ქართველი ახალდაქორწინებულები ცხოვრებას იაფ ბაზრობებზე სიარულით იწყებენ

ქართველი ახალდაქორწინებულები ცხოვრებას იაფ ბაზრობებზე სიარულით იწყებენ

ახალგაზრდა ქართულ ოჯახებს ცხოვრების დაწყება და საკუთარი შესაძლებლობებით სახლის მოწყობა იმდენად ძვირი უჯდებათ, რომ დაქორწინებას, დროებითი, ჰოლივუდის ფილმებში ნანახი და იქ კარგა ხნის დამკვიდრებული „გიორლ-ბოი-ფრენდობა“ ურჩევნიათ. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ოჯახის შექმნის ყველაზე დიდი ბარიერი ეკონომიური გაჭირვებაა.

"ცოლის მოყვანა, თანაც 22-25 წლის ასაკის ბიჭისათვის შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში: ერთი, როცა კარგი (ანუ შეძლებული) მამიკო გყავს და მეორე, როცა თავად ხარ ისე დასაქმებული, რომ ოჯახის რჩენა შეგიძლია. სხვანაირად, როცა ქართველი ბიჭების უმრავლესობას სიგარეტის საყიდელი ფული არ გააჩნია, ცოლის მოყვანაზე ფიქრი სისულელეა. ამიტომ გამოსავალი ერთია, ყველას მობეზრდა ძველმოდური აზროვნება და ურჩევნია დროებით თავის რჩეულ ქალთან ერთად იცხოვროს, მაგრამ არ აიღოს ზედმეტი ვალდებულებები თავის თავზე“. - ფიქრობს 23 წლის ირაკლი დოლიძე.

„ჩვენ 6 თვეა ერთად ვართ და ამ დროის განმავლობაში მორიგეობით ვყიდულობთ საოჯახო ნივთებს, რადგან ერთად ყიდვა საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება და ჩვენი შემოსავლით პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ თვეში რაიმე ერთ ნივთს ვყიდულობთ, ვფიქრობ, რომ ერთ წელში თუ ყოველ თვეში რაიმეს შევიძენთ, 12 დასახელების ნივთი გვექნება, თუმცა, ბევრ ჩემს მეგობარს, რომლებმაც ასევე რამდენიმე თვის წინ შექმნეს ოჯახი, ეს შესაძლებლობაც კი არა აქვს“, - ამბობს თეა ჩიხლაძე.

რაც შეეხება საშუალო ფასებს საშუალო შეძლების ქართველებისათვის:

ერთ ან ორ ოთახიანი სახლის შეთეთრება, ოღონდ ნაცნობი მუშახელის დახმარებით, საშუალოდ 250 დოლარი ღირს, ხოლო ელიავას ბაზრობიდან წამოყვანილი ხელოსანი კი მინიმუმ 300-350 დოლარს ითხოვს ხელობაში.

თუ სახლის შეთეთრება-შელამაზება ახლად შექმნილი ოჯახის ხარჯებს აღემატება, მაშინ ისინი ისეთ რემონტს უნდა დასჯერდნენ, როგორიც მათ სახლში დახვდებათ, თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ დახვდათ.

თუ სახლი არა გაქვთ და ბინის დაქირავება ან დაგირავება გსურთ, ფასები აქაც სხვადასხვანაირია. მაგალითად, გლდანში ოროთახიანი ბინის დაქირავება დაახლოებით 60 დოლარი ღირს, ხოლო უფრო დიდი ფართის მქონე და თანაც კეთილმოწყობილი ბინისა - 110 დოლარი.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნივთებს, დავიწყოთ ტელევიზორიდან: საშუალო სიდიდის ტელევიზორი 150 დოლარიდან 200 დოლარამდე ღირს (დაბალი ხარისხის ფირმების გამოშვება).

მაცივარი საშუალოდ 300 დოლარი ღირს, ხოლო სარეცხი მანქანა - 250 დოლარი. ბუნებრივია, არა ისეთი სიკეთეების მქონე, როგორიც რეცხვა, გაშრობა და გაუთოებაა. თუ რუსეთის წარმოების სარეცხი მანქანის შეძენას გადაწყვეტს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მაშინ 100 ლარადაც იყიდის რამეს, ოღონდ არა საფირმო მაღაზიებში, არამედ ბაზრობებზე.

კარგი გაზქურა 300 ლარიც ღირს, და 300 დოლარიც. გააჩნია, რომლის ყიდვის შესაძლებლობა ექნება მყიდველს. ხოლო მიკროტალღოვანი ღუმელი, მისი სიმძლავრის მიხედვით, 60, 70 და 120 ლარი ღირს.

ვიდეოაპარატურა, რომელიც დღეს თითქმის ყველა ოჯახს აქვს, 80-100 დოლარი ღირს. ხოლო აუდიომაგნიტოფონი ან მუსიკალური ცენტრი - 100-200 დოლარი.

პირველადი მოხმარების საგნებს, სეზონების ცვლის მიხედვით სხვა საჭირო ნივთებიც ემატება. მაგალითად, როგორიცაა გასათბობი საშუალებები. გაზის გამათბობელი 120 დოლარიც ღირს და 100 ლარიც. ხოლო ნავთქურა, მისი წარმოების მიხედვით, 50-100 ლარი. წყლის გამათბობელი „არისტონი“ კი 120-150 დოლარი.

რაც შეეხება ავეჯს. ავეჯი, ყველაზე ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, იმასაც გააჩნია, სად იყიდი - დინამოს ბაზრობაზე, თუ რომელიმე საფირმო მაღაზიაში.

საშუალო „დონის“ და ფასის დივანი სავარძლებით 200 დოლარი ღირს, ხოლო ერთი სკამი - 40 ლარი. შესაბამისად, 6 სკამი ოჯახისთვის 240 ლარი ჯდება. ტელევიზორის მაგიდა - 150 დოლარი ღირს, ხოლო ე.წ. „კედელი“ ხარისხისა და წარმომავლობის მიხედვით - 400-700 დოლარი.

თანამედროვე სამზარეულოს მოწყობა იმდენად ძვირი ჯდება, რომ ახლად დაქორწინებულებს ამ შემთხვევაში მშობლები ან ახლობლები თუ წაეშველებიან. არადა ეს ის პირველადი ნივთებია, რაც ყველა ოჯახს აუცილებლად სჭირდება.

რუსთაველის გამზირზე მდებარე ვიდეო აპარატურის მაღაზიის გამყიდველები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეიძინეს მათთან ტელევიზორი ახალგაზრდა წყვილმა. ხშირად, მათი კლიენტი კარგად ჩაცმული „ბიძები“ არიან, რომელთაც შვილი ან მეგობარი მოჰყვებათ ხოლმე.

რაც შეეხება ახალგაზრდა წყვილებს, რომლებმაც ცხოვრების დაწყება საკუთარი სახსრებით გარისკეს, ისინი საოჯახო ნივთების შეძენას შედარებით იაფ ადგილებში, ბაზრობებზე არჩევენ. მათთვის ძვირფასი მაღაზიების კარი ჯერჯერობით დაკეტილია. სამწუხაროდ, საქართველოში ეს პრობლემა არაერთ წყვილს აქვს, უბინაობით და უსახსრობით დამფრთხალებს კი ოჯახის შექმნას კვლავ მარტო სიარული ურჩევნიათ.