საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული ოთხი სხვადასხვა ეგზითპოლის შედეგების მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ტელემიმართვაში, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, განაცხადა, რომ მართალია პროპორციულ არჩევნებში უპირატესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს არის.
"ჯერჯერობით საარჩევნო შედეგები ითვლება და ჩვენ მინიმუმ რამდენიმე საათი დაგვჭირდება, სანამ სრული სურათი გამოიკვეთება, მაგრამ უკვე ეგზიტპოლის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ, როგორ ჩანს, მნიშვნელოვანი უპირატესობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. საქართველოში საარჩევნო სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ პარლამენტში პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში ხმები დაახლოებით შუაზე იყოფა. ეს იმის გამოა გაკეთებული, რომ ყველა რეგიონი და პატარა რაიონიც კი წარმოდგენილი იყოს და პარლამენტსა და მთავრობაში ყველა მოქალაქის ხმა ისმოდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამდენად, შეიძლება პრეზიდენტის ეს განცხადება გარკვეულ მინიშნებად მივიღოთ, რომ არჩევნების შედეგები ისეთი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაახლოებით თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს ჯერ ხმის დათვლის პირველადი შედეგები არ დაუდია და როგორც ითქვა, წინასწარი შედეგები დაახლოებით ღამის 3 საათისთვის იქნება, თუმცა თუკი ოთხი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაკვეთილ და სხვადასხვა კომპანიების მიერ შესრულებულ ეგზითპოლებს ვენდობით, „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებში ლიდერობს და მაშინ ცოტა რთული წარმოსადგენი იქნება, რომ ადამიანებს, რომლებმაც პროპორციულ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი, მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებისთვის მიეცათ ხმა.
როგორი განწყობაა „ქართულ ოცნებაში“ და ელიან თუ არა ისინი, რომ ეგზითპოლების მიერ დადებული შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე ესაუბრება. იგი გამორიცხავს, რომ ეს შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვალოს და ამბობს, რომ პირიქით, „ქართული ოცნება“ მისი ხმების მატებასაც ელის.
„ეს არის მონაცემები, რომლებიც 4-5 საათისთვის დაიდო. უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო მოხელეებს მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული და ისინი თავიანთ მომხრეებს ძირითადად დღის 12 საათისთვის ელოდნენ, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერი საარჩევნო უბნებზე სწორედ დილით იყო მობილიზებული, დღის მეორე ნახევარში კი ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაკადი წამოვიდა. ამიტომ როდესაც ნაციონალური არხი „რუსთავი2“ 16.00 საათის მონაცემით დებს ასეთ შედეგს (51% „ქართულ ოცნებას“ და 41% „ნაციონალურ მოძრაობას“), ეს იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია ბიულეტენების დათვლის შემდეგ ჩვენ ამაზე მცირე შედეგი მივიღოთ. ეს იმ ხალხის მხარდაჭერის შედეგია, რომლებიც ახლა უბნებთან დგანან და ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან ხელშესახებია და არა უმნიშვნელო. კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სხვას ვერაფერს ვერც იტყოდა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ჯერ მაჟორიტარული ოლქების საბოლოო შედეგები უნდა დაითვალოს, რათა ცნობილი გახდეს, რომელ ოლქში იგებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი და რომელ ოლქში - არა. მანანა კობახიძე დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარული ოქლების უმეტესობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს.
„ჩვენის მხრიდან ყოველგვარი ძალადობისა და ყოველგვარი გაყალბების გარეშე, აბსოლუტურად სამართლიანად შევძელით ეს შედეგი დაგვედო მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობისგან“ დღეს ათასგვარი ფორმებით გაყალბება დაფიქსირდა. იყო კარუსელები, ყალბი ბიულეტენების გამოყენება, საჩხერეში წუხელ ყველა უბანზე ბეჭდები არეულად იყო დარიგებული, ანუ მათ იცოდნენ, რომ ეს ოლქი პირწმინდად წაგებული ჰქონდათ და აქ არჩევნების ჩაშლას აპირებდნენ. ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა, მაგრამ ჩვენ საჩხერე მოვიგეთ, 33 500 ამომრჩეველი მივიდა უბნებზე მაშინ, როდესაც საჩხერეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქამდე 22 000 იყო. ამდენად, მაქსიმალური აქტივობაა და დარწმუნებულები ვართ, გამარჯვება ჩვენს მხარეს არის, ჩვენ კი არა, მთელი საქართველოა გამარჯვებული, რადგან ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური ხელისუფლებისგან განთავისუფლდა“, - ამბობს მანანა კობახიძე.
ექსპერტი საარჩევნო საკითხებში კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბარში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საარჩევნო კამპანია ძალიან რთული იყო და სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხშირი შემთხვევებით. ასევე დარღვევები იყო კენჭისყრის პროცესში.
„იმ ადამიანებს, ვისაც საარჩევნო პროცესის გადაღების უფლება ჰქონდათ, არ აძლევდნენ ამის გაკეთების საშუალებას, რატომღაც ჩათვალეს, რომ მხოლოდ იატაკის გადაღების საშუალება უნდა მიეცათ. ჩვენ ვხედავდით, რომ მრავლად იყო კარუსელების ჩატარების მცდელობები. ჩვენმა დამკვირვებლებმაც აღმოაჩინეს წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები და მას შემდეგ, რაც მათ ეს ფაქტები გააპროტესტეს, ჩვენი დამკვირვებლები უბრალოდ უბნებიდან გააძევეს“, - ამბობს კახი კახიშვილი.
მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით იყო უპრეცენდენტო აქტივობა, რაც თავისთავად მეტ ლეგიტიმაციას აძლევს ამ არჩევნებს. ექსპერტი ამბობს, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა - ხმების შეჯამება. კახი კახიშვილი ყველა დამკვირვებელს და ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელს მაქსიმალური სიფხიზლისკენ მოუწოდებ, რადგან მისი თქმით, ყველა არჩევნების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სწორედ ხმების დათვლის და შეჯამების პერიოდში ხდება ყველაზე მეტი მანიპულაციები.
„როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ასეთი მეთოდი - ერთის მხრივ აჩვენოს, რომ თითქოს პროპორციული სისტემით მისმა ოპონენტმა მოიგო, მაგრამ მეორეს მხრივ მაჟორიტარების ძირითად ნაწილს იტოვებს. ამიტომაც სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი კენჭისყრის შედეგების დათვლის პროცესზე დაკვირვება, რადგან ჩვენ ისეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს, როდესაც პარტიამ შეიძლება ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერც კი გადალახოს, მაგრამ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობის მოგებით, პარლამენტში უმრავლესობა მიიღოს. ამიტომ გამარჯვების აღნიშვნა კარგია, მაგრამ ამ ზეიმში კენჭისყრის შედეგების შეჯამებაზე დაკვირვება და კონტროლი არ უნდა დაგვავიწყდეს“, - ამბობს ექსპერტი.
პროპორციულ სისტემაში არჩევნების შედეგებში მნიშვნელოვან ცვლილებებს კახიშვილი არ ელოდება, მაგრამ ვინაიდან პარლამენტში 77 დეპუტატი მაჟორიტარული ოლქებიდან შედის, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ პროპორციულ, არამედ მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებასაც.
„მიმაჩნია, რომ ერთის მხრივ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდა, რადგან ერთპიროვნული მმართველი მხოლოდ იმ პირობებში ძლებს, როდესაც ხელისუფლების ყველა შტოზე - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, კონტროლი მას ეკუთვნის. როგორც კი პარლამენტი მრავალპარტიული ხდება, ასეთი სისტემები იშლება. ძალიან ახლო მომავალში, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგები იქნება მაჟორიტარულ ოლქებში, ჩვენ ვნახავთ, რომ სისტემა ძალიან მალე დაიშლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაჟორიტარები, რომლებიც „ნაციონალებს“ ჰყავთ, თავისი იდეოლოგიით „ნაციონალები“ არ არიან. მოგეხსენებათ, ეს ძირითადად ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანები არიან. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვება „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუფიქსირონ, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მალე მისი მაჟორიტარები „ქართული ოცნების“ მხარეს გადავიდნენ“, - ამბობს კახიშვილი.