მანქანების ტექდათვალიერება გამკაცრდა. რეგლამენტში საკმაოდ ბევრი ცვლილება შევიდა, რაც მძღოლებს დამატებით თავსატეხს გაუჩენს. რაც ყველაზე მთავარია, მანქანები უკვე გარეგნული იერსახითაც შემოწმდება, ხოლო მუქი ფერის გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალება ინსპექტირებას საერთოდ ვერ გაივლის.
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები მკაცრდება. ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საწვავის არასწორი წვის შედეგად ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში, ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის.
განმეორებით ინსპექტირებისას დახარვეზებული დეტალის გარდა, ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას თავიდან, სრულად გაივლის. სააგენტოს ინფორმაციით, განმეორებით ინსპექტირებაზე კონკრეტული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მისული ავტომობილები, ამ ხარვეზის აღმოფხვრის გარდა, ვიზუალურადაც შემოწმდებიან. რეგულაციები განსაკუთრებით მკაცრდება ტაქსის მძღოლებისთვის.
„ცვლილება შეეხო ტაქსებსაც. ისინი პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ექვს თვეში ერთხელ. ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები და მათი ცვეთა უფრო მეტია, გადიან უფრო მეტ მანძილს, ვიდრე ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებები. იმის გამო, რომ ასეთ ავტომობილებს ჰქონდეთ შენარჩუნებული კარგი ტექნიკური მდგომარეობა, დაექვემდებარებიან ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა შალვა ურიადმყოფელმა.
ავტომობილების განმეორებითი ინსპექტირებისას, მხოლოდ დახარვეზებული დეტალი აღარ შემოწმდება, მას ისევ მთლიანად გაატარებენ ინსპექტირებაზე. რაც შეეხება ვიზუალურ კონტროლს, ამ შემთხვევაში საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.
ცვლილებების მიხედვით, გარკვეული საშეღავათო პერიოდი დაწესდა იმ ავტომობილებზე, რომელთაც საქარე მინაზე ბზარები აქვთ. კერძოდ, 2020 წლის პირველ იანვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის (ნაკენჭურის) მოქმედების არეში დაშვებული იქნება სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, თუკი მისი დიამეტრი 5 მმ-ს არ აღემატება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.
ცვლილებით მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა.
ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან/და ლურჯი. ამასთან, ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.
შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდებოდა, 2019 წლიდან კი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.