ყვარელში ამომრჩევლები გაყალბებული პირადობის მოწმობებით აძლევდნენ ხმას

ყვარელში ამომრჩევლები გაყალბებული პირადობის მოწმობებით აძლევდნენ ხმას

არსებობს ფაქტები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, ზუგდიდში არჩევნები საერთოდ ჩაშლილად გამოცხადდეს.  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე აცხადებს. მისივე თქმით, დავები არის მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით ყვარლის, ხაშურის, ქედის, წყალტუბოს და დედოფლისწყაროს ოლქებში.

„თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სადაო რაიონების ოლქების ნაწილში დადებითად გადაწყდება ჩვენი საქმე“, - განაცხადა საგანელიძემ.

ერთ-ერთი ოლქი, სადაც მისი თქმით, სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, ყვარლის რაიონია. For.ge ყვარლის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ დავით ქევხიშვილს არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

დავით ქევხიშვილი: „რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ამომრჩევლებს აშკარად აიძულებდნენ, ხუთიანი შემოეხაზათ და მობილური ტელეფონით ბიულეტენისთვის სურათი გადაეღოთ. ასეთი ფაქტები ჩვენ ვიდეო-ფირზეც აღვბეჭდეთ. იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები სხვა პასპორტით აძლევდნენ ხმას, კერძოდ, მათი სახელი და გვარი პასპორტში მითითებულს ემთხვეოდა, მაგრამ სხვა პირადი ნომერი იყო მითითებული. ამასთანავე, იყო კარუსელებიც, განსაკუთრებით აქტიურად ეს ყვარელსა და შილდაში ხდებოდა. ახლა ჩვენ საარჩევნო უბნებზე გაკეთებულ ვიდეო-ჩანაწერებს ვაანალიზებთ და უახლოეს ერთ დღეში ალბათ იმ პირების იდენტიფიკაციას მოვახდენთ, ვინც ამაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, არჩევნების დღეს არა, მაგრამ წინა ღამეს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვასაც. ახლა ჩვენ ვაზუსტებთ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამომრჩეველს ფულს ურიგებდა.

თქვენ საუბრობთ ამომრჩეველზე ზეწოლასა და კარუსელებზე, თუ გაქვთ ინფორმაცია, ასეთი ფაქტები მასიურად ხდებოდა, თუ ეს გამონაკლისი შემთხვევები იყო?

- ჯერჯერობით, ასეთი შემთხვევები სამ უბანზე დავაფიქსირეთ და ეს იმის ნიშანია, რომ ხმის მიცემა ამ ფონზე მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ყველა შემთხვევას ვერ დავაფიქსირებთ, მაგრამ რაზეც ინფორმაცია მოგვივიდა, ყველა ფაქტი დავაფიქსირეთ. ჩვენმა დამკვირვებლებმა ერთ-ერთ ამომრჩეველს მობილური ტელეფონიც კი წაართვეს, რომლითაც ხუთიან შემოხაზული ბიულეტენი იყო გადაღებული.

ამგვარი ზეწოლა საჯარო მოხელეებზე ხორციელდებოდა, თუ რიგით ამომრჩეველზეც?

- ზეწოლა ხორციელდებოდა ყველაზე, ვისზეც კი ხელისუფლებას რაიმე სახით გავლენის მოხდენა შეეძლო. ზოგს საჯარო სამსახურიდან დათხოვნით, ზოგს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებოდნენ და ა.შ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყვარელში წინასაარჩევნო პერიოდშიც იყო სერიოზული დარღვევები. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- დიახ, საარჩევნო პერიოდი ძალიან მძიმე იყო, რადგან ხალხის მასიური დაშინება ხდებოდა. მაგალითად, ვისაც სატელიტური თეფშები ჰქონდა სახლში, ანუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა და ამ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელება შეეძლო, ასეთ ადამიანებზე განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდებოდა. გარდა ამისა, დაშინების უამრავი მეთოდი და ფორმა არსებობს და ყველა ეს მეთოდი იყო გამოყენებული. ძირითადად საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებზე ხდებოდა ზეწოლა. არსებობს ფაქტები (ვიდეო-ფირზე აღბეჭდილი), როდესაც ამ ზეწოლის შედეგად პედაგოგები ხალხში დადიოდნენ და არჩევნების დღესაც კი აგიტაციას ეწეოდნენ.

რამდენი უბანია ყვარლის ოლქში სადავო?

- კარუსელებს რაც შეეხება, ეს ყველაზე მეტად ყვარელსა და შილდაში ხდებოდა. გარდა ამისა, ძალიან ბევრ უბანთან იდგა მიკროავტობუსები, რომლებსაც ფანჯრებზე ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული და სადაც 15-მდე ადამიანი იჯდა. ჩვენ ახლა ვაანალიზებთ ვიდეო-მასალებს და გავარკვევთ, ეს ადამიანები კარუსელებში მონაწილეობდნენ, თუ ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენდნენ.

თქვენ ამომრჩევლის მოსყიდვა ახსენეთ და გაქვთ კონკრეტული ფაქტები?

- რა თქმა უნდა, კონკრეტული ფაქტები არსებობს. მართალია, ძირითადად ამაზე საუბარს ადამიანები ერიდებიან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამასთან დაკავშირებითაც გვექნება გარკვეული მტკიცებულებები.

თუ გაქვთ ინფორმაცია, ამომრჩეველს ფულს სთავაზობდნენ, თუ მაგალითად საკვებ პროდუქტებს ან რაიმე სხვას?

- წინასაარჩევნო პერიოდში რომ ადმინისტრაციული რესურსი აქტიურად იყო გამოყენებული ეს ფაქტია. მაგალითად, იმ სოფლებში, რომლებიც დაისეტყვა, მოსახლეობას ღვინოს ურიგებდნენ და ეს ფაქტებიც დაფიქსირებული გვაქვს. მართალია, ამას თითქოს იმ მოტივით აკეთებდნენ, რომ სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, მაგრამ ეს უშუალოდ არჩევნების წინა დღეს ხდებოდა. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია, რომ სოფელ კუჭატანში თითქმის ყველას დაურიგეს ღვინო, თუ არ ვცდები 80 ლიტრზეა საუბარი.

გარდა ამისა, საუბარია ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემაზეც, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს პერიოდში მტკიცებულებებს დავდებთ.