თბილისის ქუჩებში მანქანები გამაყრუებელი სიგნალებით დაჰქრიან, ერთმანეთს და ქუჩებში მოსიარულეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას ულოცავენ.
რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ, რომ გავემართეთ, ცხრის თხუთმეტი წუთი იყო. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობის ქვეშ, მთაწმინდაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩილ გეგენავას ოფისთან „ჯიპების“ გამოფენა დაგვხვდა - 30-მდე მანქანა დავითვალეთ. ოფისის წინ დაახლოებით 40 ახალგაზრდა კაცი იდგა, უკმაყოფილო გამომეტყველებით. გამვლელ-გამოვლელები მათ არაფერს ეუბნებოდნენ.
მეტრო თავისუფლებასთან მოედნისკენ მანქანები უკვე ვეღარ გადიოდნენ, ხალხის სიმრავლის გამო, მაგრამ მოედნიდან გამოსული მანქანები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებოდნენ, დროშებით, სიგნალებით და ემოციური შეძახილებით.
20.54-ე წუთზე თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ხალხმა დაიწყო სკანდირება - მო-ვი-გეთ, მო-ვი-გეთ! სწორედ ამ დროს ჩაირთო პუშკინის სკვერში, ავტობუსების გაჩერებასთან დამონტაჟებული დიდი ეკრანი. შემდეგ სა-ქართ-ვე-ლო, სა-ქართ-ვე-ლოს სკანდირებდნენ.
სასტუმრო „ქორთიად მერიოტთან“ ვნახეთ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე და ამავე ორგანიზაციისა და „ობიექტივის“ წევრები.
ხალხში ასეთი ფრაზები და შეძახილები ისმოდა - „ნულოვანი ტოლერანტობა მეცოცხეებს“, „ეგენი აქედან გასამართლების გარეშე არ უნდა გავიდნენ“... მოზეიმე ადამიანებს შორის ლეგენდარული მოცეკვავე ომარ მხეიძე დავინახეთ.
21.02-ე წუთზე დიდი ეკრანის გვერდით მოწყობილ სცენაზე მიკროფონთან პოეტი დავით მაღრაძე მივიდა, თავისუფლების მოედანზე მოზეიმეებს მიესალმა და შემდეგ მამა ელზბარ დიაკონიძე წარადგინა, რომელმაც იქ შეკრებილებს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე იობის (აქიაშვილის) მიმართვა წაუკითხა.
21.06-ე წუთზე თავისუფლების მოედანზე მდგარი ძეგლის გარშემო „ქართული ოცნების“ დროშებს აფრიალებდნენ. მოედანზე ხალხს ცოცხალი დერეფანი ჰქონდა გაკეთებული და მანქანებს ასე ატარებდნენ.
ამ დროს სცენაზე ჩანდნენ: მსახიობი ნანა შონია, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, სოციალ-დემოკრატი გია ჟორჟოლიანი, მსახიობი დიმა ჯაიანი.
მოზეიმეეებს შორის შევხვდით კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად საფრანგეთში მყოფ პოლიტდევნილ სულხან მოლაშვილის მეუღლეს თათია მოლაშვილს.
მამა ელიზბარის შემდეგ სიტყვით მსახიობი ნანა შონია გამოვიდა, შემდეგ დიმა ჯაიანი, ისე, როგორც სჩვევია ხოლმე - ემოციურად. დიმა ჯაიანის შემდეგ რეჟისორმა ზურაბ ანჯაფარიძემ მიულოცა გამარჯვება იქ მყოფ ადამიანებს.
21.15 წუთზე ლესელიძის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ამოვიდა. ზურაბ ანჯაფარიძის შემდეგ ტრიბუნაზე მიკროფონთან მივიდა მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, რომელიც კენჭს „ქართული ოცნებიდან“ მთწამინდის საარჩევნო ოლქში იყრიდა.
პაპუაშვილის შემდეგ სიტყვით უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე გამოვიდა. მოიზეიმე ადამიანები მის გამოსვლას ტაშით და ოვაციებით შეეგებნენ. უცნობს მხატვარი ნიკუშა შენგელაია ჩაენაცვლა. შემდეგ კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი გამოვიდა და ხალხს ასე მიესალმა - „საქართველოში კვლავ გაზაფხული დადგა“ და იმღერა „გაზაფხული შემოსულა ლენ“.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შორის მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური დავინახეთ. იქ ადამიანები ჩვილი ბავშვებით იყვნენ მოსულები. უამრავი უცხოელი ჟურნალისტი იდგა და აშუქებდა იმას, თუ როგორ ზეიმობდა ხალხი „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და „ნაცმოძრაობის“ დამარცხებას.
ფოტოაპარატებით ხელში „ჯაშუში“ ფოტოგრაფებიც დავინახე - გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე. თავისუფლების მოედანზე ახალგაზრდები მოდიოდნენ „ქართული ოცნების“ დროშებით და შეძახილებით - გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ.
21.30 წუთზე ერთდროულად რამდენიმე ასეული დროშა ფრიალებდა და რთული იყო იმის დანახვა, ვინ გამოდიოდა სიტყვით. პარალელურად, თითქმის გაბმულად ისმოდა გამაყრუებელი სიგნალები. ერთი ახალგაზრდა კაცი მობილური ტელეფონით ვიღაცას ატყობინებდა, მიშამ დამარცხება აღიარაო.
პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა ლექსი წაიკითხა - „იმაზე ცოტა მეტნი ვართ შენ, რომ გგონია მტერო“. ამ ლექსს ხანგრძლივი ტაში დაუკრეს.
21.34-ე წუთზე სცენაზე ორი სასულიერო პირი ავიდა, ერთ-ერთი მათგანი სამების საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი მოძღვარი მამა ნოდარ ქათამაძე იყო. მათთან ერთად წავიკითხეთ მამაო ჩვენო.
სასულიერო პირების შემდეგ სცენაზე მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ავიდა და გოგი დოლიძის ახლახანს აღმოჩენილი სიმღერა შეასრულა - „საქართველო მაინც უნდა გადარჩეს, ქართველებო ქუდზე კაცი გამოდით!“
21.44 წუთზე სცენაზე ბერა ივანიშვილი ავიდა და დაიწყო სიმღერა. ათი წუთის შემდეგ თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირს გამოვუყევით. ყველა ერთმანეთს ულოცავდა და ლოცავდა. საპატრულო პოლიცია ჩვეულებრივად მოძრაობდა, ოღონდ, თითო ეკიპაჟში ორ-ორის ნაცვლად ოთხ-ოთხნი ისხდნენ.
ჩანთაში წითელი ფერის სასტვენი მედო - გასულ წლის ივლისში, ფოტოგრაფების მხარდამჭერ აქციაზე გლდანის ციხესთან ირმა ინაშვილმა მაჩუქა და დღემდე დამქონდა, ყოველი შემთხვევისთვის. სასტვენი ჩანთიდან ამოვიღე, რუსთაველის თეატრთან მდგარ პოლიციის მანქანასთან მივედი და დავუსტვინე. პოლიციელებმა ღიმილ-ღიმილით აწიეს ფანჯრები. მეორე ეკიპაჟმაც იგივე გააკეთა. მესამე ეკიპაჟს მინები არ აუწევია, გამარჯვებას გილოცავთ-მეთქი ვუთხარი და ჩემდა გასაოცრად გმადლობთო, - მომიგეს და გამიღიმეს. უკანა სავარძელზე ორნი ისხდნენ, ოღონდ მათ პოლიციის ფორმები არ ეცვათ, სახეზე კი მიწის ფერი ედოთ.
არჩილ გეგენავას ოფისთან ისევ „ჯიპების“ გამოფენა იყო, ხალხიც იმავე რაოდენობით იდგა. მათაც სასტვენით ჩავუარე. ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ ნირწამხდარი სახეებით იყურებოდნენ. ამ დროს გზის სავალ ნაწილზე გამაყრუებელი სიგნალების ხმა ისმოდა.
ახლა პირველის ნახევარი ხდება. რედაქციის ფანჯრები ღია გვაქვს და გარედან ისევ სიგნალების ხმა შემოდის.