კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში, მინიმუმ, 100 ადგილს ელოდება. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოალიციის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ თვით „ნაციონალურმა არხებმაც“ ვერ შეძლეს მისი დამალვა.
„საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა მოახერხა. ეს ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქართველმა ხალხმა მოახერხა ოპოზიცია და პოზიცია ისე მოქცეულიყო, როგორც საქართველოს შეეფერება. ხელისუფლების სახით ნახეთ პოზიცია, ოპოზიციაც ნახეთ. ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, უნდა დავივიწყოთ ყველანაირი განაწყენება, გავერთიანდეთ და ერთიანი საქართველო ავაშენოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
ეგზიტპოლების შედეგებით გახარებული ქართველი ხალხის ჟრიამულმა მთელი ღამის განმავლობაში გასტანა. თუმცა საინტერესოა, ამ გაცხადებული მონაცემებისა და პრეზიდენტის გარეგნული „სტოიციზმის“ მიღმა რა ამოიკითხეს ექსპერტებმა. მართალია, ძველ საბერძნეთში წარმოშობილი ამ ფილოსოფიური მოძღვრების - სტოიციზმის უდიდესი მოღვაწე ზენონი ქადაგებდა, რომ ადამიანმა ყოველგვარი გასაჭირი და განსაცდელი დიდი ამტანობით უნდა გადაიტანოს, მაგრამ ექსპერტები თანხმდებიან, რომ ყველაზე საინტერესო ხვალინდელი დღე იქნება.
ეგზიტპოლების შედეგების შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებამ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა. აქამდე ისინი აბსურდულ ციფრებს აქვეყნებდნენ, ახლა კი მათთან ერთად ყველანი დაითვლიან ხმებს და რეალურ სურათს დაინახავენ. ექსპერტის აზრით, რეალური სურათი სწორედ ისაა, რამაც, ფაქტობრივად, მმართველი პარტია ნორმალურ უმცირესობაში გადაიყვანა და ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალა.
„ჩვენი ვარაუდები დაახლოებით გამართლდა. ვფიქრობ, ალოგიკურია ის, რასაც აცხადებს ხელისუფლება. ასეთ სისულელეს არავინ დაიჯერებს, თითქოს, დიდი უპირატესობით იგებდეს ერთი პარტია და, ამავდროულად, თურმე მეორე პარტიის მაჟორიტარები იგებდნენ. ასეთი რამ არ ხდება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით ვიქნებით, ანუ იმ უმრავლესობით, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მოგვცემს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ახლა ხელისუფლება შეეცდება, ჩვენი ყურადღება მოადუნოს და დათვლის პროცესში წარმატება შეარბილოს, მაგრამ, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი მას ამის საშუალებას არ მისცემს.
„ჩვენ ყურადღებით ვიქნებით და ყველა ხმას დავიცავთ, რაც „ჩვენია ჩვენიას“ პრინციპით“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტ რამაზ საყვარელიძისთვის ეს შედეგები მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც სტადიონი და თავისუფლების მოედანი შეუდარა ერთმანეთს, როცა ერთ მათგანზე ნაციონალებმა მიიწვიეს ხალხი და მეორეზე - „ქართულმა ოცნებამ“.
„ნაციონალების მხარდასაჭერად მიყვანილი ადამიანების პროპორცია, ძლივს მიყვანილი და მერე გაპარული 65 ათასამდე ადამიანი, ნახევრად ცარიელი დარბაზი და ის სურათი, რაც მინიმუმ, „ქართული ოცნების“ აქციაზე 300 ათას ადამიანს გულისხმობდა, გადაჭედილი თბილისი, მე მგონი, ყველაზე დამაჯერებელი სოციოლოგია და ამ შედეგის ყველაზე ზუსტი წინასწარმეტყველება გახლდათ. მე თუ მკითხავთ, უფრო დიდი სხვაობაც უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამას ჯერჯერობით თვალს ვადევნებდით“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ამასთან, ექსპერტს ეეჭვება, რომ ხელისუფლებამ ციფრები შეცვალოს. უფრო მეტიც, მისი აზრით, ძალიან მოზომილი, თავშეკავებული და საკმაოდ ევროპული სტილის სიტყვა თქვა სააკაშვილმა, როცა მან პროპორციულ სიებში მეტოქის გამარჯვება აღიარა და იმედი დაიტოვა, რომ მაჟორიტარებშიც გაიმარჯვებდა. თუმცა, მისი მხრიდან აღიარების პირველი ნაწილი უკვე მისასალმებელია. საყვარელიძის აზრით, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა მარცხის ცივილიზებულად აღიარებისთვის მზად არის. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის მზად არის მისი ლიდერი. ამდენად, რამაზ საყვარელიძე მის ამ სტილს მიესალმება.
„ამიტომ არა მგონია, ამას ახლა დამატებითი ყიჟინა და მანიპულაციები დაემატოს. ამ ეგზიტპოლებს შორის ყველაზე სანდო ჩემთვის რომელი იყო, ვერ გეტყვით, რადგან იმ შთაბეჭდილებით, რაც თავისუფლების მოედნისა და სტადიონის შედარებიდან დამრჩა, დაახლოებით ისეთ პროპორციას ველოდი, როგორიც არის შეფარდება 65 ათასსა და 300 ათას შორის. დაახლოებით ხუთჯერ მეტობას ველოდები. ამდენად, ეს მოლოდინი ზუსტი არაა და, სადაც უფრო დიდი სხვაობაა, ის ეგზიტპოლი უფრო დამაჯერებელია“, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები არ არის დილის რვა საათიდან საღმოს რვა საათამდე ჩატარებული ქმედება. მთავარია, ამ ქმედებების შედეგი როგორ იქნება რეალობაში ასახული.
ამდენად, მისი აზრით, დღევანდელი ღამე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განვლილი მთელი დღე, რადგან „ნაციონალურ-სადისტური“ მოძრაობა არ დატოვებს არცერთ შესაძლებლობას, რომ უკანონობა არ ჩაიდინოს და წაგებული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებაზე არ იზრუნოს.
„განცხადება, რაც დღეს საღამოს გააკეთა პრეზიდენტმა, რომელიც წარმოადგენდა სიმშვიდისა და პოზიტიურობის მშვენიერ მაგალითს, რაც ყველასა და ყველაფერს ჰგავდა, გარდა ჩვენი პრეზიდენტისა, იყო შესანიშნავი ნიღაბი იმისა, რისი განხორციელებაც დაგეგმილია ღამით. ახსნას ვერ ვუძებნი, იქნება ეს გორი, ქუთაისი თუ სხვა ადგილები, რა ესაქმება პოლიციას საარჩევნო უბნებზე?! ეს დაპირისპირება, ალბათ, საკმაოდ მწვავე იქნება, მით უმეტეს, როცა მოსახლეობამ დაკარგა ცესკოს თავმჯდომარის ნდობა, რომელიც, როგორც კი გახდა საჭირო ხელისუფლებისთვის, იმ წუთას თავისი ტყუპისცალივით დაემსგავსა თავის წინამორბედს, ავადსახსენებელ კაცს“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
მანვე არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მხოლოდ და მხოლოდ 60-ოდე პროცენტია, მაშინ, როდესაც ყველა გამოკითხვის დროს საქართველოში თითქმის 80 %-იანი მზაობა იყო და გამოკითხულთა 77-დან 80 %-მდე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.
რატომ არ შედგა ეს მზაობა, მაშინ, როცა აქტიობა ძალიან მაღალი იყო?! - ეს შეკითხვა უჩნდება ექსპერტს და თავადვე პასუხობს, იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდია ჩვენი ხელისუფლების სიყალბე, რომელიც არარეალური მოლოდინებით ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ უზარმაზარ ციფრს ასახელებს.
„როდესაც, ვითომდა, 3 მილიონ 600 ათასია ამომრჩეველი, ამის 80 %-ზე არც არავის უსაუბრია გამოკვლევებში. საუბარი იყო მხოლოდ გამოკითხულთა პროცენტებზე, ანუ რეალურ მოსახლეობაზე. ამიტომ, აქ ხელისუფლების ბოროტ ფანტაზიასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.