„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერს ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოქნილი კაცია და იგი შეეცდება მათთან თანამშრომლობას, თუმცა გამორიცხული არაა, მათ მოილაპარაკონ, რომ სააკაშვილი დროულად წავიდეს პოლიტიკიდან.
For.ge ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.
- ამ შედეგს ველოდით. მე მგონი, ეს ბუნებრივიცაა, რადგან, ყველანაირად, ქვეყანაში ვითარება აქეთკენ მიდიოდა. ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები დაახლოებით ორი თვით ადრე წააგო, რადგან, რეალურად, მათ დაკარგეს ტემპი. მე მგონი, მათი დიდი შეცდომა იყო პრეზიდენტის ასეთი აქტიურობა, რადგან ახლა საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდებოდა. როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილს თურმე ფეხებზე ჰკიდია „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი. მას საკუთარი ბედი უფრო აღელვებს. ამიტომ, ეს შეცდომა იყო. მეორეც, დიდი დარტყმა მათ, რა თქმა უნდა, ციხის კადრების შემდეგ მიიღეს იმიტომ, რომ გამოვლინდა, თუ რას წარმოადგენს ეს მოძრაობა, რა არის მათი იდეოლოგია, რა „წარმატებასთან“ გვაქვს საქმე. მე მგონი, ახალგაზრდობის გამოსვლა უკანასკნელი ლურსმანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, როგორც მოძრაობის, კუბოში.
პრეზიდენტი თავის ოცნებებს ახლა მაჟორიტარებზე ამყარებს.
- ახლა, რაზეც აქვს ბოლო ოცნებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არადამაჯერებელია. მაჟორიტარები არიან იქ, სადაც არის უმრავლესობა. წარმოუდგენელია, ერთმა პარტიამ მოიგოს სიით და ამ დროს კი მაჟორიტარებმა მას შეუქმნან წინააღმდეგობა, რადგან მაჟორიტარები აპარტიული ტიპაჟია, მათ აინტერესებთ სულ სხვა რამ, მათ არ აინტერესებთ საერთო ამბები, არამედ მათ აინტერესებთ საკუთარი რაიონები, თავის რაიონებში კი ისინი უნდა იყვნენ უმრავლესობაში. მე მგონი, ახლა დიდი საიდუმლო მე არ გავთქვი, მაგრამ მაჟორიტარების იმედად თუ არის საქართველოს პრეზიდენტი... რეალურად ასე არ არის საქმე. რა თქმა უნდა, მან იცის, რომ დღევანდელი დღე საკუთარ მომხრეებს უნდა გადააგორებინოს და ყველა არ უნდა მოკვდეს დარდით. თუმცა უნდა გითხრათ, რომ გულწრფელად მჯერა და მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, როგორც აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ არ ვართ მათი მტრები, ვინც ხუთიანი შემოხაზა. დაახლოებით მეც ვიცი, როგორ შემოხაზა ხალხმა ხუთიანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ მათი მტრები. არც მათი მტრები ვართ, ვინც ეს ხუთიანი გულწრფელად შემოხაზა, ვისაც უნდოდა, ხუთიანი შემოეხაზა და, ვისაც ვეზიზღებოდით, მაგრამ დღეს გაირკვა მთავარი სიმართლე, რომ საქართველოში გაიმარჯვა ევროპამ. ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ აქ რუსეთი მოდის, ჩინეთი მოდის, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო. ჩვენს პრეზიდენტს არ ულაპარაკია იმაზე, რომ რუსეთმა გაიმარჯვა. სინამდვილეში, გაიმარჯვა ევროპამ. ევროპა იმარჯვებს საქართველოში, რადგან ჩვენ, ყველას, ეს არჩევანი გვაქვს და ნაციონალებთან საერთო თუ გვაქვს რამე, ეს არის მათ მიერ გამოცხადებული ევროპული არჩევანი. მართალია, რასაც ციხეებში აკეთებდნენ და რა მეთოდითაც მართავდნენ ქვეყანას, რაც ხდებოდა მეცნიერებათა აკადემიაში, კულტურაში, - ეს ყველაფერი არა ევროპული, არამედ უაღრესად საზიზღრული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც (რახან მათ ოფიციალურად გამოცხადებული აქვთ ევროატლანტიკური გზა) ამაში მათთან სადაო არაფერი გვაქცვს და საერთო ენას ვიპოვით. თუ ვინმეს ქვეყნის აშენება უნდა, ჩვენ მათ არ დავუშლით. ხოლო, თუ ვინმეს რევანშის სურვილი შეაწუხებს, არაფერი, ჩაიკეტონ, დაიყარონ ნაცარი, ან დადგნენ ისე დამწუხრებულნი, როგორც ახლა დგანან მაჟორიტარების ოფისებთან, მე ვფიქრობ, მალე გადაუვლით.
ხელისუფლება ყველაფრის ოსტატია და ხომ არ უშვებთ, რომ, შესაძლოა, შეცვალონ ეს ციფრები?
- ციფრების შეცვლის სურვილი, შესაძლოა, ჰქონდეთ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაშინ, როცა პრეზიდენტმა დამარცხება აღიარა პროპორციულ სიებში, სრულიად წარმოუდგენელია. თანაც, მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, რადიო თავისუფლება,- ყველანი გადმოსცემენ ამ შედეგებს. ამის გადათამაშება ძნელია. რა ოცნებაც გამოითქვა, რომ მაჟორიტარებით იქნებ რაღაცას მიაღწიოს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, როცა პოლიტიკოსები უმცირესობაში არიან, მაჟორიტარები ვერ შეუქმნიან მათ უმრავლესობას. ასეთი რამ არ მომხდარა. ეს თეორიულად გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილმა იცის ამის შესახებ. უბრალოდ, მან დღეს ისე ილაპარაკა, რომ მისმა მომხრეებმა რაღაცნაირად უნდა გადაიტანონ ეს მძიმე დარტყმა. ხომ ნახეთ, რომ ისტერიულად სიხარულით შეხვდნენ ჩიორას გამოცხადებულ სიტყვებს, რომელიც არაფერს არ ეფუძნება, სადაც დამარცხება არ იქნა აღიარებული და ითქვა, თითქოს თანაბრად ვართო. რაც შეეხება მათ ნათქვამს, თითქოს, აქ მოიგეს, ან იქ მოიგეს, ყველგან, სადაც კი გამოაცხადეს მოგება, სინამდვილეში, დამარცხდნენ. მეეჭვება, თუნდაც ნაციონალების ერთ მაჟორიტარს რეალურად ჰქონდეს მოგებული. როცა ქვეყანა ერთს ამბობს, როცა 70 % გეუბნება „ნახვამდის“, იქ ვერცერთი მაჟორიტარი ვერ მოიგებს, ეს გამორიცხულია. ისევე, როგორც ვერ მოიგო თვითონ სამეგრელოს მაჟორიტარმა, საყრდენმა ამ ქვეყნის, აბსოლუტურმა ბანდიტმა კაცმა, რომელსაც არასოდეს არ უნდა მოეგო, კაცმა, რომელიც ჩვენს პოლიტიკაში არასდროს უნდა ყოფილიყო, რომელიც დამალული იყონ თავისთვის, იჯდა და მაწონს ჭამდა, და ეს კაცი პარლამენტში მოგვინდომა მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ, მან სათანადო პასუხი მიიღო. გასაგებია, თუ სამეგრელოში მოიგო ალასანიამ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ჩვენ წავაგებდით. შესაძლოა, რაღაც ხდებოდეს აზერბაიჯანულ რეგიონში, მაგრამ ეს არაფერს გადაწყვეტს.
ბევრს საუბრობენ შურისძებაზე. ბიძინა ივანიშვილმა ამის განმარტება გააკეთა, მაგრამ არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც თუნდაც ციხის კადრების შემდეგ ცალკეულ პირებს უნდა დაეკისროს. ასეთი გამოთქმაც არსებობს, სამართლიანი შურისძიება ზოგჯერ ყველაზე დიდი კეთილშობილებააო. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საზოგადოება ელის კიდეც სამართლიან შურისძიებას.
- შურისმაძიებლური განწყობა არ არის, მაგრამ ამ ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა თუ იტყვის, რომ ვინმეა დამნაშავე, ჩვენ არავითარი უფლება არ გვექნება, არც აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც საკანონმდებლოს, ამ საქმეებში ჩავერიოთ. მაგრამ არა მგონია, ამას შურისძიება დაერქვას. ახლა ციხის ამბების ორგანიზატორები რომ უნდა დაისაჯონ, ეს მსოფლიოს მოთხოვნაა, რადგან ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ეს არ ყოფილა დანაშული ერთი კონკრეტული ქართველი პატიმრის წინააღმდეგ. საერთოდ, როდესაც ადამიანებს აქვთ სისასტიკის ისეთი გრძნობა, როგორც ეს იყო გერმანულ სახელმწიფოში ფაშიზმის დროს, როცა სახელმწიფოს სახელით ახორციელებდნენ ძალადობას, იქაც კი ეს მიუღებელი გახლდათ, მაგრამ, როდესაც ამას ემატება პიროვნული, სადისტური გადახრები ხელისუფლების მხრიდან, პირველი პირისა და მისი დამქაშების მხრიდან, ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. რა თქმა უნდა, ასეც იქნება. ჩვენ ამაში არ ჩავერევით, ეს არ იქნება პოლიტიკური ჩარევის შედეგი. ასევე, მე ვითხოვ და მე მგონი, ამას უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა დარღვევა, რომელიც კი ოდესმე გვქონია საარჩევნო ტექნოლოგიებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, თავმჯდომარე, ვისაც დანაშული მიუძღვის საკუთარი ქვეყნის წინაშე, გამოვლინდეს. ამ დანაშულს ხანგრძლივობის ვადა არ აქვს და შესწავლილ უნდა იქნას. მე არ ვარ მომხრე, ყველა ციხეში ჩავსვათ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ჩემი აზრით, საქართველოში სამართალი უნდა აღდგეს და ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც რამეში დამნაშავეა. შეიძლება, ისეთი დროც კი დადგეს, რომ ჩვენ, ვისაც შეურაცხყოფა მოგვაყენა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და არ ვუჩივლეთ მას იმ უბრალო მიზეზით, რომ საქართველოს სასამართლოს არანაირი იმედი არ გვქონდა, შეიძლება, ჩვენც კი მოვახერხოთ და ამოვიღოთ ხმა ამაზე. მაგალითად, მე რუსეთის საელჩოსთან შნურით მიბმული რომ ვყოფილვარ, შესაძლოა, გავახსენო ეს ამბავი და ამაზე პასუხი მოეთხოვოს ახალი დამოუკიდებელი ქვეყნისაგან.
ასეთი მარცხის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მოღვაწეობა როგორ წარმოგიდგენიათ?
- ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი შეეცდება თანამშრომლობას. იგი მოქნილი კაცია და, როგორც ჩანს, მას აქვს ამის სათანადო რესურსი. ომი არავის უნდა, მაგრამ, შესაძლოა, მოვილაპარაკოთ იმაზე, რომ ის დროულად უნდა წაბრძანდეს პოლიტიკიდან. ის რომ არ რჩება პოლიტიკაში, ეს მე ამერიკაშიც მითხრეს. არ გატყუებთ, სამი წლის წინ ძალიან მაღალ დონეზე მითხრეს. მაშინ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, რადგან ვერ ვხედავდი, როგორ უნდა მოგვეგო მისთვის. მაშინ არც ბიძინა იყო და ჩვენს ძალას ძალიან რეალისტურად ვაფასებდი. რატომღაც ამერიკელები ძალიან მაღალ დონეზე იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ აშშ ჩვენი მეგობარი ქვეყანა რომ იყო, ეს ყოველთვის ჩანდა, როცა განსაცდელში ვიყავით და არა მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლები პრობლემები გვქონდა. სწორედ განსაცდელში შეიგრძნობა მეგობარი და მინდა ვთვქვა, რომ დღევანდელ ჩვენს სიხარულში აშშ-ის წვლილი უდიდესია. მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, რაც არ გაგვიკეთებია ჩვენ. უბრალოდ, მათ ქართველ ხალხს იმის საშუალება მისცეს, რომ საკუთარი ნება გამოევლინათ. ამერიკა დიდი ქვეყანაა, პასუხისმგებლიანი ქვეყანა, და მიხარია, რომ მათ დროულად დაინახეს, რა და როგორ არის ჩვენს ქვეყანაში.