„მორალურად გაცვეთილი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის გაიდეალება, ისტორიის დინების წინააღმდეგ ცურვას ნიშნავს“

„მორალურად გაცვეთილი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის გაიდეალება, ისტორიის დინების წინააღმდეგ ცურვას ნიშნავს“

„ხელისუფლება სისტემატურად იწონებს თავს, თითქოს რეგიონის ქვეყნებს შორის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ და ამასთან, საერთაშორისო რეიტინგებშიც ვიუმჯობესებთ პოზიციებს, მაგრამ თუ ორიენტაციას პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან ყველაზე ჩამორჩენილებზე ავიღებთ, მოწინავეთა შორის ვერასოდეს ჩავდგებით. ამიტომ სწორება მხოლოდ ყველაზე წარმატებულებზე უნდა ავიღოთ“, - ასე ეხმიანება ქვეყნის განვითარების სოციალურ-ეკონომიკურ ჩამორჩენას, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ილია (აზიკო) სისვაძე.

რა პოზიციებს იკავებს საქართველო მსოფლიოში, სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით და როგორი ხელისუფლება სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის? - ამ თემაზე For.ge ანალიტიკოს ილია (აზიკო) სისვაძეს ესაუბრა.

რამდენად რეალისტურია შეფასება, რომ საქართველო რეგიონების ქვეყნებს შორის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით მოწინავე პოზიციებს იკავებს?

- საკითხის ასე დაყენება, ჯერ ერთი, თვითონ ქვეყნისთვისაა წამგებიანი და მეორე, რეალური სიტუაცია იმდენად განსხვავებულია, რომ ფაქტიურად მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრა უფრო გამოდის.

ვგულისხმობ იმას, რომ თუ ორიენტაციას პოსტკომუნისტურ ქვეყნებიდან ყველაზე ჩამორჩენილებზე, კერძოდ, კი მეზობლებზე ავიღებთ და ვიამაყებთ, რომ მათ შორის ლიდერები ვართ და ამით დავკმაყოფილდებით, მოწინავეთა შორის ვერასოდეს ჩავდგებით. ამიტომ სწორება მხოლოდ ყველაზე წარმატებულებზე უნდა ავიღოთ.

ფაქტიური მდგომარეობის თვალსაზრისით მწარე რეალობა სრულიად განსხვავებულია: 2017 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს მიხედვით პოსტკომუნისტური ქვეყნების ბოლო რიგებში მყოფთაგან: სომხეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო 7,5%, საქართველოში - 4,8%. 2018 წელს აზერბაიჯანში საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 283 დოლარი, საქართველოში - 265 დოლარი. 2017 წელს უკრაინაში პენსია 142 დოლარი იყო, აზერბაიჯანში - 202 დოლარი, ხოლო საქართველოში 75 დოლარი. 2017-2018 წლებში ცხოვრების დონის რეიტინგით ბელორუსია იკავებდა 58-ე, უკრაინა 64-ე, აზერბაიჯანი 81-ე, ხოლო საქართველო 84-ე ადგილს.

ხელისუფლებამ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ ბიზნესის კეთების თავისუფლების ინდექსითაც დავწინაურდით. ეს ნამდვილად გასახარი და იმედისმომცემი იქნებოდა, ერთი საგანგაშო გარემოება რომ არა. სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლით - ჯინის კოეფიციენტით, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული „ჩემპიონია“ - ჩინეთთან - 42.2, რუსეთთან - 41.6 და ისრაელთან - 42.8 ერთად. ჩვენთან ეს მაჩვენებელი შეადგენს 40,1-ს. ამ პირობებში ბიზნესის კეთების თავისუფლება უპირველესად მოსახლეობის განუკითხავი ძარცვის უფლებაა. ასე რომ, საამაყო არაფერი გვაქვს.

თქვენ თქვით, რომ ორიენტაცია მხოლოდ წარმატებულ ქვეყნებზე უნდა ავიღოთ. რა მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და რამდენად ჩამოვრჩებით მათ?

- ცხადია, რომ დასავლეთ ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარება ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება. ამიტომ ჩვენთვის გაცილებით რეალური და სასარგებლო იქნება აღმოსავლეთ ევროპის იმ წარმატებულ პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან სწორება და გამოცდილების შესწავლა, რომლებთან ერთად ოცდაათი წლის წინათ თანაბარ სასტარტო პირობებში ვიმყოფებოდით.

ამ ქვეყნებს შორის მოწინავეთა პირველ ხუთეულშია ჩეხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ლიეტუვა და ესტონეთი. მათ შორის ჩეხეთში საშუალო თვიური ხელფასია 908 დოლარი, ხოლო პენსია 503 დოლარი, სლოვენიაში ეს მაჩვენებლები შესაბამისად შეადგენს 1119 და 700 დოლარს, სლოვაკეთში - 817 და 461 დოლარს, ლიეტუვაში - 668 და 405 დოლარს, ხოლო ესტონეთში - 909 და 491 დოლარს.

შედარებისათვის მაინც გეტყვით, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასია შვეიცარიაში - 5 426 დოლარი, ხოლო დანიაში საშუალო თვიური პენსია - 3 356 დოლარს შეადგენს. როგორც ვხედავთ, ჩვენი ჩამორჩენა კატასტროფულია.

რა მიზეზებმა განაპირობებს ეს გარემოება და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მათ დასაძლევად?

- თქვენ საკითხს სავსებით ლოგიკურად აყენებთ - რა გააკეთეს ამ ქვეყნებმა ისეთი განსაკუთრებული, რამაც მათი სწრაფი განვითარება გამოიწვია? - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ საკითხის გასარკვევად გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანების დასაწყისში გადავინაცვლოთ, როდესაც ჩვენში პოლონელი ეკონომისტის ლ. ბალცეროვიჩის ე. წ. „შოკური თერაპიის“ კონცეფციით ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკის მოდელი დამკვიდრდა. ეს ექსპერიმენტი პირველად 1990 წელს თვით პოლონეთში განხორციელდა და ითვალისწინებდა ცენტრალიზებული სოციალისტური მეურნეობიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე მყისიერ გადასვლას. მაგრამ აქ კვლავ ისმის ჩვენთვის უაღრესად მწვავე პრობლემა: რატომ მოხდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა, ხოლო პოლონეთი წარმატებულთა შორისაა - განვითარების დონით იგი ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილს იკავებს.

საქმე ისაა, რომ პოლონეთში „შოკური თერაპიით“ დაწყებული რეფორმა მთელ მომდევნო პერიოდში წარიმართა, როგორც უწყვეტად განვითარებადი პროცესი, ოღონდ სხვა მიმართულებით. ხელისუფლებამ თავიდანვე გააცნობიერა რომ: ლიბერალური ბაზარი მხოლოდ საშუალებაა ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, რომელიც მისთვის დამახასიათებელი უაღრესად სახიფათო გვერდითი ეფექტების გამო, ადრე თუ გვიან ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და განვითარების მუხრუჭად გადაიქცევა. ამიტომ უკვე იმავე ოთხმოცდაათიანების შუა წლებში პოლონეთი, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენი ქვეყნები, რეფორმის მომდევნო სტადიაზე გადავიდა, რაც მიზნად ისახავდა კონსტიტუციით დაკანონებული რეგულირებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას. ჩვენში ასეთი მიდგომა თავიდანვე გამოირიცხა, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა მიჩნეული იქნა იდეალურად და შეუცვლელად, რამაც ქვეყანა მუდმივი შოკის მდგომარეობაში ჩატოვა.

ამრიგად, აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად, მათი წარმატების გადამწყვეტი მიზეზი ისაა, რომ ჩვენგან განსხვავებით, მხოლოდ ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით კი არ შემოიფარგლნენ, არამედ რეფორმები უწყვეტად გააგრძელეს და კონსტიტუციით დაკანონებული, ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული და რეგულირებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკა ჩამოაყალიბეს. გაცილებით ადრე, წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ასეთივე ეკონომიკაზე გადავიდნენ დასავლეთ ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები.

ამ პირობებში, უკვე მორალურად გაცვეთილი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის გაიდეალება, როგორც ეს ჩვენთან ხდება, ისტორიის დინების წინააღმდეგ ცურვას ნიშნავს.

რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა განახორციელოს ქვეყნის ხელისუფლებამ სოციალურ ეკონომიკაზე გადასასვლელად?

- უპირველესად აღნიშნული ქვეყნების სასარგებლო გამოცდილების საფუძვლიანი შესწავლაა აუცილებელი. ამ მიზნით ჩვენს მიერ გამოკვლეული იქნა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ორმოცი მაღალგანვითარებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. შედარებისათვის ასევე გაანალიზდა ჩინეთის, რუსეთის და საქართველოს შესაბამისი მონაცემები. კვლევის შედეგებით შემდეგი დასკვნები იქნა მიღებული:

აღნიშნული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური წარმატების უმთავრესი მიზეზი განხორცილებული რეფორმებია, რის შედეგადაც სოციალური ეკონომიკა ჩამოყალიბდა;

შემოსავლების უთანაბრო განაწილების ამსახველი - ჯინის კოეფიციენტის და სოციალურ-ეკონომიკური დონის დანარჩენი მაჩვენებლების შედარებითია ანალიზმა მათ შორის უკუდამოკიდებულების არსებობა გამოავლინა. კერძოდ, რაც უფრო მაღალია სოციალური უსამართლობის დონე, მით დაბალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის დონე. აქედან გამომდინარეობს მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: სოციალური უსამართლობა აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ცხოვრების დონის ამაღლებას, თრგუნავს ადამიანთა შემოქმედებით პოტენციალს, ამძაფრებს სიღარიბის განცდას და უკონტროლო სოციალური აფეთქების რისკებს წარმოშობს;

კვლევის შედეგებმა ასევე გააბათილა ჩვენში დამკვიდრებული მცდარი შეხედულება, თითქოს სოციალური პრობლემების მოგვარება მხოლოდ მაღალგანვითარებულ ეკონომიკის პირობებშია შესაძლებელი. მოწინავე ქვეყნებში ჩამოყალიბებული რეალობა კი სრულიად განსხვავებულია - ეკონომიკის განვითარების დონესა და სოციალურ პოლიტიკას შორის ორმხრივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს: ერთი მხრივ, ეფექტური სოციალური პოლიტიკა უშუალოდ განაპირობებს ეკონომიკურ პროგრესს, მეორე მხრივ კი, ამ გზით მომძლავრებული ეკონომიკა საყოველთაო კეთილდღეობის მატერიალურ და ფინანსურ პირობებს ქმნის. შესაბამისად, რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, როდესაც გარდაქმნები ორივე მიმართულებით სინქრონულად წარიმართება;

ასევე, მჭიდრო პირდაპირი კავშირი გამოვლინდა, ერთი მხრივ, ცალკეული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ხოლო მეორე მხრივ, მშპ-ში განათლების და მეცნიერების ხარჯების წილს შორის. კერძოდ, ამ ხარჯების მატებასთან ერთად ასევე იზრდება, როგორც მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, ისე სოციალური ყოფის ამსახველი სხვა მაჩვენებლები. აქაც დამოკიდებულება ორმხრივია - ისინი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ.

თქვენ სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უმთავრეს გზად სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლას მიიჩნევთ, მაშინ, როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ეკონომისტები თვლიან, რომ ასეთი ეკონომიკის მთავარი ნაკლი დაბალი ეფექტიანობა და ზრდის ნაკლები პოტენციალია...

- ამ აშკარად მცდარი შეხედულების გამაბათილებელი უამრავი არგუმენტი არსებობს, რომელთა შორის რამდენიმეს გამოვყოფ: ცხოვრების დაბალი დონე, შემოსავლების უსამართლო განაწილება და ასეთივე შრომითი ურთიერთობები იწვევს შიდა კონფლიქტებს, აგდებულ დამოკიდებულებას საქმისადმი, გაფიცვებს და ახშობს ნაყოფიერი შრომის მოტივებს, რასაც სოციალურ ხარჯებზე გაცილებით მეტი ზარალი მოაქვს. ამას ემატება ნიჰილისტური დამოკიდებულება საერთო ეროვნული იდეალებისადმი და ანტაგონისტური დამოკიდებულება სოციალურ ფენებს შორის, რაც კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანია - ეროვნული ენერგია ხმარდება, არა ქვეყნის აღმშენებლობას, არამედ დაპირისპირებასა და ნგრევას. კიდევ უარესი - ადამიანებს უჩნდებათ რეალური განცდა იმისა, რომ სამშობლო წაართვეს და იგი მხოლოდ მათ ეკუთვნის, ვინც მისი სიკეთეებით სრულად სარგებლობს.

ამდენად, სოციალური უსამართლობა და აქედან გამომდინარე მოტივაციის დაბალი დონე თრგუნავს ადამიანთა შრომით მოტივაციას, შემოქმედებით პოტენციალს, ეროვნულ - პატრიოტულ განწყობას და ამდენად, ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ზღუდავს;

ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობით და სამართლიანობით გამოწვეული ჰარმონიული ურთიერთობები მაღალი მოტივაცია განაპირობებს ურთიერთ გამაძლიერებელ სინერგიულ სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტს, რაც ამ მოდელს სხვებთან შედარებით გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს. ეს ეფექტი პირველ რიგში ბიზნესის საქმიანობის შედეგიანობაზე აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი სოციალური ხარჯები გაცილებით მეტი შემოსავლების ფორმით პირდაპირ თუ ირიბად კვლავ მასვე უბრუნდება;

ბიზნესისა და სახელმწიფოს მიერ სოციალური საჭიროებებისათვის გაწეული სახსრები იღებენ სპეციფიკური „სოციალური ინვესტიციების“ ფორმას, შესაბამისი „სოციალური სარგებლით“, რომელიც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ მოგებასაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს. ამაზე მეტყველებს იმ სოციალური სახელმწიფოების ეკონომიკის მაღალი ეფექტიანობა და ზრდის ტემპები, სადაც ეს მოდელი შესაბამისი პრინციპების სრული დაცვით ფუნქციონირებს. თუ აქტიური სოციალური პოლიტიკის გამოყენებით ასეთი ქვეყნები ეკონომიკურ გიგანტებად და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, ლიბერტარიანიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ჩვენმა საბაზრო ეკონომიკამ კარგა ხნით ჩაგვტოვა ჩამორჩენილთა რიგებში.

საგანგაშოა, რომ ამ ფონზე ულტრალიბერალური ბაზრის, როგორც დიდი ხნის წინათ ჩამოწერილი „ეკონომიკური ჯართის“’ გამოცოცხლებას, ჩვენში ჯერ კიდევ უიმედოდ ცდილობენ.

არსებობს კი ჩვენში პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს სათანადო ნება და საკმარისი პროფესიონალიზმი მასშტაბური რეფორმებისათვის განხორციელებისათვის?

- ასეთი პარტიები პირველ რიგში პარლამეტში უნდა არსებობდნენ. მწარე რეალობა კი სავალალოა - როგორც კი მეოცნებეთა პარტიაში შემავალი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია რაიმე თვით უმნიშვნელო სოციალურ საკანონმდებლო ინიციატივას წამოაყენებს, იგი მაშინვე იბლოკება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მათ „ბოლშევიკურ“ მკრეხელობად ნათლავს.

ამ პირობებში, როდესაც ქვეყნის მომავალზე ფიქრობ, უნებლიეთ ტერენტი გრანელის გენიალური სტრიქონების პერეფრაზირების სურვილი გიპყრობს: „არა „ნაცები“, არა „ქოცები“, არამედ სულ სხვა...“ და ეს „სხვა“ შეიძლება მხოლოდ სულით და ხორცით რეფორმატორულად განწყობილი ევროპული ტიპის პარტია იყოს. სამწუხაროდ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც ასეთი არ მოიძებნება. მათი უმრავლესობა „ნაც - ქოცების“ სხვადასხვა ვარიაციებს წარმოადგენენ რაიმე გამოკვეთილი მსოფლმხედველობის და რეფორმატორული გეგმების გარეშე.

ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდება რეფორმატორულად განწყობილი და სათანადო კვალიფიციური გუნდის მქონე პარტია, რომელიც ამომრჩეველს დაუსაბუთებს ყოვლისმომცველი რადიკალური ცვლილებების აუცილებლობას და მოსალოდნელი შედეგების სიკეთეს, საყოველთაო მხარდაჭერა გარანტირებული ექნება.

ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან უშვებენ, მიზეზი კი ჯერჯერობით ცნობილი არაა. ხელისუფლებას კი ექსპერიმენტების ჩატარებისა და რამდენიმეთვიანი ინტერვალით არაკომპეტენტური მინისტრების ცვლის დრო და ფუფუნება ნამდვილად აღარ აქვს. როგორ ფიქრობთ, რა გამოსავალი არსებობს ამ მძიმე სიტუაციიდან?

- დავიწყოთ იქიდან, რომ კარდიოლოგ ქობალიას დანიშვნა ეკონომიკის მინისტრად ქვეყანაში პოლიტიკური განუკითხაობის მაჩვენებელია. თუ თავს იმართლებენ იმით, რომ მას ბიზნესში მუშაობის პრაქტიკა აქვს, შევახსენებ, რომ ასეთი გამოცდილება მაკროეკონომიკის სამართავად სრულიად გამოუსადეგარია. თუ კი ეს მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, მაშინ უნდა სცოდნოდათ, რომ მაღალი რისკიანობის გამო, მათ მხოლოდ მცირე არეალში ატარებენ. ამდენად, ქვეყნის მასშტაბით ასეთი უპერსპექტივო სახიფათო ექსპერიმენტის განხორციელება სახელმწიფო დანაშაულის ტოლფასია.

ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ისაა, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდეს მხოლოდ ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მაკროეკონომიკისა და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალობის გამოცდილი სპეციალისტი.

 

სოციალისტი ძლივს არ გამოჩნდა ერთი მოაზროვნე და მცოდნე ექსპერტი!
5 წლის უკან
სოციალისტი ბატონო ექსპერტო, კარგი იქნებოდა კორექტულობისათვის მაგ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ძირითად 5 პროდუქტზე (მოცვზე და მაყვალზე არ გეკითხებით) რა საშუალო ფასებია ისიც დაგეწერათ. აგრეთვე გადასახადების შესახებაც გეთქვათ ორიოდე სიტყვა?! )))
5 წლის უკან