უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება, ერთ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი. პრაქტიკულად ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, რომელსაც სხვადასხვა სოციოლოგიური და კვლევითი ცენტრი ატარებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მსახიობი და კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს.
მაგალითად, სოციოლოგიური კვლევების ცენტრ „სოფიას" მონაცემებით, ზელენსკის გამოკითხულთა 18.3% უჭერს მხარს. მას მოჰყვებიან პარტია „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო -15.4% და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - 12.1%.
სხვა გამოკითხვებშიც პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ეს სამეული ლიდერობს. მთავარი განსხვავებაა ისაა, რომ ზოგიერთში პოროშენკო უსწრებს ტიმოშენკოს, ზელენსკი კი ყველა გამოკითხვაში პირველია. პრეზიდენტობის დანარჩენი 41 კანდიდატი კი მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ვინ არის ვლადიმირ ზელინსკი, რომელიც შესაძლოა უკრაინის შემდეგი პრეზიდენტი გახდეს? უკრაინული მედიის ცნობით, მის უკან უკრაინელი ოლიგარქი, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული ტელეარხის, „1+1"-ის მფლობელი იგორ კოლომოისკი დგას.
აღსანიშნავია, რომ თავად ზელენსკი ცნობილი მსახიობი და კომიკოსია და აღნიშნულ არხზე მისი მონაწილეობით არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სერიალი „სლუგა ნაროდა" და შოუ „კვარტალ 95".
საგულისხმოა, რომ ზელენსკის, წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას, ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება, რომელიც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს და მის პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს შეეხებოდა.
თავად ზელენსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის არ შეეგუება უკრაინის პრორუსული კურსით წაყვანას, რადგან თავის თავს მიიჩნევს პროევროპელ კანდიდატად.
ამავე დროს, მისივე შეფასებით, რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე სადავო საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება და მოლაპარაკების წარმატებისთვის საჭიროა შუამავლობაც, რაც, ზელენსკის თქმით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უნდა ითავონ:
„უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ შორის მოლაპარაკებების გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ ადამიანებითა და ტერიტორიებით ჩვენ არ ვვაჭრობთ", - აცხადებს ზელენსკი.
რაც შეეხება ზელენსკისა და მისი გუნდის წარმომადგენლების დასავლეთზე ორიენტირებულ განცხადებებს აღსანიშნავია, რომ ზელენსკის იურისტისა და მისი წარმომადგენლის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, „ზელენსკი აბსოლუტურად პროევროპული კანდიდატია. ევროპის გარეშე შეუძლებელია დონბასის დაბრუნება და აღდგენა" - აცხადებს ვენედიქტოვა და აქვე ამატებს, რომ „სანამ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეუიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, უკრაინას არ შეუძლია ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა".
41 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი დაიბადა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი როგში. ბავშვობა მონღოლეთში აქვს გატარებული. კრივოი როგში დაბრუნების შემდეგ ჩააბარა კიევის ეკონომიკური უნივერსიტეტის ადგილობრივ ფილიალში - განათლებით იურისტია.
თუმცა, ახალგაზრდობიდანვე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა იუმორისტულ პროექტებში, მათ შორის უკრაინულ „კა-ვე-ენ"-ში. 2003 წელს დააარსა იუმორისტული სტუდია „კვარტალ-95", რომელის უცვლელი ლიდერია დღემდე.