ვისმა ჩვენებებმა დაღუპა სანდრო ახმეტელი

ვისმა ჩვენებებმა დაღუპა სანდრო ახმეტელი

„ძლიერ ადამიანს ვნებებიც ძლიერი აქვს. ტკივილიც ძლიერად განიცდება და სიხარულიც. სანდრო ახმეტელი ხშირად ცდილობდა ტკივილის დაფარვას, სულ მოძრაობდა, ბობოქრობდა, რათა როგორმე გაენელებინა მის სულში გაჩენილი ხანძარი, - ამბობს ვასილ კიკნაძე თავის წიგნში „ცხოვრება სანდრო ახმეტელისა“, - მას არ შეეძლო მოსვენებული ცხოვრება. რეპეტიციები ღამის სამ საათამდე, ზოგჯერ კი დილამდე გრძელდებოდა. ყველა ვერ უძლებდა ასეთ მძიმე შრომას, სანდრო ახმეტელმა პირდაპირ მსხვერპლშესაწირ ტაძრად აქციაო თეატრი, - ამბობდნენ.

ქალაქს რომ ეძინა, თეატრში ცხოვრება მაინც  გრძელდებოდა. ამ საოცარ ღამეებში იბადებოდა ერთი მთლიანი, სრულიად თავისებური მხატვრული სინამდვილე. მის წარმოდგენებში სახელოსნოს მსმენელებიც მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებს უფრო უჭირდათ ღამეების თევა. იფიქრეს, იფიქრეს და, ერთხელაც, როცა „ანზორის“ რეპეტიციაზე ღამის სამი საათი შესრულდა, ახმეტელს თავისებური გაფიცვა მოუწყვეს. რეჟისორმა ახალგაზრდები რეპეტიციიდან გაათავისუფლა, თვითონ კი ერთხანს თეატრში დარჩა. დიდხანს უყურა დეკორაციებს. დარბაზის სხვადასხვა მხრიდან მოსინჯა, იარუსებზეც ავიდა, იქიდანაც შეამოწმა, როგორ გამოიყურებოდა.

ახმეტელს ხალხური ზღაპრები ხიბლავდა. თეატრში განსაკუთრებით დიდ როლს ანიჭებდა ფოლკლორული მოტივების წარმოჩენა. აღმერთებდა ხალხურ ლექსებს და ამბობდა, რამდენი ნამდვილი პოეტი კვდება უსახელოდო.

ერთხელ ქართული ზღაპარი - „სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე“ წაიკითხა და განცვიფრდა - ერთ რამედ მარტო სათაური ღირსო. მაშინ ორმოცს გადაცილებული იყო. აქედან თეატრში ათი წელიც არ გაუტარებია და ამ დროს ყველაფერი ნახა. ტკივილიც შეხვდა, სიხარულიც განიცადა, არაფერი დააკლო დალოცვილმა თეატრმა. ასე ვთქვათ, თითქოს სიკვდილსაც შეხვდა პირისპირ. აი, ისე, როგორც იმ ქართულ ზღაპარშია: „ერთხელ, თურმე, სიკვდილი შემჯდარა თეთრ ცხენზე, ისვამს ახალგაზრდებს, შავეთში მიჰყავს და მიჰყავს, ვერ გაძღა სულ დარჩეული ახალგაზრდების წაყვანით“.

ჰოდა, თითქოს, აი, ამ დედამიწაზე ჩამოსულ სიკვდილს შეეყარა თავად, რომელმაც ერთბაშად კი არ წაიყვანა, გვერდით ამოიყენა. მას შემდეგ ახმეტელს სულ გვერდით ედგა სიკვდილი, სულის სიღრმეში მუდამ გრძნობდა მის აჩრდილს, მაგრამ, მაინც გაბედულად მიჰყვებოდა გვერდით.

ახმეტელს ძველი სცენის მუშები ჰყავდა. ზოგმა მეტად საინტერესო ამბის მოყოლა იცოდა. ერთ-ერთი მათგანი წარსულში გაციმბირებულიც კი იყო. შეიკრიბებოდნენ საღამოს, წარმოდგენის დამთავრების მოლოდინში და, ხან რას ყვებოდნენ, ხან - რას. ერთხელ, სცენაზე „რღვევა“ მიდიოდა, მუშები კვლავ შეიკრიბნენ თავიანთ ოთახში. ზოგმა მთისა და ბარისა მოყვა, ზოგმა მამისა თუ პაპამისის ნაამბობი, ერთმა მუშამ თავისი სოფლის ას წელს მიტანებული მოხუცი გლეხკაცის ნაამბობი გაიხსენა. რაღაც ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა ის ნაამბობი, ის-ის იყო, საუბარი უნდა დაეწყო, რომ სანდრო ახმეტელიც შეუერთდათ. დაჯდა და სულგანაბული უსმენდა სცენის მუშებს.

ახმეტელი ცდილობდა, ზუსტი, მაგრამ, მაქსიმალურად ძუნწი გამომსახველობითი საშუალებებით მიეღწია შედეგისთვის. ბავშვივით უხაროდა, როცა მსახიობში მართალი განცდა იბადებოდა.

ერთხელ, ვერ იქნა და ვერ აიყოლია ვასო გოძიაშვილი. ამ საოცრად ნიჭიერ, თავით ფეხებამდე არტისტული ბუნების კაცს, ერთ-ერთ სპექტაკლში ყველაზე დრამატულ მომენტში სიყალბე ეპარებოდა იმ ადგილას, სადაც მისი გმირი ახმა ლიანდაგზე უნდა დაწვეს და ჯავშანმატარებელი შეაჩეროს. ერთ-ერთ რეპეტიციაზე გოძიაშვილის ახმამ ნელ-ნელა ჩაიჩოქა ანზორის წინ და საოცარი გულწრფელობით თქვა: „მე დავწვები, ანზორ!“ ახმეტელი აღტაცებისგან სკამიდან წამოიჭრა, მივარდა გოძიაშვილთან და გადაკოცნა. ეს იყო ამაღლებული ტრაგიკული წუთის დაბადება. ახალგაზრდა სასიკვდილოდ წვება ლიანდაგზე, რათა მტერი არ შემოუშვას.

„მე ახლა მესმის, რომ სულ ტყუილად დავკარგე აურაცხელი დრო ათასგვარ ახსნა-განმარტებებში, დისპუტებში, - ამბობდა ახმეტელი, - განა ცხოვრების ზედაპირზე წამოტივტივებული პრიმიტიული, ერთსახოვანი, მაგრამ, წითელ დროშას მაგრად ჩაბღაუჭებული ძალა არ იყო ის, ვინც გააფთრებით თავს მესხმოდა? სწორედ ისინი უშლიდნენ ხელს ნამდვილ პროგრესს. მათთან ჭიდილმა უამრავი საზრუნავი გამიჩინა“.

1936 წელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს - ახმეტელსა და თეატრის თანამშრომლებს აპატიმრებენ. მათ ინგლისის დაზვერვაში ჯაშუშობა, ტროცკისტულ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების თავიანთი ცუდი მიზნებისთვის გამოყენებაში ედებათ ბრალი. ამას გარდა, ახმეტელს ბრალს სდებენ სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის საფარქვეშ მუშაობაში, სამხედრო დაჯგუფებების შექმნაში, ბერიასა და სტალინის ლიკვიდაციის მცდელობაში.

ახმეტელი ყველა ამ ბრალდებით შვიდი თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი სასტიკი წამება არ შეწყვეტილა. მისი დაჭერის ბრძანებას ფორმალური მხარე არ გააჩნდა. ის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს არ მიუღია მონაწილეობა არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.

საარქივო მასალებიდან ვიგებთ, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მას მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ზეწოლის შედეგად აღიარებინეს მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. ამას გარდა, შეეცადნენ, მისგან მიეღოთ იმ უდანაშაულო ადამიანთა სია, რომლებიც ვითომდა მასთან ერთად მონაწილეობდნენ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში. ესენი იყვნენ არა მარტო მსახიობები, არამედ, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, მწერლები.

საქმეში იკვეთება ახმეტელისა და ბერიას დაპირისპირების დეტალები. ახმეტელს თავი თავისუფალ მოაზროვნედ მიაჩნდა, ადვილად ვერავის გავლენის ქვეშ ვერ მოექცეოდა და არც ბერიას ახირებების შესრულებას აპირებდა. კონსტანტინე გამსახურდიას ჩვენებაში წერია, რომ პირად საუბარში ახმეტელმა ბერიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. ახმეტელის დაჭერასა და ლიკვიდაციაში ყველაზე დიდი როლი მაინც აკაკი ვასაძის ჩვენებამ ითამაშა, სადაც ნათქვამია, რომ სანდრო ახმეტელი თეატრში მიზანმიმართულად ეწეოდა კონტრრევოლუციურ, მავნებლურ საქმიანობას. უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან პერიოდულად იღებდა ფინანსურ დახმარებას, დგამდა ანტისაბჭოურ სპექტაკლებს.

ვასაძე სამჯერ დაიბარეს ჩვენების მისაცემად და, ყოველ მისვლაზე, ახმეტელის  ეგრეთ წოდებული „კონტრრევოლუციურ ორგანიზატორთა“ სია ახალი სახელებითა და გვარებით ივსებოდა. ახმეტელის საქმის განხილვა შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ სანდრო ახმეტელსა და თეატრის კიდევ ოთხ თანამშრომელს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. სანდროს მეუღლეს, თამარ წულუკიძეს კი ათწლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ახმეტელის სასტიკი წამება 222 დღე გრძელდებოდა. ბოლოს, განაჩენის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, ის დახვრიტეს. გავიდა წლები და აკაკი ვასაძე კვლავ დაკითხეს. მაშინ მან უარყო ყველა ის ბრალდება, რომელიც ახმეტელს სწორედ მისი ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს. ვასაძემ განაცხადა, რომ წლების წინ მიცემული ჩვენებები მას არ ეკუთვნოდა და ვერ გაიგო, საიდან გაჩნდა მისი ხელმოწერები დოკუმენტებზე. ბოლოს თქვა, რომ ბერიას მიერ მისი ფსიქოლოგიურად დამუშავება მოხდა და მაშინ, ხელის მოწერისას შეუცვალეს მას დაკითხვის ოქმი.

სანდრო ახმეტელსა და რუსთაველის თეატრზე ჩასაფრება 1928 წლიდან დაიწყო ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით. ეს ის პერიოდია, როცა სამსახიობო კორპორაცია „დურუჯი“ დაიხურა. ახმეტელმა „ლამარა“ დადგა, გასტროლებისთვის ემზადება. ბერიას უშუალო ბრძანებით, რუსთაველის თეატრს უცხოეთში გასტროლებზე არ უშვებენ - საბჭოთა ხელისუფლებას მავნებლად მიაჩნდა „ხალხის მტრის“ მიერ საერთოდ რამენაირი პიესის დადგმა, და მით უმეტეს, გასტროლებზე წასვლა.

თავად ახმეტელი იმ პერიოდს ასე იხსენებს: „თეატრს შემოესია ათასი კომისია, პირდაპირ, მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ყველაფერში ცხვირს ყოფდნენ, ყველაფერში ჭკუას გვასწავლიდნენ. ვგრძნობდი, რომ მათ შეეძლოთ შეკრული დასის დაშლა, კოლექტივში ბზარის შეტანა. ამიტომ, ყოველგვარ წინააღმდეგობას ვუწევდი, ვებრძოდი. დიახ, ზოგჯერ უხეშადაც ვებრძოდი, სხვა გამოსავალი მე არ მქონდა. ათჯერ უფრო ძვირი მიჯდებოდა ჩემი სიმკაცრე, ჩემი შეცდომა, რადგან ახალი, უფრო ენერგიული იერიშის მოსატანად საბაბი ეძლეოდათ. რა ვიცოდი მაშინ, რომ თურმე ადამიანს, ვინც არ ღალატობდა საკუთარი სინდისის ხმას, თავის პროფესიას, იდეალებისადმი რწმენას, ადვილად არაფერს აპატიებდნენ. გვიან შევიცანი ეს ელემენტარული ჭეშმარიტება. მაშინ ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ, რაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევდი, უფრო მტკიცედ ვუკავშირდებოდი ჩემს ხალხს. იმას კი ვერ ვხვდებოდი, რომ, ვიდრე ხალხთან ასეთ კავშირს მივაღწევდი, უნდა გამევლო განსაცდელით აღსავსე დღეები, უნდა განმეცადა მარტოსულობის ტკივილიც, მრავალ ადამიანთა ბედის გაერთიანების სირთულეც და მტანჯველი შემოქმედებითი იჭვიც, ერთი სიტყვით, ჯოჯოხეთის ყველა კარი“.

1965 წელს სამხედრო პროკურორმა ცუმაროვმა ახმეტელისა და რუსთაველის თეატრის დასზე დაასკვნა: „ვთვლი, რომ ამ საქმეში გასამართლებული ყველა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და საქმე შეწყდეს მასში დანაშაულის ფაქტების არარსებობის გამო“.

ბევრი დრო მიჰქონდა ოჯახზე ზრუნვას. კარგა ხანს გაწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა მეუღლესთან, ტასო როსტომაშვილთან. ათასი საფიქრალი გასჩენოდა კვლავ. სულის სიმშვიდე, თუნდაც წამიერი სიმშვიდე ენატრებოდა, რასაც თამარ წულუკიძესთან პოულობდა. გატაცება იყო გულწრფელი და ძლიერი. სანდრო ახმეტელი ცხოვრებისა და შემოქმედების ისეთ სიღრმეებში შევიდა, რომ მხოლოდ ერთეული ქუდბედიანები გააღწევენ ხოლმე ნაპირის მეორე მხარეს. ახმეტელის ყოველი ახალი სპექტაკლი ამ სიღრმეებში წვდომას გულისხმობდა. იქ, ცხოვრებისა და შემოქმედების ლაბირინთებში ისეთ ელვარებას იძენდა მისი პიროვნება, თითქოს ერთბაშად ათასი სანთელი აანთესო მის სულსა და სხეულში. რაც უფრო იწვოდა, მით უფრო მეტ სინათლეს გამოსცემდა, მაგრამ, ყველაფერი ცუდად თამაშობდა მის გარშემო.

ახმეტელი ერთხელ იმის გამო წავიდა თეატრიდან, რომ ახალ სპექტაკლში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, რომელშიც სურდა, რომ ნაციონალური ელემენტები შემოეტანა, მის ახალ ცდას ცინიკურად შეხვდნენ და მეორედ - თეატრში დისციპლინის მოშლის გამო: თეატრში ახალდაბრუნებული ახმეტელი, რომელიც კოტე მარჯანიშვილთან ერთად მიდის, „სალომეას“ დგამს და რეპეტიციებზე მსახიობებს ვერ იმორჩილებს - აკაკი ვასაძე, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, რეპეტიციებზე, უბრალოდ, არ დადიან.

„ლატავრას“ დადგმაზე კი მისმა მოთმინებამ იფეთქა და მისი და ვერიკო ანჯაფარიძის გზები გაიყარა: რეპეტიციებზე ანტრაქტის დროს ახმეტელი ხედავს, რომ ანჯაფარიძე არსად ჩანს. როგორც იქნა, გამოჩნდა. ჩქარა! - იყვირა ახმეტელმა. ანჯაფარიძეს ახმეტელის ტონი არ მოეწონა და ყვირილითვე უპასუხა - რა გაყვირებსო. ახმეტელმა ვერიკოს რეპეტიცია დაატოვებინა. მოგვიანებით შერიგდნენ. მაშინ ახმეტელმა თქვა: „ვერასოდეს დავდებ პირობას, რომ ეს არ განმეორდებაო“. ანჯაფარიძემ „ლატავრაში“ ითამაშა, თუმცა, მას შემდეგ ახმეტელის დადგმებში აღარ მიუღია მონაწილეობა სწორედ იმ მოტივაციით, რომ ახმეტელს ანჯაფარიძეზე წარმოდგენა შეეცვალა - ის ფიქრობდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძეს დასში ლიდერობა სურდა“.