ბოლო რამდენიმე დღეა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ბიზნესმენებს „ხმის ამოღებას და პროტესტის გამოთქმას უკიჟინებენ. ყველაზე მეტად აქტიურობენ ის ექსპერტები, რომლებიც ოპოზიციასთან არიან დაკავშირებულნი და მათ პათოსს იზიარებენ. უკანასკნელ 3-4 დღეში მათ მშიშრები და „ცეხავიკები“ შეარქვეს.
ექსპერტი დავით ნებიერიძე უფრო შორს წავიდა და ასეთი სახის მიმართვა გამოაქვეყნა:
„ასე რამ დაგაბეჩავათ თქვე უბედურებო? ასეთი რა გაქვთ მიქარული, რომ ბაჭიებივით ყურებით ჰყავხართ დაჭერილი ბიძინას და მლიქვნელობა თვითგადარჩენის მთავარ ინსტრუმენტად გაიხადეთ!? თავმოყვარეობა საერთოდ დაგაკარგვინათ და ეს უტუარად ნიშნავს იმას, რომ ბიზნესსაც „აგახევთ“. აუცილებლად „აგახევთ“ თუ ხელისუფლების ცვლამ არ მოგისწროთ უახლოეს პერიოდში. საბოლოოდ ნუ დაეცემით ისე, რომ ქომაგიც არავინ დაგრჩეთ“.
ასეთი დამოკიდებულება ბიზნესს პირიქით განაწყობს იმ ხალხთა მიმართ, ვინც თითქოსდა მათ დაცვას ცდილობს. „კოკა-კოლას ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ბიზნესი ჩუმად არაა და მან ზუსტად იცის როდის რა თქვას.
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვართ ისეთი ტიპები, რომლებიც ემოციებს აჰყვებიან და ერთ დაძახებაზე გავარდებიან ქუჩაში დროშებით. ბიზნესი არის საზოგადეობა, რომელიც ქვეყნის დოვლათს ქმნის და ამ დოვლათით არსებობს ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს და ბიზნესს მშიშრებს ეძახის. ეს არააა სწორი“, - აცხადებს ჭყონია.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კერძო სექტორის მიმართ შეურაცხყოფის ტალღა წამოვიდა. ზურა ჯაფარიძე კი ბიზნესმენებს „ცეხავიკებად“ და წითელ დირექტორებად მოიხსენიებს.
„არავინ არ იცის მამუკა ხაზარაძის ისტორია და მისი დამსახურება საქართველოს ეკონომიკაში ისე, როგორც ჩვენ. ის ახალგამომცხვარი პოლიტიკოსები, საერთოდ დაბადებულები არ იყვნენ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ჩვენ, ის თაობა ვქმნიდით საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ თავი დაანებონ ჩვენს შეფასებებს. სანამ ჩვენს შეფასებას დაიწყებენ, თავისი თავის შეფასება დადონ. რა გაუკეთებიათ მათ გინდა პოლიტიკაში, გინდა ეკონომიკაში, გინდა განათლებაში“, - აცხადებს „ბიემთან“ ჭყონია.
პარალელურად განცხადებას ავრცელებს „თიბისი ბანკი“, რომელსაც ყველას მოუწოდებს რეპუტაციის შემლახავ განცხადებებს თავი დაანებონ და დაიცვან ობიექტურობა:
„თიბისი ბანკის“, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.
„თიბისი ბანკი“ ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში.
საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, „თიბისი ბანკის“ მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას. სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია.
ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი“, - ნათქვამია განცხადებაში.