საზოგადოების მკვეთრი სახეცვლილება, ახალი პოლიტიკური ფორმაცია, ხელს უწყობს და აჩქარებს ახალი ტიპის ადამიანების ჩამოყალიბებას ანდა გამოცალკევებას და მათ გაერთიანებას. ასე მოხდა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგაც.
რასაკვირველია, ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის პერიოდებს ჰყავდა თავისი "გმირები", მაგრამ პირველთა მეტამორფოზა ვერ დასრულდა იმის გამო, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი სულ მალე ძალით დაამხეს, ხოლო შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკისა თუ პარტიული "მოღვაწის" სახე, ფაქტობრივად, მთლიანად შეგეძლოთ გადაგეწერათ ძველი საბჭოთა წყობიდან, მცირეოდენი ახალი "დამოუკიდებელი" შტრიხის დამატებით. მკვეთრ გამონაკლისს შეადგენდა მოქკავშირის ქოლგას შეფარებული ინგლისურის მცოდნე ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც თითქოს მოთმინებით, მაგრამ მაინც სულმოუთქმელად ელოდა თავის ჯერს და ვითომ ფარულად საკუთარ ბუდეს იშენებდა შევარდნაძის დახავსებულ ციტადელში.
"ახალი ქართველის" დაბადება კი სწორედ მათ ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა, და რაც თვითონ იყვნენ და არიან, სამწუხაროდ, ისეთივე მიმდევარ-მიმბაძველთა ლამის მთელი არმია გაუჩნდათ ჩვენს ახალგაზრდებში, და თვით ძველგაზრდების ნაწილშიც კი. ასეთი რამ ხდება ხოლმე ადამიანში მყარად ჩაბუდებული ორი თვისების გამო - თვითგადარჩენის ინსტინქტით ანდა პატივმოყვარეობით. რა თქმა უნდა, არის კიდევ კარგად ცხოვრების სურვილი ნებისმიერ ფასად და ნებისმიერ ვითარებაში. თუ ამაზე დათანხმება შეგიძლია, თუნდათ საკუთარ თავთან.
მაგალითი გადამდებია, მაგრამ ამ შემთხვევაში "მაგალითი" დღე და ღამე ტელევიზიით იყო და არის გაპიარებული და ამიტომ ზემოქმედების გაცილებით მეტი ძალა გააჩნია.
მოკლედ, როგორი უნდა იყოს და არის ჭეშმარიტი ნაციონალი? თუ "ახალი რუსის" სახედ წარმოგვიდგენია აუცილებლად მდიდარი, გარეგნულად მხიარული და უდარდელი ადამიანი, რომლისთვისაც უცხო - კარგიც და ცუდიც - არაფერია, მათ შორის სიკეთე, საქართველოში ამ ხელისუფლებას მისადაგებული ადამიანების ტიპი სხვა ფორმით ჩამოყალიბდა.
მათს ტიპურ განსხვავებაზე ზედმეტი ლაპარაკი გამოგვივა. ზოგს შეიძლება ხინკალი უყვარს, ზოგსაც ელარჯი, ზოგს სრული ქალები მოსწონს, ანდა პირიქით და ა.შ. მაგრამ ამ "ახალი ადამიანებისგან" შეიძლება იოლად ჩამოაყალიბო ერთიანი ტიპი მათი ხასიათის საერთო ნიშნების თავმოყრით, - ყველაფერი ის, რის გამოც მაგნიტივით იზიდავს მათ ნაციონალური ხელისუფლება. არაფერს ვაჭარბებ: ქცევაში, სიტყვებში, ამა თუ იმ მოვლენაზე რეაგირებისას ნამდვილად შაშვებივით ჰგვანან ერთმანეთს.
და მაინც, როგორია "ნაციონალური ადამიანი"? პირველ რიგში, ის უნდა იყოს უფროსის მონა, განსაკუთრებით უმაღლესი ხელისუფლებისა და იოტისოდენა ეჭვი არ უნდა შეიტანოს მათს სიტყვებსა და ქცევაში. რამდენჯერ მოგისმენიათ ნაცმოძრაობის შედარებით დაბალი რანგის წარმომადგენელთა კომენტარები, და თუ გაიხსენებთ ერთ შემთხვევას მაინც, მათ დამოუკიდებელი აზრი (თუნდაც ასეთი აზრის ნატამალი) გამოეთქვათ ზემდგომთა კომენტარზე? ამას პარტიულ დისციპლინას ვერ დაუძახებ, ეს უფრო ღრმაა და ადამიანის ხასიათის სიღრმეში გადავყავართ.
ნაციონალი ჩინოვნიკი ქამელეონივითაა, - შეუძლია უფროსისგან უკიდურესი შეურაცხყოფა მოითმინოს, რაც არაერთხელ ვნახეთ ტელევიზიითაც კი, სამაგიეროდ, სასტიკია იმათ მიმართ, ვისი დაჩაგვრაც შეუძლია. იქნებ გახსოვთ ასეთი ბრწყინვალე ტიპაჟი - ეფრეიტორი ცუმბუში ძველი ფილმიდან "აგენტი უნებლიეთ". ამ თვალსაზრისითაც ნაციონალური "მორჩილი უმრავლესობა" თავისი უფროსების ალიკვალია - დიდი მიტინგებით და სხვა აქციებით თუ "მიაწვები", გაცილებით წყნარი ხდება, თუ ამოასუნთქებ - საქმის კეთებაზე კი არა, მაშინვე ტერორზე გადადის. ახლაც ასეა ზაფხულის აქციების შემდეგ. და ამ ტერორში გარკვეული "წვლილი" ოპოზიციასაც მიუძღვის.
მეორე თვისება, ყველაზე რბილი ფორმით რომ ვთქვათ, სრული - ჯანდაბას, სიძულვილს არ ვიტყვი - გულგრილობაა ხალხის, მათი რთული პრობლემების მიმართ, რომელთა უმრავლესობა ისევ თვითონ ხელისუფლების "დამსახურებაა". აქაც არ ვაჭარბებ, - დამისახელეთ თუნდაც ერთი ხალხში პოპულარული მინისტრი, გუბერნატორი თუ გამგებელი. არადა, რამდენი გამოცვალეს. საოცარია, ვინმე მაინც ხომ უნდა ჰყავდეთ საჩვენებლად, რაც ასე ძლიერ უყვართ მათ საპიაროდ? არავინ! ყველაზე პოპულარული ისევ ვანო მერაბიშვილია, და ძირითადად რით არის პოპულარული, ყველამ კარგად იცის. ადრე "ხალხის სიყვარულის" რანგში, რომ იტყვიან, ქაჩავდნენ კობა სუბელიანს, - უბრალო წრიდან გამოსული ბიჭია, ხალხის ესმის, სტიქაროსანიც იყო, მაგრამ ამ "საჩვენებელმა ეგზემპლარმაც" დიდხანს ვერ გაუძლო: შეეკითხეთ დევნილებს, რა სიტყვებით გამოუსტუმრებია ისინი ახლანდელ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს. ისეთებს გეტყვიან... სულო ცოდვილო და დევნილებს იმაზეც ეპარებათ საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, სად მიდის მათთვის განკუთვნილი სახსრები და სხვადასხვა სახის დახმარებები. ყოველ შემთხვევაში, ეს თემა არაერთხელ გაშუქდა პრესაში.
როცა ადამიანს ნაციონალური ხელისუფლება თანამდებობაზე ნიშნავს, იქ ყველა თვისება - შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი და სხვა ამდაგვარი - უკან იხევს და რჩება ერთადერთი და ურყევი "ჩვენიანია"! ეს ყველაფერი კარგად იციან დანიშნულებმაც და დასანიშნავებმაც. ამ ნიშნით დღეს შეიძლება სოფლის მეურნეობის მინისტრი საგარეო უწყების ხელმძღვანელად გადაიყვანო, ანდა პირიქით. ამის "კლასიკური" მაგალითია ეკა ტყეშელაშვილი, რომელმაც 5 წელიწადში 7 თანამდებობა გამოიცვალა და აუცილებლად გინესის წიგნშია შესატანი. ამას სერიოზულად ვამბობ. წარმოიდგინეთ, საქმეების რა კორიანტელს დააყენებდა ქალბატონი ეკა თანამდებობრივ სავარძლებზე ამ ბლიც ჩაჯდომა-ადგომისას. ვიღაც გრიგოლ რობაქიძე კი ამბობდა, უმაღლესი პატრიოტიზმი - პროფესიონალიზმიაო. ცალკე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებას ეს "ჩვენიანები", ანუ ისინი, ვისაც ენდობიან, ძალიან ცოტა ჰყავს და არის გაუთავებელი თანამდებობრივი კარუსელი, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო ნორმალურ საკადრო პოლიტიკასთან.
ნაციონალებს პარტიაში ჰყავთ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც წიგნები აქვთ წაკითხული, ყველაზე და ყველაფერზე "კომპეტენტურ" აზრს გამოთქვამენ, და თქვენ წარმოიდგინეთ, ანტიპათიურ, მაგრამ ჭკვიან ადამიანებად ითვლებიან. მაგრამ ჯაგლაგის თოხარიკი აღმართში გამოჩნდებაო, - საკმარისია ეს "ჭკვიანი" საქმეს მოეკიდოს, ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდეს, რომ ის საქმე, როგორც წესი, ჩაოხრდება ხოლმე. მათი ცოდნა ისევე ზედაპირულია, როგორც თოხით მინდვრის მოხვნა.
ხალხს თანამდებობაზე ნიშნავენ სხვა ნიშნითაც, რომელსაც "მეზობელ-ეთნიკური" შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ ამაზე ახლა არ მინდა ლაპარაკი.
აუცილებელი თვისება ნომერი სამი - ვერცხლისმოყვარეობა. მართლაც საკვირველია, რა სწრაფად და უზომოდ გამდიდრდა ნაციონალურ ხელისუფლებაში მოსული ხალხი. ღარიბ-ღატაკს არ ვიტყვი, მაგრამ მათი უმრავლესობა, რა დასამალია, ხელმოკლე გახლდათ და მხოლოდ თანამდებობრივ სკამზე ყოფნით მალე იშოვეს მილიონები ან საკმაო ქონება, ასევე ნაციონალმა პარლამენტარებმა.
თვითონ საგულდაგულოდ მალავენ, მაგრამ ხალხში მაინც ვრცელდება ამბები, ვის რა წილი აქვს ხელისუფლების მზის ქვეშ გაფურჩქვნილ ფირმებსა და სხვა ორგანიზაციებში. აქ ლაგამი აქვს ახსნილი ყველას: ცალკეა დაუსჯელობის გრძნობა - ყველაფერი გეპატიებათ! არის მეორე არაოფიციალური ლოზუნგიც, - აკეთეთ ფული, როგორც გინდათ, ოღონდ ორი პირობით: უერთგულეთ ხელისუფლებას და ფული ჩვენგან მალულად არ გააკეთოთ! ნებისმიერ რაიონში გეტყვიან, რა იყო და რა გახდა თანამდებობის დაკავების შემდეგ მათი გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, გუბერნატორზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გამდიდრდნენ არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი ახლობლებიც. ყველაზე გადამდები მაგალითი ფულის კეთებაშია: ქვემდგომები კარგად ხედავენ, რა გრანდიოზულ სიმდიდრეს აგროვებენ ხელისუფლების ელიტის წარმომადგენლები და თვითონაც ემატებათ მადა.
ვინ დათვალა, მაგალითად, რეალურად რამდენი იხარჯება გზების მშენებლობაზე, ვინ შეამოწმა? ისევ თვითონ. ტყუილად ხომ არ იყო, რომ დონორთა კონფერენციის მიერ ჩვენთვის გამოყოფილი 4, 55 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში, 600 მილიონი პრეზიდენტის განკარგულებით მაშინვე გზების მშენებლობაზე იქნა გადასროლილი... წარმოების განვითარება, ხალხის ფეხზე დადგომა ამ ხელისუფლების დასასრულია და ეს ძალიან კარგად იციან.
ზერელე შეფასებითა და უბრალო არითმეტიკითაც მიხვდები, რაოდენ გრანდიოზული "შავი ფული" ილექება ხელისუფალთა ჯიბეებში ე.წ. ატკატების შემდეგ ქვეყნის ქონების განიავების პარალელურად.
კორუფცია მოვსპეთო, - ამაყად აცხადებენ, მაგრამ იგი სხვებისთვის შეკვეცეს, თავისთვის და "ერთგულებისთვის" კი, როგორც ვთქვი, ყოველგვარი საზღვარი მოშალეს. და ეს ყველაფერი ჩვენისთანა გაღატაკებულ ქვეყანასა და ხალხში! ასეთი კატასტროფული განსხვავება მდიდრებსა და მრავალრიცხოვან ღარიბებს შორის ალბათ მხოლოდ ბატონყმობის დროს იქნებოდა. ხალხს ყველაგან უკეტავენ სახსარს, სადაც კი მას ორიოდე გროშის გაკეთება შეუძლია, თანაც ვითომ კანონისა და საჭიროების სახელით. ფული სხვის ჯიბეში ამ ხელისუფლებას პირად შეუარცხყოფად მიაჩნია. ყველგან უფასო სასადილოების ბინადარნი, - აი, მაგათი ოცნება ხვალინდელ საქართველოზე. გახსოვთ ალბათ ის დიდი აჟიოტაჟი და სიხარული, რითაც ამ წყალწყალა სუპების "კანტორების" გახსნა დაიწყეს.
ნაციონალის თვისება ნომერი ოთხი - ყოველგვარი ღირებულების უარყოფა, პირველ რიგში, ეროვნულის და ტრადიციულის. ისიც საოცარია, ამ თვალსაზრისითაც როგორ ჰგვანან დღევანდელი ნაციონალები 20-იანი წლების ბოლშევიკებს. ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და ტრაგიკულ ამბავს გაგახსენებთ: ვაჟა-ფშაველას შვილმა, ლევან რაზიკაშვილმა, რომელიც მაზრის მილიციაში მუშაობდა, პატიმრობიდან გაათავისუფლა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ლევანი დაიჭირეს, მით უმეტეს, 1924 წლის აჯანყების შემდეგ. სერგო ორჯონიკიძესთან მივიდნენ შალვა დადიანი და გერონტი ქიქოძე, - ვაჟას შვილია, შეიწყალეთო. შვილი კი არა, თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ გვყავდეს ხელში, იმასაც დავხვრეტდი, ისეთ ხასიათზე ვარ, - უპასუხა "რკინის" სერგომ. ლევან რაზიკაშვილი, რა თქმა უნდა, დახვრიტეს.
დღესაც ასეა: დახვრეტას ვერ ბედავენ, მაგრამ ყოველი ავტორიტეტული ადამიანი, ამ ხელისუფლების აზრით, მათი მტერია. ამიტომ მიუქსიეს ვიღაც, ყველაფრისგან წაშლილი, მატრაკვეცა გოგო საქართველოს პატრიარქს, თვითონ კი მეორე პლანზე დადგნენ სანთლებით ხელში, შეუტიეს და დისკრედიტაცია მოუწყვეს დიდ ხელოვანს, ქველმოქმედ ადამიანს, პაატა ბურჭულაძეს, ებრძვიან ხელოვნებისა და კულტურის სხვა წარმომადგენლებსაც, რომლებიც მათებურად არ ფიქრობენ, ანდა არ იქცევიან და პირიქით, - ეს მიუღებლად მიაჩნიათ. ეს იოლი ასახსნელია, - იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ქვეყნად არაფერს წარმოადგენენ საკუთარი სკამის გარდა და თვალსაწიერიდან უმალ და სამუდამოდ გაქრებიან მაშინვე, როგორც კი იმ საკამს დაკარგავენ, - ვინმეს პატივისცემა, ზემდგომთა გარდა, წარმოუდგენელია.
თვისება ნომერი ხუთი - ჰეროსტრატეს ნიჭი. ადამიანი უნიჭოდ არ იბადება, მაგრამ ხელისუფლებაში თავმოყრილი ადამიანების ნიჭი, როგორც ჩანს, ერთი მიმართულებით წავიდა: საოცარ გამომგონებლობას ავლენენ ვიღაცის დასაჩაგრად, დისკრედიტაციისთვის, გასაშავებლად. ათასი ჭკვიანი კაცი რომ დაჯდეს, ასეთ ვერაგობას, თან ათასნაირს, ვერ მოიფიქრებს. ამაზე ნაციონალურ ელიტას პირდაპირ გონება აქვს დალესილი, რაც მრავალჯერ დაგვიმტკიცეს კიდეც. რაც მართალია, მართალია. ე.წ. შავი პიარის დიდოსტატები არიან. თუ უკვე გვიჩვენეს, რომ არაფრის პოზიტიურის შექმნა არ შეუძლიათ, სამაგიეროდ "შავ ფრონტზე" ჯეჯილობენ. უცხოეთში პიარი, შავი თუ თეთრი, უცილობლად რაღაც რეალურად არსებულზე კეთდება და მერე პიარით აზვიადებენ მას, აქ კი ცარიელ ადგილზე შეუძლიათ შექმნან წარმოუდგენელი ფანტასმაგორიები...
და თქვენ გინდათ, რომ ასეთმა ხალხმა ქვეყანა აგიშენონ?! ვისაც კიდეც სჯერა, ღმერთმა უშველოს. არ დაგაბრმავოთ ახალი სასტუმროების ბრჭყვიალებამ, ყოველდღე რომ ათასი საშუალებით გვჩრიან თვალში, - ისინი ხალხის არ არის, რეალურად თვითონ ხელისუფლებისაა, ან უცხოელების.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნაციონალურ ბადეში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოჰყვა... დიდხანს არ დამავიწყდება სახელისუფლებო სატელევიზიო არხების ახალგაზრდა ჟურნალისტთა მგლოვიარე სახეები ეროვნულ სტადიონზე ამა წლის 26 მაისს. როგორც ხელისუფლება, ისინიც, უეჭველია, იმედოვნებდნენ, რომ იმ დღეს ოპოზიცია სტადიონს ვერ შეავსებდა და ნანახით გულმოკლულნი ჩანდნენ. ისინი უნდა იყვნენ ჩვენი ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე - ძირშივე დამჭკნარი ყლორტები? საუბედუროდ, მსგავსი სურათია სხვა სფეროებშიც.
ახლაც მიმდინარეობს "პოლიტიკური ცხოვრება", იქმნება რაღაც საკონსტიტუციო კომისიები, თითქოს საარჩევნო კოდექსის გაკარგებასაც აპირებენ და ა.შ.. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ გამოფიტულ ნიადაგზე ნერგი არ გაიზრდება და ნიჩბის ტარისგან ალვის ხე არ გამოვა.