ტყიბული ისევ მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე დარჩა. საბჭოეთის პირმშო სამრეწველო ქალაქის სახელი დღეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოიხსენიება საინფორმაციო საშუალებებში, რომ მისი მაჟორიტარი დეპუტატი - ბონდო შალიკიანი დააკავეს. არადა შალიკიანი არც ტყიბულელია და არც იმის გარკვევით მოუკლავს თავი, რომ იმერეთის უბედურების ზონად გამოცხადებულ ამ ქალაქში, სადაც ერთოთახიანი ბინის გადაცვლა ერთ გოჭში შეიძლება, მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილობს.
სამაგიეროდ, შიმშილის გრძნობა კარგად იქნა გამოყენებული ტყიბულსა და მის სოფლებში ხმების მოსაპოვებლად, სადაც საარჩევნო მუშაობა ბონდო შალიკიანმა გასული წლის მაისიდან გააჩაღა. თუმცა უკვე არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ 2 ნოემბრიდან დღემდე შალიკიანმა დაიწყო ტყიბულის ხარჯზე საარჩევნოდ დახარჯული ფულის ამოღება.
2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩასულ მიხეილ სააკაშვილს გულთბილად შეხვდნენ. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსწავლემ კი სცენაზე ასევე ადგილობრივი ძალებით შექმნილი ლექსიც წაიკითხა „ძია მიშაზე და ძია ბონდოზე“.
სააკაშვილს რომ ეს მიძღვნა ძალიან არ გახარებია, ფაქტია, მაგრამ მისთვის არც ის ფაქტორია გაუგებარი, რომ ამ მთავრობისაგან მიტოვებულ ადგილებში ადამიანების გულის მოგება ძალიან მარტივია. თანაც, კრიმინალური მენტალიტეტით ტყიბულში ვერავის გააკვირვებ.
მართალია, ტყიბული ქურდების რაოდენობით ისე ცნობილი არ გახლავთ, როგორც ქუთაისი, მაგრამ სანამ მოსახლეობისგან არ დაიცლებოდა, აქ საბჭოეთში ცნობილი ბევრი ავტორიტეტი ცხოვრობდა, მათ შორის ძალიან ცნობილი ქურდი, მეტსახელად „კატა“ და ასევე ცნობილი ტარიელ ონიანი, რომელიც ამჟამად ესპანეთის ქალაქ ბარსელონას ამშვენებს და, ალბათ, ადგილობრივ სამართალდამცავებს ბევრ თავსატეხსაც უჩენს.
საფრანგეთში, სადაც ის ხანგრძლივად ცხოვრობდა, დროის დიდი ნაწილი შინაპატიმრობაში გაატარა, თუმცა ეს სულაც არ გახლდათ ხელისშემშლელი ფაქტორი იმისათვის, რომ თბილისში ჩამოსულ კრიმინალურ ავტორიტეტს მინისტრები აეროპორტში დახვედროდნენ. მასთან განსაკუთრებით შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე მეგობრობდა, თუმცა არც მის მემკვიდრეს დაუტოვებია ცნობილი ქართველი ქურდი პატივისცემის გარეშე.
სხვათა შორის, ტარიელ ონიანი შევარდნაძის ხელისუფლებასთან ძალიან კარგ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. ნაცნობობა ჰქონდა პრეზიდენტის ვაჟიშვილთან, თუმცა ამ ურთიერთობას ძალიან ახლოს და ძალიან თბილს ვერავინ უწოდებდა. ისიც ცნობილია, რომ ონიანი ასლან აბაშიძესთანაც კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. რამდენიმე ხნის წინათ ესპანეთში ჩასულ აჭარის ლიდერს ონიანმა მეფური მიღება მოუწყო ბარსელონას მახლობლად ერთ-ერთ კუნძულზე.
ეროვნულ ხელისუფლებაზე შეყვარებული კრიმინალური ავტორიტეტი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებასაც შეეცადა. როგორც ჩანს, მისი მობილური ტელეფონის ნომერიც ბონდო შალიკიანმა დაადგინა, რომელიც სააკაშვილის ერთგულ თანამებრძოლს ბოლო ხანებში იმერეთში ძალიან ჩაეხუტა.
ჰოდა, უკვე პრეზიდენტი სააკაშვილისთვის ონიანს დაურეკავს და მხარში დგომა აღუთქვამს. პრეზიდენტი ამ „კეთილშობილურმა“ ჟესტმა იმდენად გააცეცხლა, რომ ესპანეთში მყოფ ტარიელ ონიანს დაემუქრა, თუ საქართველოში ჩამოხვალ, აუცილებლად დაგაპატიმრებ, როგორ ბედავ ჩემთან ტელეფონზე საუბარსო.
როგორც ჩანს, ეს ერთგვარ სიგნალად იქცა სხვა ქურდებისთვის. ისინი დღეს ასე აქტიურად სახელისუფლებო წრეებთან მეგობრობას ვეღარ ბედავენ. თუმცა კრიმინალური სამყარო ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს. ისინი იმ ასევე კრიმინალური მენტალიტეტის პოლიტიკოსებისათვის აპირებენ მხარდაჭერას, რომელთაც ერთი სული აქვთ, ახალი ხელისუფლება როდის დაუშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს და როდის შემოაბრუნებენ ხალხს მის წინააღმდეგ.