ირაკლი მელაშვილი:
პარლამენტს აკლია ინტელექტი, სიმტკიცე, გამოცდილება. აკლია სურვილი იმისა, რომ შეასრულოს თავისი როლი და ფუნქცია. დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობა დარბაზში იმიტომ ზის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაადასტუროს. ეს, უბრალოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატია.
ეროვნული მოძრაობიდან მოსული პოლიტიკოსები - მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება, ხედვა, რაც ტრადიციულ ღირებულებებს ემყარება და არც დასავლურ ფასეულობებსაა დაცილებული. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც ტრადიციები და დასავლური ღირებულებები ურთიერთშერწყმული იქნება.
ტრადიციონალისტთა კავშირი - საკუთარი მსოფლმხედველობისა და პრინციპების ერთგული. საზოგადოებამ იცის, როგორი იყო მათი მოთხოვნები ბოლო 10 წლის მანძილზე. დაუშვებელია, პოლიტიკაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ხელთათმანივით იცვლიან პოზიციას.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ეროვნული მუხტის მქონე ძალა. დღეს აქვთ პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რაც უკანასკნელ ურთულეს პერიოდში გადახდათ თავს.
ლეიბორისტები - ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი, თუმცა, სრულიად არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს. საზოგადოებამ უნდა იხილოს შალვა ნათელაშვილის გუნდი იქ, რათა ბოლომდე დატკბეს...
აკაკი ასათიანი - ღირსეული და გამოცდილი პოლიტიკოსი.
ნოდარ ნათაძე - უპატიოსნესი ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. იგი ახმოვანებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციას, რაც გარჯვეული ღირებულების მატარებელია. სამწუხაროდ, მისი ზოგიერთი შეხედულება მოძველდა.
კონსტანტინე გამსახურდია, გია მაისაშვილი - განათლებული ადამიანები, მაგრამ მკაფიოდ არ ჩანს, რას სთავაზობენ ისინი საზოგადოებას. დღეს შედარებით პასიურნი არიან.
ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი - ისინი კარგად ერკვევიან საკანონმდებლო ნიუანსებში.
ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი მინდელი - აქვთ გარკვეული გამოცდილება, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები. ჩვენ სოციალისტების საპირისპირო პოზიციაზე ვდგავართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ გვინდა, ნორმალური სახელმწიფო ავაშენოთ, პარლამენტში ფართო პლიტიკური სპექტრი უნდა იყოს წარმოდგენილი.
ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი ყარყარაშვილი - მმართველ პარტიაშიც იყო ბევრი მეტ-ნაკლებად მისაღები პიროვნება. ისე არ იყო, რომ ოპოზიციაში ყველა ანგელოზი გახლდათ, მმართველ ძალაში კი - ყველა ნაძირალა. ამ ადამიანებს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ბიოგრაფია, გამოცდილება აქვთ, თუნდაც ის, რომ მათ საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლეს! ბევრი, ვინც დღეს ხმამაღლა ყვირის, არ ვიცი, რომელ ქვეყანაში აღმოჩნდება, ომი რომ დაიწყოს.
თამარ ჩხეიძე - ქართული პოლიტიკის კოლორიტული ფიგურა, პატიოსანი და პატრიოტი პიროვნება. სამწუხაროდ, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ ვერ შეძლო ხალხისთვის თავისი იდეების სწორად მიწოდება.
პოლიტიკური ფიგურები - აი, რა აკლია პარლამენტს. ჩვენნაირი ქვეყნის მართვა, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკოსების საქმეა. ამიტომაა, რომ დღევანდელ უსახურ უმრავლესობაში 2-3 კაცი აქტიურობს.