როდის ესმით კაცებს ქალების ენა

როდის ესმით კაცებს ქალების ენა

მართალია, ამბობენ, ქალები და კაცები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ერთმანეთის იმიტომ არ ესმითო, მაგრამ არსებობს საერთო ფლირტის ენა, რომელიც ქალისა და კაცის ინტიმურ განცდებს ჟესტებით გამოხატავს და ხშირად რეალურ სათქმელზე მეტს ამბობს. იმის მიუხედავად, რომ ქალს ბიოლოგია და სოციუმი უფრო მეტად ზღუდავს, მისი ფლირტის ენა უფრო მდიდარია, ვიდრე მამაკაცის. რატომ არის ეს ასე და როგორ „იყიდებიან“ ქალები და კაცები ფლირტის დროს ჟესტებით, ამის შესახებ ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს გავესაუბრეთ.

- სხეულის ენა იძლევა იმ ინფორმაციას, რომელსაც ადამიანი უმრავლეს შემთხვევაში თავისდაუნებურად გასცემს და ხშირად განსხვავებულია იმისგან, რასაც ადამიანი ამბობს.

ადამიანს აქვს ტყუილის, ცოდნის არგამომჟღავნების უნარი, რაც, შეიძლება არ გამოამჟღავნო პირადი კონტაქტის დროს, მაგრამ სხეულმა მაინც გასცეს ის ფარული განწყობა, გრძნობა, დამოკიდებულება, რაც იმ მომენტში გაქვს. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ ზის და ერთი მათგანის მუხლები მოსაუბრის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რაც უნდა ზრდილობიანი და ტაქტიანი იყოს მოსაუბრის ტონი, მისი ფეხების მიმართულება მეტყველებს იმაზე, რომ მოსაუბრე და საუბრის თემა მისთვის უინტერესოა. როცა ადამიანები ერთმანეთის პირისპირ სხედან და მათი მუხლები შემხვედრი მიმართულებითაა, ეს ნიშნავს, რომ მოსაუბრეებს ერთმანეთიც და საუბრის თემაც აინტერესებთ. სხეულის ენა ძალიან საინტერესოა, თუმცა უფრო მდიდარია ფლირტის ენა, განსაკუთრებით – ქალებში. ეს განსაზღვრულია ბიოლოგიური და სოციალური ასპექტებით. ქალს სოციალურად არ აქვს უფლება, პირდაპირ გამოხატოს თავისი გრძნობები, მოწონება ან არმოწონება. პირიქით, უნდა ითამაშოს „უკარებას“ როლი და ხშირად დამალოს თავისი სურვილი, რაც, შეიძლება, ჰქონდეს პარტნიორის მიმართ. ეს არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ასეა. ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაატარეს ასეთი ცდა: გოგონებთან და ვაჟებთან მიდიოდნენ ძალიან მომხიბლავი ახალგაზრდები და პირდაპირ სთხოვდნენ ღამის ერთად გატარებას. აღმოჩნდა, რომ ბიჭების 75 პროცენტი თანახმა იყო გოგონას შემოთავაზებაზე, ხოლო გოგონების 100-მა პროცენტმა ამაზე უარი თქვა. ამერიკაშიც კი არაა მიღებული, რომ ასე პირდაპირ „მიაწოდო“ შენი სურვილი და იქაც მოქმედებს პრინციპი, რომ ქალი უნდა „შეაბა“.

როგორ გამოიხატება ფლირტის ენა ჟესტიკულაციით?

- როგორც უკვე გითხარით, მამაკაცის ფლირტის ენა უფრო მწირია. მამაკაცს აქვს ერთადერთი გამომსახველი მოძრაობა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვერ აკონტროლებს - ეს არის წარბების მოძრაობა. თუ მამაკაცი ხშირად ამოძრავებს წარბებს, ნიშნავს, რომ მას ქალის მიმართ ემოციები აქვს, თუმცა, ესეც არაა ასპროცენტიანი მაჩვენებელი. ქალი უნდა დააკვირდეს, მამაკაცის წარბების ხშირი მოძრაობა მისი ჩვევა ხომ არ არის. კაცის ფლირტში უფრო მეტად თამაშობს მეტყველება, კომუნიკაცია, კომპლიმენტი.

თუ მამაკაცი გამოცდილია, როგორ უნდა მივხვდეთ, მისი ფლირტის ენა ყალბია თუ არა?

- აქ უკვე მოქმედებს ზოგადად არსებული სხეულის ენის მიმიკა და ჟესტები: როცა ადამიანი იტყუება, ის ხშირად იფხანს ცხვირს, აწვალებს ტუჩს, თუმცა, არსებობენ ისეთი გამოცდილი ადამიანები, რომლებიც ბოლომდე აკონტროლებენ საკუთარ ჟესტებს. კაცები, იმის გარდა, რომ მწირი ფლირტის ენით გამოირჩევიან ქალისგან განსხვავებით, უფრო ცუდად აღიქვამენ ქალის ენას. რასაც ვერ ვიტყვით ქალზე - მათ ერთმანეთის ენაც ესმით და მამაკაცისაც და სწორედ ეს არის ის, რასაც ქალის ინტუიციას უწოდებენ. ქალს შეუძლია, გაიგოს მამაკაცის სათქმელი პოზის, გადახედვის, წარბის მოძრაობის მიხედვით. ირანში, სადაც ქალები ჩადრით დადიან, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა შესაძლებლობა არ აქვთ, ყველაზე მეტად განვითარებულია თვალების ენა.

ირანელ ქალებს ყველაზე მეტყველი თვალები აქვთ. იქ სადაც ჩანს მთელი სახე, სახის სხვა ორგანოებიც ერთვება, ჟესტიკულაციაც ბევრად უფრო მრავალფეროვანია და, შესაბამისად, მრავალრიცხოვანია ის „სიგნალები“, რომლითაც, შეიძლება, აჩვენოთ მამაკაცს, რომ ის გაინტერესებთ. პირველ ყოვლისა, ესაა პოზა, მიმართული მამაკაცისკენ. თუ ქალი და მამაკაცი სხედან ერთმანეთის პირისპირ, ქალის ღია პოზა მეტყველებს ინტერესზე. თუ ქალს ორი ხელით აქვს ჩაბღუჯული ჩანთა, თაიგული, ჭიქა - ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი არ მოსწონს. იმავეს ნიშნავს გადაჯვარედინებული თითები. საპირისპიროს აჩვენებს ღია პოზა, ვთქვათ, როდესაც მამაკაცი ხშირად ხედავს ქალის ხელისგულს. ეს ყველაზე გავრცელებული ჟესტია, თუმცა ამის გარდა არსებობს ქალის ინტერესის გამომხატველი სხვა ჟესტებიც. როდესაც ქალი ნელა, მაგრამ ხშირად იძრობს თითიდან ბეჭედს, თან ისე, თითქოს ეფერება მას, ესთეტიკურად, მაგრამ არა ნერვული მოძრაობებით ათამაშებს რაიმე საგანს, ხშირად ისწორებს თმას, ზაფხულში ფეხიდან ხშირად, მაგრამ სანახევროდ იხდის ფეხსაცმელს, ეს ნიშნავს, რომ მას მამაკაცი აინტერესებს. ფლირტის ენით, თუ მამაკაცი მხოლოდ წარბების მოძრაობით შეიძლება „გაიყიდოს“, ქალი საკმაოდ ბევრი ჟესტით ვერ მალავს თავის განცდებს.

არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ძალიან კარგად კითხულობენ ქალის ენას და ამიტომაც არიან ძალიან წარმატებულები ქალებს შორის. ასეთი მამაკაცები ხშირად არ უყვართ სხვა მამაკაცებს, რადგან მათ სერიოზულ კონკურენტად აღიქვამენ, ოღონდ, ვერ იგებენ, როგორ აღწევენ ისინი წარმატებებს. არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებიც ასევე „წარმატებულები“ არიან მამაკაცებში და შესაბამისად, ქალთა „რისხვას“ იმსახურებენ. ფლირტის ენის სწავლა თეორიულად, ლიტერატურით ნამდვილად შეიძლება, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვისაც საპირისპირო სქესის სხეულის ენა სწავლის გარეშეც გადასარევად ესმის. ამ ენას საფუძვლიანად ასწავლიან ჯაშუშებს, რომელთა საქმიანობაშიც ინტიმური ისტორიები საკმაოდ ხშირად იდგმება ხოლმე. ფლირტის ენაში გამოცდილები არიან მსახიობები, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობებს ისე თამაშობენ, თითქოს ეს რეალური იყოს.

ქალებსა და მამაკაცებში ფლირტის ენა განსხვავებულია ემოციური და სექსუალური თვალსაზრისითაც. კაცი, ქალისგან განსხვავებით, ემოციაზე უფრო მეტად, დაინტერესებულია სექსუალური ურთიერთობით. ამიტომ, ქალს ურჩევნია, ისეთ კაცთან გააბას ურთიერთობა, რომელიც პირველ ადგილზე ემოციას აყენებს და მერე გადადის სექსუალურ ურთიერთობაზე. კაცისთვის ძალიან ხშირად ეს პირიქით ხდება. ეს არაა ასპროცენტიანი ტესტი, მაგრამ ძირითადად ასეა. კაცი პირდაპირ აჩვენებს ქალს, რა უნდა მისგან. საცეკვაოდ გაგიწვევთ და უმალ მიგახვედრებთ თავის ზრახვებს.

საფრანგეთში ფლირტის ენა ერთგვარ რიტუალად არის ქცეული. საღამოს მამაკაცი გადის სასიყვარულო თავგადასავლის საძიებლად, შედის კაფეში, უკვეთავს სასმელს და ათვალიერებს აუდიტორიას. თუ კაფეში ქალი მარტო ზის, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ისიც ამისთვის არის იქ შესული. თუ ქალმა ერთხელ შეხედა მამაკაცს, ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ, თუ შეხედა მეორედაც, ეს მამაკაცს აძლევს უფლებას, ახლოს მივიდეს და სასმელზე დაპატიჟოს. გაცნობის შემდეგ ბოლო აკორდია დანახარჯის გადახდა. თუ ქალი ამაზე თანხმდება მამაკაცს, ეს ნიშნავს, რომ თანახმაა იმაზეც, რომ ღამე მასთან ერთად გაატაროს. თუ დანახარჯის გადახდაზე უარს ამბობს, ეს უკვე დამშვიდობებას ნიშნავს. ეს არის არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მინიშნება. თუ იაპონიაში ქალი წინ გაატარე, ეს ნიშნავს, რომ სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობ, ამიტომ, შეიძლება მოგიტრიალდეს და გითხრას: მე არ ვარ ის, ვინც თქვენ გჭირდებათო.

ქართული სტანდარტები როგორია, ჯდება ფლირტის საერთაშორისო ჟესტებში თუ ამ მხრივაც ორიგინალურები ვართ?

- ქართული სტანდარტები მაინცდამაინც არ არის განსხვავებული, თუმცა არსებობს უმნიშვნელო „ცდომილებები“, რაც ძირითადად სამხრეთული ტემპერამენტითა და ემოციებით შეიძლება, იყოს გამოწვეული.

როგორია ფლირტის ენა ორიენტაციაშეცვლილ ადამიანებში?

- ამაზე ზუსტად ვერაფერს გეტვით, თუმცა, მათ აქვთ თავიანთი ნიშნები. ჯერ ერთი, არსებობს ადგილები, სადაც ისინი იკრიბებიან და, თუ იქ შემთხვევით ნორმალური ორიენტაციის ადამიანი მოხვდა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ამაზე არსებობს ერთი ძველი ანეკდოტი: მოსკოვში დიდი თეატრის წინ, სადაც „ცისფერების“ ბირჟაა, მოხვდება პროვინციიდან ჩამოსული არაცისფერი. დაჯდება სკამზე, მიუჯდება მამაკაცი და ფლირტს დაუწყებს. პროვინციელი მამაკაცი მეორე სკამზე გადაჯდება, იქაც მიუჯდება მამაკაცი. შეწუხებული მილიციას დაუძახებს და თავის გასაჭირს შესჩივლებს. ისიც „ცისფერი“ აღმოჩნდება და მათთვის დამახასიათებელი ჩვეული ტონით ეტყვის: ნუ ივლით ჩვენს ბაღშიო.

ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანი, შეიძლება, ვერასოდეს მიხვდეს, რომ მამაკაცი „ცისფერია“, მაგრამ ამას აუცილებლად მიხვდება მისნაირი. როგორც ჩანს, ისინი სხვანაირად უყურებენ ერთმანეთს თვალებში. ანტისემიტები ამბობენ, რომ ებრაელის ამოცნობა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მათ ყოველთვის ვერ ცნობენ. „ცისფერი“ კი ყველგან და ყოველთვის ცნობს „ცისფერს“, როგორც სხეულის ენით, ისე სხვა მინიშნებებით, რაც ჩემთვის უცნობია.