1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დეტალებზე for.ge ტელეფონით ესაუბრა ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“, მურმან დუმბაძეს.
რა ხდება ბათუმის ქუჩებში?
- მთელი ბათუმი ზეიმობს - ქუჩაში უამრავი ადამიანია გამოსული, საყვირებით, სიგნალებით, ქალაქი „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, ანუ ძალადობასა და ბოროტებაზე გამარჯვებას აღნიშნავს. პრაქტიკულად, მთელმა საქართველომ, ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ის უარს ამბობს მოძალადე ხელისუფლებაზე და მზად არის თავისუფლებისთვის. ძალიან გახარებული ვარ და გახარებულია მთელი ბათუმი. გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
უბნებზე რა ხდება?
- რეგიონის მასშტაბით რაღაცნაირად პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ხულოშიც, ქედაშიც, ქობულეთშიც, შუახევშიც, ხელვაჩაურშიც და ბათუმშიც თითოეული ხმა და ყველა ყუთი კონტროლდება - ვერავინ გაბედავს თუნდაც ერთი ხმის მოპარვას, ეს კატეგორიულად გამორიცხულია.
შუადღეს, სადღაც პირველ საათამდე ძალიან დიდი ზეწოლა იყო - სააკაშვილს და მის ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ თითოეულ უბანზე ძალიან კვალიფიციური წარმომადგენლები - მეთვალყურეები და კომისიის წევრები გვყავს. რეგიონში 350 უბანია და ჩვენმა წარმომადგენლებმა თითოეულ უბანზე ძალიან ბევრი იბრძოლეს.
აჭარაში საკმაოდ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეგზიტპოლის შედეგები ცესკოს მიერ დადასტურდება.
ამ წუთებში უბნებთან ხალხია მობილიზებული?
- უბნების გარე პერიმეტრს ჩვენი მხარდამჭერები აკონტროლებენ. იქ ძალიან ბევრი ადამიანია. უბნებიდან გამოსული შედეგებით, როგორც ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, ბათუმსა და ქედის რაიონში ჩვენ საკმაოდ დიდი უპირატესობით ვიგებთ.
ამ წუთისთვის შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩვენ მაჟორიტარული წესით მოვიგეთ არა მარტო ბათუმი, მოვიგეთ ქობულეთიც, მოვიგეთ ხელვაჩაურიც და მოვიგეთ ქედაც. შუახევის და ხულოს რაიონებზე ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ამ ორ ოლქში ხმები დასათვლელია.
იყო თუ არა უბნებზე პროვოკაციები?
- ორ-სამ საათამდე პროვოკაციები იყო - ჩვენ ასე ვთქვათ დავაკავეთ ადამიანი, რომელსაც ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა, გადავაწყდით იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდიოდნენ და მათ ნაცვლად გრაფაში ხელმოწერა უკვე გაკეთებული იყო. „დავაკავეთ“ ადამიანი, რომელსაც ჯიბეში ცარიელი ბიულეტენი აღმოაჩნდა, ანუ „სომხური კარუსელის“ დატრიალების მცდელობა აღვკვეთეთ, ისე, როგორც სხვა ტიპის პროვოკაციები და ეს ჩვენმა წარმომადგენლებმა გააკეთეს. პრაქტიკულად, ამანაც განაპირობა იმ შედეგის დადება, რომელზეც მოგახსენეთ. დასაშვებია, რომ რეგიონში სააკაშვილს სადღაც 3-4% ჰქონდეს გაყალბებული.
მე თან მაქვს ეგზიტპოლის რეგიონალური შედეგები - ჩვენ მივიღეთ სადღაც 70% და სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 23-დან 25%-მდე. დანარჩენი ხმები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზეა გადანაწილებული. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიებიდან რეგიონში საარჩევნო ბარიერი, ვერც ერთმა ვერ გადალახა.
რა ხდება „ნაცმოძრაობის“ შტაბებთან?
- მანქანებით უამრავი კოლონები დადის, მე ერთ-ერთ მათგანში გახდლით. „ნაციონალების“ შტაბთან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, გარეთ ორი-სამი ადამიანი შევნიშნე. ოთახები ჩაბნელებული იყო.
პოლიციელები თუ ჩანან?
- 15-20 პოლიციელი შემოხვდა ჩვენს კოლონას, მანქანა გავაჩერე, გადავედი და მივესალმე. პოლიციელები სიამოვნებით მომესალმნენ. სადღაც ხუთი საათის შემდეგ პოლიციელების საკმაოდ დიდი რაოდენობა უბნებზე შეიყვანეს, პერიმეტრს აკონტროლებდნენ. შემდეგ მათი რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდა და ახლა რამდენიმე პოლიციელია თითოეულ უბანთან, მათ დაველაპარაკე. თქვეს რომ მათ იქ დგომას არავითარი პოლიტიკური მიზანი არ აქვს, ხმების დათვლის დასრულებას ელოდებიან და უბნებთან უსაფრთხოების მიზნით დგანან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით უბნებზე სრული სიწყნარეა.
ამ წუთისთვის თქვენს ხელთ არსებულ შედეგებზე უფრო კონკრეტულად გვითხარით.
- ქობულეთიდან საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში გახდება. ის საკმაოდ დიდი უპირატესობით უგებს მის ოპონენტს - მან ოპონენტზე ორჯერ მეტი ხმა აიღო. ასეთივე შედეგი ფიქსირდება ხელვაჩაურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ. ქედაში ცუდი შედეგი არ არის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებს იგებს.
ბათუმის შედეგებს რაც შეეხება?
- ეგზიტპოლის მონაცემებით სადღაც 80%-მდე ჩვენი ხმებია და 20%-მდე გიორგი ბარამიძე იღებს.
ახლა გიორგი ბარამიძე მანდ არის?
- გიორგი ბარამიძე კი არა მგონი მიხეილ სააკაშვილიც აქ არის. ყოველ შემთხვევაში, სადღაც ათი საათისთვის აქ იყო. წუხელ, გვიან საღამოს, მაგალითად, ის ჩემს სოფელში, ახალშენში იყო - მან საარჩევნო აგიტაცია დაამთავრა წუხელ, გვიან საღამოს, ცხრა იყო თუ ათი საათი, ჩემს სოფელში იყო.
დღის განმავლობაში კი უბნებზე დადიოდა გია ბარამიძესთან ერთად. ეს ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ როგორც ხედავთ, ვერც ამან უშველა და ვერც ზეწოლის ფორმების გამოყენებამ - „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობა“ ბეჭებზე დადო.