სეპარატისტული აფხაზეთის გამუდმებულმა უფასო ელექტრომომარაგებამ უკვე ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა. ფაქტობრივად, ქართული მხარე უფასოდ აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს. ასე ხდება წლების განმავლობაში, როცა საქმე ეხება ენგურჰესის მიერ გამომუშავებ ელექტროენერგიას, მაგრამ ახლა უკვე საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველო თავისი ნებით ყიდულობს რუსეთისგან დენს და უფასოდ აწვდის სეპარატისტულ რეგიონს.
თუკი ვითარება ენგურჰესის ირგვლივ მეტ-ნაკლებად გასაგებია ერთიანი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, რუსული იმპორტის დაფინანსება საერთოდ გაუგებარია - რატომ არის საქართველოს ხელისუფლება ვალდებული მოახდინოს მტრული ტერიტორიული წარმონაქმნის სუბსიდირება?
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის რუსეთში შეძენას თავისებურად ხსნის.
„არ ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეს ფუჭ ხარჯად მიაჩნია, რადგან აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ჩვენ ყველგან მოვითხოვთ, რომ მუდმივად აღიარებულ იქნას, დადასტურებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს არის სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეალიზაცია. საქართველო თავის მოსახლეობას არ ტოვებს კრიტიკულ სიტუაციაში ელექტროენერგიის გარეშე“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისის აზრით, აფხაზეთთან შემორჩენილი ბმები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, ამ შემთხვევაში კი ელექტროენერგია გარკვეულ მაკავშირებლად გვევლინება. ამიტომაც მნიშვნელობას კარგავს საუბარი იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება - ნეგატიურად თუ პოზიტიურად, რადგან მთვარი საქართველოს მთლიანობაა.
„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ბმები დაგვრჩა ჩვენ აფხაზეთთან. ამ შემთხვევაში ელექტროენერგია ყველაზე მკაფიო მაგალითია. ჩვენ თუ ეს ბმა გავწყვიტეთ, ერთი-ორი წელი მათ გაუჭირდებათ, მაგრამ შემდეგ უკვე რუსები შეიტანენ მუდმივად დენს და კიდევ უფრო მეტად იქნება აფხაზეთი დაშორებული საქართველოსაგან“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს ხელისუფლებამ წელს კიდევ ერთხელ შეიძინა რუსული კომპანია „ინტერ რაოსაგან“ 45 მილიონი კვტ/საათი ელექტროენერგია, რომელიც რუსებმა ოკუპირებულ აფხაზეთს უნდა მიაწოდონ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ინფორმაციით, კონტრაქტის ღირებულება 315 ათასი დოლარია.
თავად აფხაზეთში სხვაგვარად ფიქრობენ და საერთოდაც, ამტკიცებენ, რომ თბილისი არაფერს არ იხდის და რუსეთიდან მიწოდებული დენის საფასურს თავად აფხაზები ფარავენ. კერძოდ, ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ.
„27 თებერვლიდან მოიხსნა ენერგომომარაგებაში შემოღებული დროებითი შეზღუდვები. ჩვენ შევთანხმდით ენერგიის გადადინებაზე რუსეთის ფედერაციიდან, თუმცა დადგა საკითხი - ვინ გადაიხდის ფულს ამისთვის?“ – დასვა კითხვა ნანბამ და თავად უპასუხა, რომ ამ საკითხის დარეგულირება მოხდა 2016 წლის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
„2016 წელს მთავრობათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა ენერგომომარაგების ანაზღაურების წესი - მაშინაც ჩვენ მივიღეთ ენერგიის ნაწილი რუსეთიდან და მაშინაც დადგა მისი საფასურის გადახდის საკითხი. შევთანხმდით, რომ რუსეთი გამოყოფს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 221 მლნ რუბლს, რომელიც წავა შემოტანილი ელექტროენერგიის ანაზღაურებაზე,“ - განაცხადა ნანბამ.
ფინანსთა მინისტრის თქმით, გადახდის ასეთი მეთოდი გამოყენებულ იქნა ასევე 2017 წელს, როდესაც ამავე მიზნებით საინვესტიციო პროგრამაში გათვალისწინებულ იქნა 550 მლნ რუბლი. გამოდის, რომ რუსული ენერგიის ანაზღაურება ხდება რუსულივე ფულით.
„2018 წელს ჩვენ არ მიგვიღია ელექტროენერგია რუსეთიდან, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ 2019 წლის ზამთარში მოსალოდნელი იყო ენერგომომარაგების პრობლემები, ამიტომაც, მე გავუგზავნე რუსეთის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს თხოვნა, რომ 2019 წელს მოხმარებული ენერგიის საფასური გათვალისწინებულ იქნას 2020 წლის ინვესტპროგრამაში. ანუ ჩვენ ვიხდით ჩვენს მიერ მოხმარებული ენერგიის საფასურს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქართულ მხარეზე ამ საკითხში ძალიან ბევრი სპეკულაციაა, განსაკუთრებით კი მასმედიაში“, - განაცხადა ნანბამ.