"მახინჯი საბანკო სისტემა ხელისუფლებების ბრალია და არა ბანკების"
"მივიღეთ უაზრო პოლიტიკაზე შედგენილი ეკონომიკა, რომელიც 14 მილიარდ დოლარს ძლივს აღწევს და ოდნავ ცილდება. მივიღეთ მსფოლიოში ყველაზე დიდი მოგების მქონე 2-3 ბანკი, ყველაზე დიდი მოგების ნორმის ორი-სამი ბანკი," - ასე აფასებს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტსა და ანალიტიკოს დემურ გიორხლიძე ორი წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას.
დემურ გიორხელიძე: ის, რომ საქართველოში მახინჯი საბანკო სისტემა ჩამოყალიბდა, არც თიბისი ბანკის და არც სხვა ბანკების ბრალია. ეს არის ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებების უაზრო პოლიტიკის და ლობირებული კანონების მიღების შედეგი. თუ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი რაღაც რეგულირებას იწყებს, ეს ცუდი არ არის, თუმცა ჯერ-ჯერობით არ ვიცით, რა მხრივ აპირებენ მდგომარეობის გამოსწორებას.
"რ": მამუკა ხაზარაძე ეროვნულ ბანკის ხელმძღვანელობას უნდობლობას უცხადებს და მათ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. ექსპერტებიც არ გამორიცხავენ, რომ საბანკო სისტემაში შექმნილი მდგომარეობა კარგს არაფერს მოუტანს ქართულ ეკონომიკას.
დ.გ: რას ფიქრობენ ექსპერტები, არ ვიცი. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მოგახსენებთ, რომ საბანკო სისტემის გავლენა მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე აქამდე ძალიან ნეგატიური იყო, რადგან არაპროფილური საქმიანობის უფლების მინიჭება საბანკო სექტორისთვის თავიდანვე გამორიცხავდა კონკურენტული გარემოს შექმნას. არალობირებული ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსების წვდომის შეზღუდვას და მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს. ამას დაემატა ის, რომ წლების განმავალობაში ეროვნული ბანკის უაზრო პოლიტიკამ, რომელიც უაზრო განცხადებების ტყვეობაში იყო, რომ ეროვნული ბანკი ბაზრის ფუნქციონირებაში არ უნდა ჩაერეულიყო, რაც თავისთავად დილეტანტური მომენტია, განაპირობა ის, რომ ლარის კურსს ორი-სამი ბანკი წყვეტდა.
ბაზარში ჩარევა არ ნიშნავს, რომ კერძო სუბიექტის საქმიანობაში ჩაერიო ან მათ უკარნახო, რა გააკეთონ. მაკროდონეზე არ უნდა იმართებოდეს ეკონომიკური პროცესები, მაშინ რა საჭიროა ან ერთი ინსტიტუტი ან სხვა სამთავრობო ინსტიტუციები? ასე რომ, მივიღეთ უაზრო პოლიტიკაზე შედგენილი ეკონომიკა, რომელიც 14 მილიარდ დოლარს ძლივს აღწევს და ოდნავ ცილდება. მივიღეთ მსფოლიოში ყველაზე დიდი მოგების მქონე 2-3 ბანკი, ყველაზე დიდი მოგების ნორმის ორი-სამი ბანკი. საიდან? ეკონომიკა სულს ღაფავდეს და 2-3 ბანკი არანორმალური ტემპით იზრდებოდეს, თავისთავად ანომალიაა. 14-მილიარდიანი ეკონომიკა 4-5%-იანი ზრდის ტემპით არის ჩიხში შემწყვდეული ეკონომიკა. თუ ასე გაგრძელდა, ვერც ვერსადროს გამოვალთ. ეს არის არსებობა-არარსებობის ზღვარი სერიოზული განვითარების პერსპექტივის გარეშე.
"რ": პრობლემა რაში მდგომარეობს?
დ.გ: დღეს არის რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა. პირველი მაკროეკონომიკის პრობლემა, ეს არის ფულის მასისა და ეკონომიკის მოცულობის შეუსაბამობის პრობლემა. ამიტომ არის უზარმაზარი დოლარიზაცია და ეკონომიკური სუბიექტებისთვის კონკურენციის საფუძველზე ფინანსები ძნელად ხელმისაწვდომი. ამიტომ ღაფავს სულს მცირე და საშუალო ბიზენსი, საფუძველი დასაქმების დონის ზრდისა და ინოვაციების. გვაქვს ოლიგოპოლია, ანუ ყველა სფეროში 3-4 ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ყველაფერს განაგებენ.
მეორე პრობლემა არის ერთიანი თამაშის წესების არარსებობა. ხელისუფლება შერჩევითად ურთიერთობს ბიზნესთან, ანუ არსებობს პრივილეგირებული კლასი ბიზნესისა, რომელიც არსებობს ხელისუფლებისგან, მასთან ურთიერთობს, და არსებობს ყველა დანარჩენი, რომელსაც ამის საშუალება არ აქვს.
მთავრობა ყველასთვის ერთნაირი თამაშის წესს უნდა ადგენდეს და ერთნაირად ზღუდავდეს ბიზნესს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებით. პროფესიულმა მთავრობამ ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ აიგება ეფექტური ეკონომიკა, სადაც ბიზნესი თავს შესანიშნავად გრძნობს და ამას პრივილეგირებულ ბიზნესმენებთან კონსულტაციებისთვის შეხვედრები არ სჭირდება.