„თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას და მის პარტნიორს ბადრი ჯაფარიძეს ხელისუფლებიდან ემუქრებოდნენ.
ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბანკის წინააღმდეგ დაიწყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან ორკესტრირებული შეტევა და მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, სადაც რაღაცის შესრულებას სთხოვდა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული წერილი მას აქვს, თუმცა ის არ არის პოლიტიკოსი და არ აპირებს, რომ ამ წერილის შინაარსი გაახმოვანოს და რამე სენსაციური განცხადებები გააკეთოს.
„მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ, ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა. ეს იყო გიორგი ხარაიასგან მოწერილი წერილი. თუმცა მის შინაარს არ გავასაჯაროებ, რადგანაც მე პოლიტიკოსი არ ვარ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძე ამბობს, რომ წერილის შესახებ პროკურატურას აცნობა და ეს ფაქტი დაკითხვის ოქმშიც მიუთითა, მაგრამ არცერთ პროკურორს და არც მოსამართლეს არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს. მისივე თქმით, ამ ფაქტის შესახებ არა თუ საქმე აღიძრა, არამედ კითხვის დონეზეც არავინ დაინტერესებულა. ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ის ამ ფარგლებში მინისტრის წერილის შინაარს გაასაჯაროებს.
„ვიცი ჩემს განცხადებას რაც მოჰყვება, ხვალ პროკურატურაში დამიბარებენ. აქ საუბარი წერილში იყო იმაზე, საარჩევნოდ რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. მე ვარ პასუხისმგებლიანი ადამიანი და რასაც ვამბობ, ყველაფერზე პასუხს ვაგებ" - აღნიშნა ხაზარაძემ დეპუტატ მამუკა მდინარაძეს კითხვის პასუხად, რა ეწერა გახარიას მიერ გაგზავნილ წერილში.
ასევე „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, ხდება თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე გახარიას მხრიდან ზეწოლა, ხაზარაძემ უპასუხა:
„მკითხეთ ჩემგან რა უნდათ, პრაქტიკულად არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ან ბანკი უნდა გადაგვეყოლა ან ჩვენ უნდა წავსულიყავით. მე ჩემი ბანკიდან ფულის აღებაც არ შემიძლია. ეს ადამიანის უფლებებს ეხება და უპრეცედენტო მოვლენაა. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომ განაწყენების გამო ვიღაცას სიკეთე დავუკარგო.
"ეროვნულ ბანკთან მივედი და ვკითხე რა გინდა-თქო, ხელი აწია და მივხდი, რომ მთლად დამოუკიდებელი არ იყო. თუმცა გახარიას და გვენეტაძის ტანდემზე არაფერი მსმენია, ვერ გეტყვით. გვენეტაძემ მითხრა, რომ იქნებ წახვიდე და მიჩივლოვო, მივხვდი, რომ აქ საქმე პოლიტიკასთან მქონდა" - განაცხადა ხაზარაძემ დეპუტატ გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.
მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მას კატეგორიულად დაუსვა საკითხი, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა წასულიყვნენ.
„მე მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვიყავით გადავმდგარიყავით თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგან ეროვნული ბანკი არის რეგულატორი. მათ თქვეს, რომ ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან მთლიანად უნდა წავსულიყავით. ამაზე ჩემი პასუხი იყო - ეს გავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ უფლება, წელიწადში ოთხჯერ ნახო და მოისმინო რას აკეთებს შვილი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, კობა გვენეტაძისგან მოითხოვა მიეღო ისეთი წერილი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბანკში კრიმინალური არაფერი მომხდარა, რაც არ მოხდა.
ხაზარაძე მოითხოვს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ის მოითხოვს, რომ პარლამენტში სპეციაური კომისია შეიქმნას, სადაც ყველა იმ დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს დეპუტატებს გააცნობს, საქმის კურსში ჩააყენებს რა ხდება ბანკის ირგვლივ. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის განცხადებით, ის აგრძელებს დავას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე პროკურატურის წინააღმდეგ და ეს დავა საქართველოს ფარგლებსაც გასცდება.
მისივე თქმით, როდესაც ის პირველად დაიბარეს პროკურატურაში, მან ითხოვა, რომ უცხოელ პარტნიორებთან ხელმოწერამდე „თიბისი ბანკის" საქმე ყოფილიყო კონფიდენციალური, რადგან ხაზარაძის თქმით, „თბილისი პატარა ქალაქია და ჭორის დონეზეც ფულის გათეთრების საქმის წინ წამოწევა უზარმაზარ პროექტს ხელს შეუშლიდა".
„ტყუილია, რომ ვიღაცამ გადამაყენა თანამდებობიდან. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში, როდესაც კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე და გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი არ ჩამონგრეულიყო"-განაცხადა მან.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი მამუკა ხაზარაძის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო ერთი პირვილეგილებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობის მცდელობა. გახარია აცხადებს, რომ ის წერილებს არ წერს და თუ რამე სათქმელი აქვს პირდაპირ ამბობს. მინისტრი აცხადებს, რომ ასეთი პრივილეგიების დრო დასრულდა და ყველამ პასუხი უნდა აგოს. ჟურნალისტების კითხვაზე, დააკავებენ თუ არა ხაზარაძეს, მინისტრი არ პასუხობს.
„ხაზარაძის განცხადება იყო პრივილეგილებული ბიზნესმენის მცდელობა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ეჭორავა. წერილებს არ ვწერ და ვისთანაც რამის თქმა მინდა, პირდაპირ ვეუბნები. დასრულდა პრივილეგიების დრო და ყველამ პასუხი უნდა აგოს. ამ კონკრეტულ ქეისთან შეხება არასდროს არ მქონია. დაიწყოს გამოძიება, მზად ვარ პროკურატურაში ყველა კითხვას პასუხი გავცე" - აცხადებს გახარია ჟურნალისტებთან.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ გახარია პარლამენტში უნდა მივიდეს და ხაზარაძის განცხადებაზე პასუხები უნდა გასცეს. ისინი ფიქრობენ, რომ ამის შემდეგ გახარია უნდა გადადგეს.
ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ხაზარაძის განცხადებებიდანვე უკვე გარკვეული ეჭვი არსებობდა, რომ „თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან ხელისუფლების დაინტერესება იყო. მისი აზრით, ეს ყველაფერი რაც ხაზარაძის ირგვლივ ვითარდება, 2012 წელს სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს ჰგავს. ამიტომაც, კაკაჩია ვარაუდობს, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ივანიშვილის სააკაშვილის მსგავსად დაასრულებს და საქართველოს 2020 წლისთვის უკვე ახალი ხელისუფლება ეყოლება.
„ეს არის ყველა ხელისუფლების დროს უკვე კარგად ნაცნობი პროცესები. „ოცნების" ხელისუფლებაც ცდილობს, რომ მეორე ვადის შემდეგ, ქვეყანაში ძალაუფლების პროცესი გაიხანგრძლივოს. ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერზე მონოპოლია დააწესონ. ეს იქნება პოლიტიკაზე თუ ბიზნესზე. „ოცნებამ" ფაქტობრივად პოლიტიკური ველი მოასუფთავა და ახალ ბიზნესს მიადგა.
"ახლა მათთვის ყველაზე მთავარ საფრთხეს უკონტროლო ბიზნესმენები წარმოადგენენ და მათი დამორჩილება გადაწყვიტეს. ბუნებრივია, „თიბისი" ბანკი და ხაზარაძე მათთვის პოტენციური მტერია, რომელიც შეიძლება რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს შეუამხანაგდეს და მათ პრობლემები შეუქმნას.
"ხაზარაძემ განაცხადა, რომ მან გახარიასგან წერილი მეორე ტურის შემდეგ მიიღო. სავარაუდოდ, ხაზარაძეს ან სთხოვეს, რომ ფინანსურად და გავლენებით დახმარებოდათ, ან კიდევ კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ოპოზიციის კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირა და მათ წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯის გადადგმა არ გაებედა. ბევრი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას ყველანაირი ალტერნატიული დაფინანსება შეუზღუდოს და მოკავშირე ვერ იპოვონ",-აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან".
მისივე თქმით, ასევე ხაზარაძის წაინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტიც მუშაობს, რადგანაც მას ძალიან დიდი გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ხაზარაძის გვერდით გაწევა სჭირდებათ. კაკაჩია ამბობს, რომ სიტუაცია თუ კი ასე გაგრძელდება, ეს „ოცნებისთვის" ისევე დასრულდება, როგორც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებისთვის.
"ეს სიტუაცია ძალიან მაგონებს დროს, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის იგივე მეთოდებით თავიდან მოშორება. მსგავსი ფინანსური მეთოდებით მისი ჩაძირვა სცადა. თუმცა გვახსოვს ბოლოს ვინ ჩაიძირა და სააკაშვილმა როგორ დაამთავრა. თუ სცენარი ასე განვითარდა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ 2020 წლისთვის ახალი ხელისუფლება გვეყოლება. ეს არის საბედისწერო შეცდომა, თუ რაც ხაზარაძემ თქვა და გახარიასთან მიმართებაში ეს საზოგადოებამ დაიჯერა, საპარლამენტო არჩევნებზე ახალ ხელისუფლებას მივიღებთ", - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან".