტ-ნაკლებად ცვლის. სხვათა შორის, ანალოგიურად ფიქრობს ზაქარია ქუცნაშვილიც, რომელიც ამბობს:

„ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გახლავთ ძალიან ძლიერი სვლა იმიტომ, რომ იმ ჭორიკნებს, რომლებსაც ატაცებული ჰქონდათ თემა, რომ „ქართულ ოცნებას" ძველები ტოვებენ და მხოლოდ ახლები რჩებიან, გამოეცლებათ საფუძველი... ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ „ქართული ოცნება" აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც. ირაკლიზე ვერავინ იტყვის, რომ ის ახალია და მას არ აქვს დამსახურება. იგი პირველი დღიდან, ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბების საქმეშია. ასე რომ, მე მიხარია, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ, ამჯერად უკვე პარტიულ საქმიანობაში. ეს გახლავთ ძალიან ძლიერი სვლა იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი ძველი სახე ბრუნდება პარტიაში, სწორედ იმ პერიოდში, როცა პარტიას სჭირდება ძველ და ახალ თაობებს შორის თანხმობა".

„ოცნების" პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას, ეკა ბესელიაც გამოეხმურა და სააგენტო „2020"- თან საუბრისას განაცხადა:

„მმართველ პარტიას სისტემური ცვლილება დასჭირდება. კობახიძე და მისი გუნდი დამანგრეველი ფუნქციის შემსრულებელი იყო პარტიაში. ახალი ტროას ცხენის როლი შეასრულეს და გვინდა ეს ცვლილებები. ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებას ვუსურვებ".

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს კი, იმ სიღრმეებში წასვლა არ უნდა, თუ რისთვის დასჭირდა „ოცნებას" ღარიბაშვილის დაბრუნება:

„ამ ანალიზის სიღრმეებში წასვლა არ მინდა, რადგან ამას „ქართული ოცნება" აკეთებს. ეს ანალიზიც მისი პრეროგატივაა, რატომ აკეთებს. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია. ჩვენ ვართ თანამებრძოლები 2012 წლამდე და მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო მას. ძალიან კარგია, პოლიტიკაში მის დაბრუნებას პოზიტიურად ვაფასებ.

ირაკლი ღარიბაშვილი ის პიროვნებაა, მას რომ არ ჰქონოდა ამისი სურვილი, დარწმუნებული ვარ, არ დაბრუნდებოდა. ასე არ არის, რომ ის დააბრუნეს. აქ ინტერესები ემთხვევა. იყო შეთავაზება, ის დასთანხმდა. ასე არ არის, რაღაცას გავალებენ და მაინცდამაინც ყველაფერს ასრულებ. ყოველ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი ასეთი ტიპაჟი არ არის". რაც შეეხება ოპოზიციას, ქართული პოლიტიკის ეს ფლანგი დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, „ოცნება" იმ ელექტორატის შენარჩუნებას ცდილობს, რომელმაც ბესელიასა და სხვების პარტიიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა, მმართველი გუნდის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

ასევე, კულუარებში თანდათან მწიფდება ის მოსაზრებაც, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია ანუ შეიძლება, ღიად არ ითქვას, მაგრამ ღარიბაშვილსა და ე.წ. კობახიძის გუნდს შორის, „თბილი და ტკბილი" ურთერთობა თუნდაც იმიტომ ვერ იქნება, რომ კობახიძის გარემოცვა ბოლო წუთამდე, თავს მმართველი პარტიის ბატონ-პატრონად მიიჩნევდა. ახალი რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს ქმნის, თუმცა აქვე, ისიც ვთქვათ, რომ იგივე თბილისის მერი, კახა კალაძე, ,,ქართულ ოცნებაში" ჯერ თავის პარტიულ თანამდებობას ინარჩუნებს. ერთადერთი, ვისაც ღარიბაშვილის დაბრუნებით თანამდებობის დატოვება მოუწია, გია ვოლსკია _ როგორც ზემოთ ვთქვით, ის ,,ოცნებაში" პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტს დაიკავებს.

ამ ეტაპზე, ცვლილებები არ განხორციელებულა პოლიტსაბჭოშიც.

ზოგადად, ამბობენ, რომ პოლიტიკური პროგნოზების კეთება უმადურობაა. აქედან გამომდინარე, ხელაღებით რამის მტკიცებას არც ჩვენ ვაპირებთ. ამიტომ, სჯობს, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ.

ისე, რაც უნდა მოხდეს, ერთი ნათელია: დღევანდელი საქართველო, ეკლექტურზე ეკლექტურია!