კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „კოალიცია მესხეთ-ჯავახეთში რამდენიმე კანდიდატს აგებს, სხვა რეგიონებში კი პირწმინდად იგებს“.
„ცსკ-მაც დადებული შედეგი უნდა დაამტკიცოს. თქვენ ვერ აცხადებდით, მაგრამ მე ვიცი ეგზიტპოლების წინასწარი მონაცემები. არა მარტო სიით, არამედ მაჟორიტარებშიც დიდი უპირატესობით ვიგებთ. მესხეთ-ჯავახეთში რამდენიმე კანდიდატს ვაგებთ. სხვა რეგიონებში ყველგან პირწმინდად ვიგებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროპორციულ არჩევნებში წაგება აღიარა, მოგების იმედი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერ ჩიორა თაქთაქიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დავით დარჩიაშვილს, აკაკი მინაშვილს და სხვებს. წაგება ჯერჯერობით „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კარბელაშვილმა აღიარა.
რისი იმედი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ძნელი სათქმელია, თუმცა, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებიდან უამრავი დარღვევის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ხაშურში მე-10 საარჩევნო უბანზე სპეცრაზმი შეიჭრა, რასაც სროლა მოყვა. სპეცრაზმმა გაზი გაუშვა და ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაზარალდა. უბანზე შეჭრილმა სპეცრაზმმა ყველა გასასვლელი კარი ჩაკეტა და ხალხს გარეთ არ უშვებდა, ყველაფერ იმით დასრულდა, რომ უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს.
სოციალური ქსელებით ასევე გავრცელდა ინფორმაცია კახეთის გზატკეცილის №21-ში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის შენობასთან, სადაც 47-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, ზონდერჯგუფებია მობილიზებული.
სოციალური ქსელებით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქმის ყველა უბანზე ზონდერები ელოდებიან ყუთების გატანას, რომ გაიტაცონ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 167-ე სკოლაში განთავსებულ უბანთან პოლიციელების მობილიზების შესახებ.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ დარღვევებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ მიერ გამოვლენილ დარღვევებს, მათი უმეტესობა ძირითადად, რეგიონებშია დაფიქსირებული, განსაკუთრებით რთული რეგიონები იყო საგარეჯო და სამცხე-ჯავახეთი, სადაც ამ ეტაპისთვის სხვა რეგიონებთან შედარებით მეტი დარღვევები შეინიშნებოდა.
„საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, აჭარაში იყო შემთხვევა, როდესაც მარკირების გარეშე ხმა მისცა დაახლოებით 70-მა ადამიანმა. რამდენიმე რეგიონში, მათ შორის თბილისის ზოგიერთ საარჩევნო უბანზეც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს საკუთარ გრაფაში ხელმოწერა ხვდებოდა. რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა უბნის ტერიტორიიდან ცარიელი ბიულეტების გატანა, ანუ ე.წ. სომხური მარაო. დუშეთიდან აძევებდნენ „საერთასორისო გამჭვირვალობის“ დამკვირვებლებს. ხაშურის 36-ე უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებლებმა არჩევნების დასრულებისას შემოიტანა დიდი ოდენობით ბიულეტენები და საარჩევნო ყუთში ჩაყარა. ეს არის არასრული სია იმ დარღვევებისა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს.
„ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ინფორმაციით კი ხაშურის მეათე უბნიდან ნიღბიანებმა საარჩევნო ყუთი გაიტაცეს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, ამჟამად, ხაშურში კონკრეტულად, მეხუთე, მეათე და მეცამეტე საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმია მობილიზებული. თოფაძის თქმით, სპეცრაზმის წარმომადგენლები უხეშად ერევიან კომისიის წევრების საქმიანობაში, თუმცა აღნიშნავს, რომ ხაშურში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ცდილობს ყველანაირი დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა თავიდან აიცილოს.
ტყიბულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელისო ჩაფიძის განცხადებით, თითქმის ყველა უბნიდან მოსული ინფორმაციით მისი უპირატესობა იკვეთება. 25-დან მხოლოდ ორი უბანი აქვს წაგებული.
ელისო ჩაფიძის ინფორმაციით უბნების გახსნიდან დაწყებული უამრავი სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა და ფაქტობრივად, ეს არის გამარჯვება კუბლაშვილების ტერორის პირობებში. მისივე თქმით, პოლიციისა სიმრავლე ტყიბულშიც შეიმჩნევა, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ პოლიცია მხოლოდ წესრიგს იცავს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გუბაზ სანიკიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ქუთაისელებს უბნების დაცვისკენ მოუწოდებს. „მთელ ქუთაისს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდამჭერისთვის და ვთხოვ ყველას, გამოვიდნენ და დადგნენ საარჩევნო უბნებთან საკუთარი ხმის დასაცავად, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მარცხის გამო მზად არის გაიტაცოს საარჩევნო ყუთები და ისინი სხვა ყუთებით ჩაანაცვლოს“,-აცხადებს სანიკიძე.
გაბედავს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ყუთების მასობრივ გატაცებებს ძნელი სათქმელია, კოალიცია „ქართული ოცნება“ იმედს იტოვებს, რომ მმართველი პარტია წაგებას ღირსეულად მიიღებს და დამატებით ექსცესებს ადგილი არ ექნება.