ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 2008 წელს რუსეთის თხოვნით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მზად იყო, თუმცა ეს მხოლოდ იმის გამო არ გააკეთა, რომ ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ბელარუსს სანქციებს დაუწესებდა და ოფიციალურმა მოსკოვმა კი ბელარუსს ამ საქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გარანტია არ მისცა.
ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა 1-ლ მარტს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ამ თემაზე დაძაბული საუბარი გაიხსენა.
„საღამოს მზად ვიყავი, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განკარგულებაზე ხელი მომეწერა. ყოველ შემთხვევაში, ასე ვუთხარი რუსებს. კარგით, მაგრამ რა იქნება ხვალ?
„ხავიერ სოლანა, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, საღამოს ჩამოვიდა ჩემთან, დიქტატორთან. საუბარი ხანგრძლივი და საინტერესო იყო. მან მითხრა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, გაგთიშავთ საბანკო სისტემიდან, მოხვდებით სრულ იზოლაციაში და ა.შ." - აი ასე, პატიოსნად და გულწრფელად განმიმარტა," - გაიხსენა ლუკაშენკომ.
მისივე ცნობით, სოლანთან აღნიშნული საუბრის შემდეგ იგი მედვედევს შეხვდა. ლუკაშენკო იხსენებს, რომ მან მედვედევს სოლანასთან საუბრის შენაარსი მოუყვა, მაგრამ მედვედევმა განუცხადა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის და მაშინდელ რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინთან გადაამისამართა:
„იცით რა მიპასუხა? - „ალექსანდ გიგორიევიჩ, ხომ გესმით, მე პრეზიდენტი ვარ, აქ კი ეკონომიკასთან დაკავშირებული ბევრი საკითხია. ეს არ შედის ჩემს კომპეტენციაში. ეს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩთან ერთადაა გადასაწყვეტი".
„მე გავბრაზდი და ვუთხარი - „მისმინეთ, მე პრეზიდენტი ვარ და თქვენც პრეზიდენტი ხართ. თქვენ მე კითხვა დამისვით და მე გპასუხობთ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა და პრემიერ-მინისტრთან მაგზავნის - რომ ეს იმან უნდა გადაწყვიტოს - საერთოდ, რაზე უნდა გელაპარაკოთ? თქვენ კიდევ აქეთ მსაყვედურობთ, რომ მე სადღაც ვიღაც არ ვაღიარე..." - გაიხსენა ლუკაშენკომ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებასა და ამ საკითხში რუსეთის ზეწოლაზე ბელარუსის პრეზიდენტს ადრეც გაუკეთებია. მაგალითად, 2009 წლის ივნისში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა ბელარუსს 500 მლნ. დოლარის ოდენობის კრედიტი შესთავაზა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლოვბის აღიარების სანაცვლოდ, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა:
„იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ჩამოვიდნენ და მითხრეს: იქნება ოსეთი და აფხაზეთი (მათი დამოუკიდებლობის აღიარება) - იქნება 500 მლნ დოლარი. ჩვენ არანაირი საკითხისა და პოზიციის გაყიდვა არ გვინდა. ჩვენს ისტორიაში ასეთის შემთხვევა არ იყო და არ იქნება," - აცხადებდა 2009 წელს ლუკაშენკო.