უცხოელი დამკვირვებლების თქმით, საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა

უცხოელი დამკვირვებლების თქმით, საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა

„აშშ მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და ახალ მთავრობასთან. მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს წარმატებულად ჩატარებული არჩევნები. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტირებისას ამერიკის ახალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, გუშინდელი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვება იყო. ამდენად, იგი ულოცავს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, აგრეთვე, რიჩარდ ნორლანდმა მიულოცა ბიძინა ივანიშვილს მისი პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნების“ წარმატება საპარლამენტო არჩევნებში და, აშშ-ის სახელით, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ორივე მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ითანამშრომლებენ, რათა ქართველი ხალხის უკეთესი მომავალი ერთობლივი ძალისხმევით ააშენონ.

რიჩარდ ნორლანდი ხმების დათვლის პროცედურასაც შეეხო და განმარტა, იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება ხმის დათვლა, ყველაფერი ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე იმოქმედებს. თუმცა არჩევნები ნამდვილად თანაბარი ძალის პოლიტიკური აქტიორების მონაწილეობით ჩატარდა და ამ არჩევნებით დადგა შედეგი, რომლითაც ჩვენ ვიღებთ ახალი კონფიგურაციის პარლამენტს, ახალი კონფიგურაციის ძალთა გადანაწილებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

რიჩარდ ნორლანდის თქმით, მას შემდეგ, რაც დასრულდება ხმის დათვლის, აგრეთვე, აპელაციების განხილვის პროცედურები, აშშ იმედოვნებს, რომ შეძლებს თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან და ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ისედაც ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები.  

დღესვე ამ საეტაპოდ მიჩნეული არჩევნების შეფასების მიზნით „ქორთიარდ მერიოტში“ საერთაშორისო დამკვირვებელთა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც უცხოელების მხრიდან არაერთგზის გარკვევით აღინიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა.   

ჩვენი ქვეყნის მიერ დემოკრატიის ტესტის ჩაბარების შესახებ აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტონინო პიცულამ. მისი თქმით, ისინი პატივს სცემენ საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას და დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველ ხალხს შეუძლია, ეფექტურად იმოქმედოს.

„მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც შეიცავდა უხეშ რიტორიკასა და ნაკლოვანებებს, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისუფლად გამოხატა თავისი ნება. პროცესმა აჩვენა დემოკრატიული არჩევნებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური თავისუფლებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება. ჩვენ მოველით, რომ საბოლოო შედეგები ამომრჩეველთა არჩევანს ასახავს“, - აღნიშა ტონინო პიცულამ.

გუშინდელ არჩევნებს წარმატებით ჩაბარებული ტესტი უწოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ლუკა ვოლონტემაც. უფრო ზუსტად, მან აღნიშნა, რომ, მართალია, საქართველომ ტესტი ჩააბარა, მაგრამ აუცილებელია, წინსვლა გაგრძელდეს. ამ კუთხით კი გადამწყვეტი იქნება, უმრავლესობამ და ოპოზიციამ პარლამენტში ითანამშრომლონ: „მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ეს არჩევნები იყო ძალიან კონკურენტუნარიანი,“ - განაცხადა ლუკა ვოლონტემ.
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მილან კაბრნოცის აზრით კი, საქართველოს მიერ წარმატებით ჩაბარებული ტესტი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან უფრო მყარ საფუძველზე გადავიდა და, რომ „საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის“

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ასენ აგოვის აზრით კი, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მასობრივი აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა და ის გულწრფელობა, რაც მათ დაინახეს, შეიძლება მხოლოდ დადებითი იყოს საქართველოს მომავლისთვის.

ზოგადად, ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ამ ამბიციურმა ქვეყანამ - საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული არჩევნების კონსოლიდირებულად ჩატარების თვალსაზრისით. თუმცა, მათი თქმით, რამდენიმე საკვანძო საკითხი მაინც რჩება.
დამკვირვებლების განმარტებებით, არჩევნები კონკურეტულ გარემოში, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა, თუმცა წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო. დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში მეტი ყურადღება ეთმობოდა, ერთი მხრივ, კანდიდატის თანამდებობრივ უპირატესობას და, მეორეს მხრივ, პირად ფინანსურ აქტივებს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმებსა და პროგრამებს.
იმ ფონზე, როდესაც გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში დაცული იყო, ადგილი ჰქონდა პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ ძალადობასა და დაშინებას, რაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახებოდა. მსგავსი შემთხვევები უმეტესად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების დაკავებისა და ჯარიმებით სრულდებოდა. აღნიშნულმა ფაქტებმა კი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უნდობლობის ჩამოყალიბება განაპირობა.
აქვე დამკვირვებლები საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ სანდოობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას გამჭვირვალედ ახასიათებენ. ისინი იწონებენ, რომ ცესკო ხშირად აწყობდა ღია შეხვედრებს დამკვირვებლებთან, პარტიის წარმომადგენლებთან და მედიასთან.

„არჩევნების დღე იყო წყნარი და მშვიდი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა შეინიშნებოდა პროცედურული ხარვეზები,“ - ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამკვირვებელთა თქმით, არჩევნების შესახებ ყველაზე უფრო დაბალანსებული ინფორმაცია საზოგადოებას „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ მიეწოდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ საქართველოში „must carry”- ის პრინციპი განხორციელდა და კერძო მაუწყებლებს მიეცათ საშუალება საზოგადოებისათვის თავიანთი სიგნალი მიეწოდებინათ. თუმცა, ზოგიერთი კერძო ტელეარხის ქვეყნის შიგნით დაფარვის ზონა შეზღუდული იყო. 

ასეთი შეფასებების მიუხედავად, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ღიად დატოვეს პასუხი უმთავრეს კითხვაზე, წინა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მათ არ დააკონკრეტეს, რით იყო განპირობებული, რომ უცხოელები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს მუდმივად იწონებდნენ და დემოკრატიის გზაზე პროგრესულ ნაბიჯად აღიქვამდნენ. ახლანდელმა არჩევნებმა კი დაადასტურა, რომ წინამორბედ არჩევნებზე ყველაფერი მთლად სუფთად არ მიმდინარეობდა.

„წინა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის პრაქტიკა ასეთია, რომ ჩვენ ერთსა და იმავე ქვეყანაში ასეთ შედარებას არ ვახდენთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა არჩევნები განსხვავდებოდა ახლანდელი არჩევნებისგან, სხვა იყო საკანონმდებო ბაზა, სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტი იყო“, - აღნიშნეს დამკვირვებლებმა.   
გარდა ამისა, უცხოელი დამკვირვებლებისგან ასეთი მესიჯები ისმოდა:

- ქართველ ხალხს შეუძლია ეფექტურად მართოს ქვეყანა.

- საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც ბუქარესტის დეკლარაციაშიც ჩაიწერა, თუმცა საქართველომ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.

- საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან უფრო მყარ საფუძველზე გადავა.

- არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს შეეხება ოლქებში მცხოვრებთა რაოდენობას შორის განსხვავებებს, რაც ხმების თანასწორობას ხელს უშლის.

For.ge-მ კომენტარი სთხოვა კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდა.

მისი თქმით, დამკვირვებელთა მისიას  ჩვენი არჩევნების პროცესის შეფასება აკისრია და, რა თქმა უნდა, მათ არ შეუძლიათ, წინასწარმეტყველურად განჭვრიტონ, თუ როგორი იქნება საპარლამენტო ადგილების საბოლოო განლაგება.

„უცხოელ დამკვირვებლებს შეუძლიათ, თქვან, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა ცალკეული ინცინდენტები და ზოგიერთ უბანზე გავლენის მოხდენის მცდელობა იყო. ესეც ფაქტია და, ჩემი აზრით, ალბათ,  გადასინჯული იქნება ზოგიერთი უბნის შედეგები. სამწუხაროდ, დამკვირვებელთა მისიის მიერ ყველა არჩევნები ფასდებოდა როგორც დადებითი, თავისუფალი, დემოკრატიული, მაგრამ დღეს პირველად გვაქვს შემთხვევა, როცა ხალხმა თავისი არჩევანი გამოთქვა და გაიტანა“, - გვითხრა გოგი ხუციშვილმა.